სიახლეები
საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი, "მოამბე 20 საათზე" საქართველოს "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" პროექტ "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის" მუშაობის ერთი წელი შეაჯამა.
01.02.2014
ლანჩხუთში გაზეთ "ჰო და არა-ს" ჟურნალისტთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მათი კოლეგების სოლიდარობის წერილი მიიღო.
30.01.2014
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად იწყებს ახალ პროექტს ქართულ მედიაში ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების მხარდასაჭერად. პროექტი გაგრძელდება 5 თვის განმავლობაში და ის მოიცავს, როგორც მედიის მონიტორინგს, ისე სხვადასხვა აქტივობას.
28.01.2014
26 იანვარს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, რომელზედაც განხილული იქნა განმცხადებელ ირაკლი კორძაიას ორი განცხადება "გურია ნიუსის" ჟურნალისტების წინააღმდეგ.
27.01.2014

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" ყურადღებით აკვირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე რეფორმირების პროცესს.

08.01.2014
ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა განმცხადებელთა ჯგუფმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია "იმედის" საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროგრამათა ხელმძღვანელმა, ქარტიის წევრმა, ბაია ცანავამ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი.

განმცხადებლების პოზიციით, პრინციპი დაირღვა სიუჟეტში - "სიმბოლოები, ინტერპრეტაციები, ანტიდასავლური განწყობები, რეალობა და მითი, გლობალიზაცია", რომელიც 2013 წლის 15 დეკემბერს გადაცემა "პანორამაში" გავიდა. საბჭომ განცხადება დასაშვებად ცნო, რის შემდეგაც სამდივნომ ის მოპასუხეს გადაუგზავნა.

ბაია ცანავამ, საპასუხოდ, საბჭოს აცნობა, რომ "პანორამის" მომდევნო, 22 დეკემბრის, გადაცემაში სადავო სიუჟეტთან დაკავშირებით წამყვანმა გააკეთა შემდეგი განმარტება: "ვიდრე დღევანდელ გადაცემას დავიწყებდეთ, წინა კვირას გასულ სიუჟეტს გამოვეხმაურები, რომელსაც საზოგადოებაში დიდი განხილვა და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, პანორამის გუნდს ჰქონდა იდეა, გაეკეთებინა სიუჟეტი ანტიდასავლურ შიშებზე და მითებზე რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს, გვქონდა ამოცანა, რომ გვეჩვენებინა, რომ ეს სტერეოტიპები რეალობას აბსოლუტურად მოკლებულია და არანაირი მყარი საფუძველი არ გააჩნია, სამწუხაროდ შედეგი საწინააღმდეგო გამოვიდა" ზემოაღნიშნული კომენტარი დამაკმაყოფილებლად მიიჩნია განმცხადებელმა.

იმის გამო, რომ მედიაცია შედგა, პროცედურის შესაბამისად, ქარტიის საბჭო განცხადებას ვეღარ განიხილავს.
29.12.2013
21 დეკემბერს გაიმართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა საერთო, რიგით მეხუთე, კრება. კრებაზე გამართული არჩევნების შედეგად ქარტიის საბჭოს ჰყავს სამი ახალი წევრი: ნინო ზურიაშვილი, სტუდია "მონიტორის" ხელმძღვანელი ირინა ყურუა, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ნარიმანიშვილი, გაზეთ "სამხრეთის კარიბჭის" მთავარი რედაქტორი. ქარტიის საბჭო დატოვეს ზვიად ქორიძემ, ია მამალაძე, ია ბობოხიძემ. ცვლილებების შედეგად ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შემადგენლობა ასეთია:
21.12.2013

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა მოქალაქეთა ჯგუფმა. განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ ვებ გვერდებმა primetimenews.ge,  news.ge და ambebi.ge ლაშა ბაქრაძის მიერ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოს

09.12.2013
13 ნოემბერს გაიმართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა. სხდომაზე განიხილებოდა საქმე "ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას ბიურო Tspress-ის ჟურნალისტების ელისო ჯანაშიასა და იზა სალაყაიას წინააღმდეგ".

დეპუტატის ბიურომ განცხადებით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტებმა ელისო ჯანაშიამ და იზა სალაყაიამ დაარღვიეს ქარტიის პრინციპები. განცხადებას ერთვოდა 9 სადავო სტატია:
1. "ფოთის მაჟორიტარის უკანონო მოთხოვნა საკრებულოს"
2. "მაჟორიტარი და მერი საკადრო წმენდაზე ცალ-ცალკე თათბირობენ"
3. "დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის"
4. "მაჟორიტარის კადრი რესურსცენტრის უფროსად ან მერის მოადგილედ განიხილება"
5. "თვალთვალი და მუქარა სამართალდამცავთა მხილების გამო"
6. "ნეპოტიზმი და პოლიტიკური დანიშვნები ფოთის მერიაში"
7. "TSPRESS მაჟორიტარის დაუსაბუთებელ ბრალდებებს პასუხობს"
8. "იცავს თუ არა ეკა ბესელიას ფოთის პროკურორის აგარაკის წინ პოლიცია"
9. "ბესელიას ბიუროსთვის ჩამორთმეული Toyota – Prado მერის "ბავშვობის მეგობარ" მოადგილეს გადაეცა".

საერთო ჯამში. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის პრინციპების დარღვევის 22 ფაქტს. საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქარტიის პრინციპები დაირღვა მხოლოდ სამ სტატიაში, იზა სალაყაიას მიერ ორ სტატიაში დაირღვა ქარტიის სამი პრინციპი, ხოლო ელისო ჯანაშიას მიერ ერთ სტატიაში დაირღვა ერთი პრინციპი.
13.11.2013
English Version საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, პროფესიონალ ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც ხელს უწყობს თავის
25.10.2013

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის

მ ო ს ა ზ რ ე ბ ა

«პალიტრა ტვ-ს» ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რეპორტაჟთან დაკავშირებით

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მოქალაქე ციური ბაკარანძის (კვარაცხელიას) წარმომადგენელმა  შორენა კალანდიამ. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 2013 წლის 5 სექტემბერს «პალიტრა ტვ-ს» ვებ-გვერდზე (www.palitratv.ge) გამოქვეყნებულ მასალაში «დაუმარხავი შვილი, რომელსაც დედა 18 წელია უხრწნელად ინახავს» (რეპორტაჟი «მეგრული» სასაფლაოებიდან) და მის თანდართულ ვიდეომასალაში «სოფელ ბაშში დედა 18 წლის გარდაცვლილი შვილის მუმიას უვლის» დარღვეული იყო ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიული საქმიანობის სტანდარტები. ამ მასალების მოძებნა ახლაც შეიძლება ვებ-გვერდებზე www.ambebi.ge და www.skandal.ge

განმცხადებლის თქმით, ვიდეომასალის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში მცხოვრები ციური ბაკარანძის (კვარაცხელიას) ოჯახს ესტუმრა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მცხოვრები ვეფხვია (ლადო) ჭითანავა, რომელსაც ახლდა ორი ქალბატონი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. ჭითანავამ მასპინძლებს განუმარტა, რომ ერთ-ერთი ქალბატონი მისი მეუღლე იყო, ბავშვი – მათი შვილი, ხოლო მეორე ქალბატონი იყო მეუღლის ნათესავი მაკა ქობალია. სტუმრებს სურდათ, მოენახულებინათ 18 წლის წინ გარდაცვლილი ჯონი ბაკარანძის საფლავი, თუმცა განცხადებიდან ირკვევა, რომ ჯონი ბაკარანძე არ არის დაკრძალული და მას საგანგებოდ უვლიან მშობლები. როდესაც მაკა ქობალიას ხელში ციური ბაკარანძემ რაღაც შენიშნა, მაკა ქობალიამ უთხრა: «ხომ არ გეწყინებათ, ჩემებს ვუჩვენებო».

განმცხადებელს მიაჩნია, რომ საუბარი ახლობლურად, მეგრულ ენაზე მიმდინარეობდა და ციური ბაკარანძეს არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ეს ეპიზოდი მედიაში მოხვდებოდა. «პალიტრა ტვ-ს» ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეომასალის შესახებ ციური ბაკარანძეს აცნობა შვილიშვილმა, გარდაცვლილი ჯონი ბაკარანძის შვილმა. სიტყვა «მუმია» აუდიტორიამ აღიქვა დასაცინად და გამოქვეყნებულ მასალას მოყვა არაკორექტული კომენტარები გარდაცვლილი პიროვნების და მისი მშობლების შესახებ. შორენა კალანდიას განცხადებით, შექმნილმა ვითარებამ სასოწარკვეთაში ჩააგდო მარიკა ბაკარანძე, გარდაცვლილის ქალიშვილი, რომელიც თვითმკვლელობით იმუქრებოდა, ოთახიდან არ გამოდიოდა და უნივერსიტეტში არ მიდიოდა. რედაქციამ უარი განაცხადა მასალის მოხსნაზე ვებ-გვერდიდან და კომენტარების დაბლოკვაზე. განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა მაკა ქობალიამ მოგროვებული მასალები გადასცა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს გადაცემისთვის. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება, როგორც გარდაცვლილის მშობლების, ასევე – მისი ქალიშვილის. განმცხადებელი ამ ვითარებას აფასებს ფსიქოლოგიურ ზეწოლად ოჯახზე.

წარმოდგენილ მასალებს თან დართული აქვს მოქალაქე ვეფხვია ჭითანავას განცხადება, რომლშიც იგი განმარტავს, რომ იგი მიყვა ბაკარანძეების ოჯახში ჟურნალისტს, თუმცა მაკა ქობალიას არ წარუდგენია ბაკარანძეების ოჯახისთვის თავი «პალიტრა ტვ-ს» ჟურნალისტად, არც გადაღებაზე ნებართვა უთხოვნია და არც ის უთქვამს, რომ გადაღებული მასალა რომელიმე ინტერნეტ-საიტზე განთავსდებოდა. გარდა ამისა ვეფხვია ჭითანავა განმარტავს, რომ «პუბლიკაციაში მითითებული გარემოება, თითქოს ჩემგან გაიგო მ. ქობალიამ ჯონი ბაკარანძის ამბავი, არ შეესაბამება სიმართლეს. იგი თბილისიდან იყო ჩამოსული ამ ამბავზე სიუჟეტის მოსამზადებლად და მე ადამიანურად დახმარება შევთავაზე».

მაკა ქობალია არ არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერი. შესაბამისად, ქარტიის საბჭო წარმოდგენილ განცხადებაზე გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს. განმცხადებელს მართებულად ესმის ქარტიის საქმის წარმოების წესი და ითხოვს მოსაზრების გამოქვეყნებას. ქარტიის საბჭოს სათანადო წევრებმა მიიჩნიეს, რომ ამ საკითხზე ქარტიის საბჭომ უნდა მოამზადოს მოსაზრება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნო დაუკავშირდა ჟურნალისტ მაკა ქობალიას და შესთავაზა, რომ მას ქარტიის საბჭოსთან ეთანამშრომლა. სამდივნოს განმეორებითი თხოვნის მიუხედავად ჟურნალისტს პასუხი არ გაუცია, რაც თვისობრივად გულისხმობს იმას, რომ ჟურნალისტმა თანამშრომლობას თავი აარიდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო უფლებამოსილია გამოაქვეყნოს საკუთარი მოსაზრება:

  1. ეთიკური ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდებით. ფარული გადაღება და იდენტობის შეცვლა ინფორმაციის მოსაპოვებლად მხოლოდ მაშინ შეიძლება განვიხილოთ «კეთილსინდისიერ და სამართლიან მეთოდად», როდესაც ინფორმაციის მოპოვების ყველა სხვა გზა ამოწურულია და საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამართლებს ინფორმაციის მოპოვების არაკეთილსინდისიერ გზას – ფარულ გადაღებას. «პალიტრა ტვ-ს» ზემოთ განხილული რეპორტაჟის მომზადებისას არანაირად შეინიშნება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იმ მოვლენის მიმართ, რასაც აშუქებს ჟურნალისტი. გარდაცვლილი ჯონი ბაკარანძის ცხედრის შენახვის ისტორია არ არის ის მოვლენა, რომელმაც არსებითად შეიძლება შეცვალოს საზოგადოებრივი თვითმმართველობის გარემო, წარმოადგენს მხოლოდ პირადი ცხოვრების სფეროს. ამიტომ ჟურნალისტის წინაშე არ იდგა ფარული გადაღების მეთოდის გამოყენების გადაუდებელი აუცილებლობა.
  2. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განმარტებისას მიღწეულია შეთანხმება, რომ ფარული ჩანაწერი უნდა გამოქვეყნდეს არა ანონიმურად და ჩაწერილი ადამიანის კომენტარებითურთ, ანუ ფარული ჩაწერის შემთხვევაშიც კი ჩანაწერის გამოქვეყნებამდე ჩაწერილ რესპონდენტს უნდა მიეცეს კომენტარის გაკეთების საშუალება. ჟურნალისტმა მაკა ქობალიამ მიიჩნია, რომ უნდა ეწარმოებინა ფარული გადაღება, თუმცა მას შემდგომ ციური ბაკარანძისთვის არ უთქვამს, რომ მასალა ფარულად ჩაწერა და არ სთხოვა კომენტარი. გარდაცვლილი ჯონი ბაკარანძის ოჯახის წევრები (მშობლები და შვილი) მასალის გამოქვეყნების შემდგომ არ უნდა იგებდნენ, რომ მასალა ფარულად არის ჩაწერილი.
  3. საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო სტატიაში ჟურნალისტმა პატივი არ სცა და სიფრთხილით არ მოეკიდა სხვა პირების პირად ცხოვრებას, მით უმეტეს როდესაც არ არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ამ ეთიკური პრინციპის დარღვევამ გამოიწვია ისეთი კომენტარების გამოქვეყნება, რომელიც, ერთი მხრივ, შეურაცხყოფს მიცვალებულის პატივს, მეორე მხრივ კი – ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ ამყოფებს ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით გარდაცვლილი პირის ქალიშვილს. ჟურნალისტს უნდა გაეთვალისწინებინა ყველა ის რისკი, რაც ახლავს მსგავსი მასალების მომზადებასა და გამოქვეყნებას.
  4. „პალიტრა ტვ“  2013 წლის 15 აპრილიდან ფლობს თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიას და შესაბამისად ვალდებულია დაიცვას ნორმატიული აქტით – ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული პრინციპები, მათ შორის კოდექსის 35-ე მუხლი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს პალიტრა ტვ-ს, რომ  სასწრაფოდ უზრუნველყოს, შესაბამისი ვიდეომასალის აღება პალიტრაTV -სა და მასთან დაკავშირებულ ვებ გვერდებიდან.
21.10.2013

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, 27 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ იწყებს ახალი პროექტს – მედიის  წინასაარჩევნო  ქცევის კოდექსი. პროექტი ხორციელდება სლოვაკურ მედია მონიტორინგის ორგანიზაცია MEMO 98 -თან ერთად ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.

“პროექტი წამოვიწყეთ იმისთვის, რომ მომავალი არჩევნების პერიოდში დავეხმაროთ მედიას საკუთარი მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრაში. მიხარია, რომ მხარს გვიჭერენ წამყვანი ტელევიზიები, რომლებმაც გადაწყვიტეს ხელი მოაწერონ ამ კოდექსს”, განაცხადა ზვიად ქორიძემ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიიდან, ”ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვინც ეთანხმება მედიის  წინასაარჩევნო  ქცევის კოდექსს და სურს შემოგვიერთდეს.”

“საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიღებას, რათა საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ საარჩევნო ყუთებთან. ქცევის ეს კოდექსი საერთაშორისო სტანდარტებსა და  გამოცდილებას ეყრდნობა და ამით ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოში პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესების საკითხში” განაცხადა რასტო კუზელმა, რომელიც ორგანიზაცია MEMO 98 -ს  წარმოადგენს.

”ჩვენი მონიტორინგი დაეხმარება მოქალაქეებს, რომ მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი არხები აწვდიან მათ ობიექტურ ინფორმაციას არჩევნების შესახებ”, აღნიშნა ჟურნალისტური ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი მგელაძემ, ”ვიმედოვნებთ, რომ ამ მონიტორინგის შედეგები დაეხმარება ჟურნალისტებს საარჩევნო კამპანიის ობიექტურად გაშუქებაში”.

მედიის მონიტორინგი განხორციელდება 2 სექტემბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით. მონიტორინგის პროცესში გამოყენებული იქნება ანალიზის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდები. ჩვენ ძირითადად ყურადღებას გავამახვილებთ ექვს სატელევიზიო არხზე ( საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, აჭარის ტელევიზია და კავკასია). რაოდენობრივი ანალიზი განსაზღვრავს იმ ინდიკატორებს ან რიცხვით მაჩვენებლებს, რომლებიც გაიზომება და გაანალიზდება, როგორიცაა, მაგალითად, მონიტორინგის სუბიექტებისათვის დათმობილი მთლიანი დრო და ამ სუბიექტების გაშუქების ტონი (დადებითი, უარყოფითი, ნეიტრალური). თვისობრივი ანალიზი კი შეაფასებს მედიის ქმედებას იმ ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით, რომლებიც კოდექსით არის განსაზღვრული. მედია მონიტორინგის MEMO 98-ის მეთოდოლოგია დადასტურებული და აპრობირებულია მსოფლიოს 47 ქვეყანაში. მისი შინაარსზე ორიენტირებული მიდგომა სპეციალურად არის შექმნილი მედიის პლურალიზმისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად, რაც ნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგები არ უნდა შეადგენდეს ცარიელი და ზედაპირული მონაცემების ერთობლიობას, არამედ იგი უნდა წარმოადგენდეს სათანადო კონტექსტში შესწავლილი, მედიაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური მრავალფეროვნების დონის დეტალურ ანალიზსა და შეფასებას.

ქარტია და MEMO 98  წარადგენენ სამ შუალედურ და ერთ საბოლოო ანგარიშს, რომელშიც შეტანილი იქნება რჩევები და რეკომენდაციები.

04.09.2013

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.