25 იანვარი, 2025 წელი
საქმე N- 769
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, თიკო დავაძე, ირაკლი მსხილაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა კახა კუკავამ “სფერო ტვ”-ის ჟურნალისტის თათია არაბიძის წინააღმდეგ.
მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია. ქარტიის სამდივნომ განხილვასთან დაკავშირებული ყველა მასალა გააგზავნა “სფერო ტვ”-ის წარმომადგენლის მიერ დადასტურებულ, მოქმედ ელექტრონულ მისამართზე.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში. სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი კახა კუკავა.
სხდომაში მოპასუხე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
სადავო მასალა 2024 წლის 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა სათაურით: “გაერთიანება ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა - დღეს, იურისტებმა მევახშესთან ალიანსში მყოფი, პოლიტიკოსი კახა კუკავა ამხილეს”.
განმცხადებლის პოზიციით, ადგილი აქვს ჟურნალისტის მხრიდან არაზუსტი, განზრახ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას.
თათია არაბიძის სადავო ფრაზები:
“იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანების იურისტებმა … მევახშესთან ერთად ალიანსში მყოფი პოლიტიკოსი კახა კუკავა ამხილეს.”
“იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა კონკრეტული მტკიცებულებები წარადგინა, რომელიც პირდაპირ ამტკიცებს კახა კუკავას ალიანსს მევახშესთან.”
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
სადავო სიუჟეტი ეხება მევახშეობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებს. მასში საუბარია, რომ “იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანების” იურისტებმა “მევახშის” წარმომადგენელი კახა კუკავა ამხილეს. ამის მტკიცებულებად სიუჟეტში ერთ-ერთი იურისტისა და კახა კუკავას სატელეფონო საუბარია ნაჩვენები.
როგორც განმცხადებელმა საბჭოს განუმარტა, სიუჟეტში დაფარული “მევახშედ” მოხსენიებული პირი სხვა საქმესთან დაკავშირებით მისი კლიენტი, მარწმუნებელია.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მას არანაირი ინტერესი არ გააჩნია სამევახშეო საქმიანობის მიმართ და, მრავალი წელია, იბრძვის მევახშეების მიერ ადამიანების სახლებიდან გამოსახლების წინააღმდეგ. ის არ წარმოადგენს და არ იცავს არცერთი მევახშის უფლებებს.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
სიუჟეტის დასაწყისში ჟურნალისტი ამბობს, რომ იურისტებმა მევახშესთან ალიანსში მყოფი პოლიტიკოსი კახა კუკავა ამხილეს, ხოლო ამის დასადასტურებლად იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა კონკრეტული მტკიცებულებები წარადგინა.
სადავო მასალაში ჟურნალისტი ასევე ამბობს: “იურისტები მევახშეებთან ერთად მათი წარმომადგენლებისა და უფლებადამცველების მხილებას აქტიურად განაგრძობენ, რომელთა რიგებში საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი უფლებადამცველები და პოლიტიკოსები ერთიანდებიან.”
“გაერთიანების მთავარი მესიჯი მკაფიოა, მევახშეებსა და მათ წარმომადგენლებს ეძლევათ ერთთვიანი ვადა იმისთვის, რომ დაზარალებულებს თაღლითური გზით წართმეული უძრავი ქონებები დაუბრუნდეთ.”
სიუჟეტი გრძელდება ბრიფინგის ჩანაწერით, რომელშიც იურისტი ამბობს, რომ მხილებული მევახშეების წარმომადგენელთა რიგებში პოლიტიკოსი კახა კუკავაც აღმოჩნდა.
სიუჟეტის საერთო შინაარსით კახა კუკავა თაღლითობაში და მევახშეობის მხარდაჭერაშია დადანაშაულებული, თუმცა სიუჟეტში ამის დამადასტურებლად არაფერია წარმოდგენილი.
სიუჟეტიდან ისიც არ ირკვევა, თუ ვინ არის დაზარალებული მოცემულ შემთხვევაში ან რომელი მევახშის ინტერესებს იცავს კახა კუკავა და რაში გამოიხატება მისი ალიანსი მევახშეებთან.
სიუჟეტი არ ეყრდნობა არანაირი მტკიცებულებას, რომელიც საქმის დეტალებს ნათელს მოჰფენდა და მაყურებელს ცხად წარმოდგენას შეუქმნიდა საქმესთან კუკავას დანაშაულებრივ კავშირზე.
ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში, ფაქტად წარმოაჩენს იმას, რომ კახა კუკავა “მევახშესთან” ალიანსშია, ისე, რომ სიუჟეტში არ არსებობს არანაირი მითითება ჟურნალისტის მცდელობაზე, გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია და მაყურებლამდე დაზუსტებული ფორმით მიეტანა.
სიუჟეტში არ არის ასახული ჟურნალისტის მცდელობა, დაუკავშირდეს კახა კუკავას. გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერში კუკავა ესაუბრება კონკრეტული ორგანიზაციის იურისტს და ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება სიუჟეტში მისი პოზიციის ასახვად.
მაშინ, როცა მედია თუნდაც ირიბად ახდენს პირის დადანაშაულებას თაღლითობაში, მევახშესთან ალიანსში (რაც საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს), აუცილებელია, “ბრალდებულს” მიეცეს პასუხის გაცემის საშუალება.
განსახილველ შემთხვევაში არ ჩანს, რომ მოპასუხე ჟურნალისტი დაუკავშირდა კახა კუკავას და მისცა საშუალება, მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებზე ეპასუხა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მაყურებლისათვის დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებაზე. ქარტიის პრაქტიკით, იმისათვის, რომ ეს სტანდარტი დაცული იყოს, ჟურნალისტი სულ მცირე ორ ურთიერთდამოუკიდებელ წყაროსთან უნდა ამოწმებდეს ინფორმაციას.
სიუჟეტში ასევე არ ჩანს ჟურნალისტის მხრიდან კუკავასთან დაკავშირების და მისი პოზიციის ასახვის მცდელობა. ეს შემთხვევა ვერ აკმაყოფილებს ბალანსის დაცვის მინიმალურ, ფორმალურ სტანდარტსაც კი.
შესაბამისად, სადავო სიუჟეტში არ ჩანს ჟურნალისტის ძალისხმევა, მაყურებლისთვის დაბალანსებული და გადამოწმებული ინფორმაციის მისაწოდებლად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ თათია არაბიძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
საბჭოს სხდომაზე განმცხადებელმა კახა კუკავამ აღნიშნა, რომ მისგან მოითხოვდნენ, მოეხდინა ზეგავლენა მის ერთ-ერთ კლიენტზე, კერძო მესაკუთრეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ გავიდოდა მისი მაკომპრომატირებელი სიუჟეტი “სფერო ტვ”-ს ეთერში.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,
როცა დგინდება, რომ:
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო მასალაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მე-11 პრინციპის ფარგლებში საბჭო მსჯელობს მედიის განზრახულ მოქმედებასა და მის მოტივზე.
განზრახულ მოქმედებაზე შემდეგი ფაქტები მიუთითებს:
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მიმოწერა გაერთიანების იურისტთან და ზემოაღნიშნული ინფორმაცია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს სიუჟეტი კონკრეტული პირის ინტერესებს ემსახურებოდა და ეს კონკრეტული პირი არის მოპასუხე მედიის მფლობელი და ხელმძღვანელი. საბჭოს შეფასებით, კუკავას წინააღმდეგ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების განზრახვა იყო ტელევიზიის მფლობელის სასარგებლოდ მიკერძოებული, რაც ფაქტის განზრახ დამახინჯების კვალიფიკაციაა და მე-11 პრინციპის დარღვევას წარმოადგენს.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებებით დამკვიდრებული პრაქტიკით, მე-11 პრინციპის დარღვევად მიიჩნევა არაზუსტი ინფორმაციის ხშირად, კამპანიურად გავრცელებაც. ამ შემთხვევაშიც “სფერო ტვ”-ს მიერ ხდება ამ თემაზე მომზადებული არაზუსტი მასალის არაერთგზის გავრცელება.
“სფერო ტვ”-ის ეთერში აღნიშნული სიუჟეტი უცვლელი ფორმით დღემდე ხელმისაწვდომია და გარკვეული პერიოდულობით, განმეორებით გადის მათ ღამის ეთერში.
გამომდინარე აქედან, საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში ქარტიის მე-11 პრინციპი დაირღვა.
სარეზოლუციო ნაწილი
თათია არაბიძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.
25 იანვარი, 2025 წელი
საქმე N-772
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, თიკო დავაძე, ირაკლი მსხილაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ქრისტინე ზამთარაძემ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის თამარ ჩიკვატიას წინააღმდეგ.
მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში. სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი.
სხდომაში მოპასუხე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
სადავო მასალა “იმედის” ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 16 ნოემბერს განთავსდა და ეხებოდა ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის საცხოვრებელ სახლთან გამართულ პროტესტს.
ის დასათაურებულია შემდეგნაირად: “რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი პოლიციელს აფურთხებს”.
განმცხადებლის განმარტებით, სადავო ვიდეოს დასათაურება არაზუსტია, მას პოლიციელისთვის არ შეუფურთხებია. მისი თქმით, ვიდეოში ჩანს, რომ ის გაბრაზებული მიმართავს პოლიციელს, რაც “იმედმა” წარმოაჩინა როგორც შეფურთხება.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში შეცდომაში შემყვანი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით, დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
ქარტიის საბჭო პირველი პრინციპის ფარგლებში აფასებს ჟურნალისტის მხრიდან ინფორმაციის გადამოწმების მცდელობას. ჟურნალისტმა უნდა იხმაროს ყველა ღონე, რათა მაყურებლამდე ზუსტი და დაბალანსებული მედიაპროდუქტი მიიტანოს.
სადავო ვიდეოში, რომელიც “იმედის” ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდა და 9 წამს გრძელდება, ჩანს განმცხადებელი, რომელიც შებრუნებულია პოლიციელების მხარეს და შემდეგ მათი მიმართულებით ამოძრავებს თავს.
ვიდეოში კადრი რამდენჯერმე მეორდება, მათ შორის შენელებულად, წითელ წრეში მოქცეულია განმცხადებლის თავი და ვიდეოს აქვს წარწერა დასათაურებულია, რომ “რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი პოლიციელს აფურთხებს.”
ვიდეოში არ არის ინფორმაციის სხვა წყარო, რომელიც მაყურებელს დამატებით ინფორმაციას მიაწვდიდა. ვიდეოში არ არის ერთი პოლიციელის კომენტარიც კი, რომელიც დაადასტურებდა, რომ განმცხადებელმა პოლიციელს მართლაც შეაფურთხა. ვიდეოში არ ჩანს ჟურნალისტის მხრიდან ინფორმაციის რამენაირად გადამოწმების მცდელობა.
საბჭოს შეფასებით, გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, მაყურებელი ცალსახად ვერ დარწმუნდება, შეაფურთხა თუ არა ზამთარაძემ პოლიციელს - ვიდეოს რაკურსი, ხარისხი ამის დაზუსტების საშუალებას არ იძლევა.
“იმედი” მტკიცებით ფორმაში წარმოაჩენს, რომ ქრისტინე ზამთარაძემ
პოლიციელს “შეაფურთხა”. თავად ზამთარაძემ საბჭოს სხდომაზე შეფურთხების
ფაქტი კატეგორიულად უარყო.
გამომდინარე აქედან, საბჭო ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მიიჩნევს,
რომ “იმედის” ჟურნალისტს მასალაში არ აქვს შესაბამისი მტკიცებულებები,
რაც ცალსახად დაადასტურებდა, რომ ზამთარაძემ პოლიციელს
შეაფურთხა.
“იმედის” ჟურნალისტს დარღვეული აქვს ეთიკური ჟურნალისტიკის მინიმალური ორი წყაროს სტანდარტი. ქარტიის პრაქტიკით, ინფორმაციას გადამოწმებულად მივიჩნევთ, თუ ის, სულ მცირე, ორ ურთიერთდამოუკიდებელ წყაროსთანაა გადამოწმებული.
გავრცელებული მასალა, რომელსაც სოციალურ ქსელში განმცხადებლის მისამართით ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, ეყრდნობა მხოლოდ ერთ წყაროს - ვიდეოს, რომლის რაკურსი და ხარისხი ინფორმაციის დაზუსტების საშუალებას არ იძლევა.
ამ შემთხვევაში ჟურნალისტი უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა
მოჰკიდებოდა ამბავს და ის მეტ წყაროსთან უნდა გადაემოწმებინა. მას
შეეძლო ფაქტის შესახებ დამაზუსტებელი შეკითხვები დაესვა თავად
ზამთარაძისთვის, პოლიციელებისთვის, ანდა სხვა თვითმხილველებისთვის,
თუმცა მასალაში ეს არ ჩანს.
როგორც საბჭო თავის გადაწყვეტილებებში აღნიშნავს, შესაძლოა, მედიამ ყველა ჯერზე ვერ შეძლოს ინფორმაციის დაზუსტება, თუმცა ამის მცდელობა აუდიტორიას მუდმივად უნდა აჩვენოს, რათა დაიმსახუროს და შეინარჩუნოს აუდიტორიის ნდობა.
ქარტიის საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს სადავო ვიდეოს გამოქვეყნებისას მხარეთა წარმოჩენის ვალდებულების დარღვევაზე. ჟურნალისტმა აუდიტორიას ისე მიაწოდა სენსიტიური ამბავი, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ინციდენტში მონაწილე არც ერთ მხარეს არ მისცა.
მოცემულ შემთხვევაში, როცა ადამიანს მედია ისეთ მძიმე ბრალდებას უყენებს, რომელიც მას საზოგადოების მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის ობიექტად აქცევს, აუცილებელია, მედიამ კითხვები დაუსვას მას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მოხდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.
მეხუთე პრინციპი
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ვიდეოში დარღვეულია ქარტიის მეხუთე პრინციპი.
ქარტიის სამდივნომ, ქრისტინე ზამთარაძის განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა ტელეკომპანია “იმედს”.
ამასთან, განმცხადებელმა საბჭოს დამატებით წარმოუდგინა ვიდეო (თან ერთვის გადაწყვეტილებას), რომელზეც ასახულია მოპასუხე “იმედის” ჟურნალისტთან განმცხადებლის დიალოგი, სადაც ქრისტინე ზამთარაძე მას ეუბნება, რომ ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია და რეაგირებას თხოვს.
აღნიშნული ადასტურებს, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ, რაც იძლეოდა საფუძველს ინფორმაციის შესწორებისთვის, თუმცა ეს არ მომხდარა. ქრისტინე ზამთარაძის პოზიცია, რომ მას პოლიციელისთვის არ შეუფურთხებია, “იმედმა” თავის აუდიტორიას არ გააცნო.
სადავო მასალა დღემდე პირვანდელი სახით არის ხელმისაწვდომი “იმედის” ფეისბუქ გვერდზე და მას არ აქვს არანაირი მითითება, რომ გავრცელებული ინფორმაცია დაუზუსტებელია.
შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-5 პრინციპი.
მეშვიდე პრინციპი.
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”
განმცხადებელს მიაჩნია, რომ სადავო ვიდეოს სათაური: “რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი პოლიციელს აფურთხებს”, არის დისკრიმინაციული და მიზნად ისახავს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების, აქტივისტების, მიმართ საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენის ჩამოყალიბებას. ის ასევე იწვევს აგრესიას სოციალურ ქსელში.
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ვიდეოში არ დარღვეულა ქარტიის მეშვიდე პრინციპი.
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, საბჭომ არაერთხელ გამიჯნა ერთმანეთისაგან დისკრიმინაცია და დისკრედიტაცია, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, განმცხადებლები მე-7 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევდნენ იმ საფუძვლით, რომ ჟურნალისტი მათ შეურაცხყოფს და მათ დისკრედიტაციას ეწევა.
როგორც საბჭო თავის გადაწყვეტილებებში აღნიშნავს, მე-7 პრინციპის ჭრილში შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ ის შეურაცხმყოფელი და მადისკრედიტირებელი მასალა,
რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, იწვევს დისკრიმინაციას ან
სტიგმის გაძლიერებას რაიმე კონკრეტული ნიშნით.
თავად სათაური „რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი პოლიციელს აფურთხებს”, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საზოგადოდ “რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერის” დისკრიმინაციად.
ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც ფაქტის აღწერა, რომ ადამიანი, რომელმაც
პოლიციელს შეაფურთხა, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერია.
ეს სათაური საბჭომ მიიჩნია პირველი პრინციპის, სიზუსტის
დარღვევად და არ
აფასებს, როგორც დისკრიმინაციას ოპოზიციის მხარდაჭერის
ნიშნით.
სადავო მასალაში პროპაგანდისტული მედიის მიზანი, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები ოპოზიციის რადიკალ აქტივისტებად წარმოაჩინოს და მათი დისკრედიტაცია მოახდინოს, არის მე-11 პრინციპის ფარგლებში განხილვის საგანი და არ ჯდება მეშვიდე პრინციპის დეფინიციაში.
ამდენად, საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო ვიდეოში მეშვიდე პრინციპი არ დარღვეულა.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო ვიდეოში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,
როცა დგინდება, რომ:
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო მასალაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.
მე-11 პრინციპის ფარგლებში საბჭო მსჯელობს მედიის განზრახულ მოქმედებასა და მის მოტივზე.
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალის გადაუმოწმებლად გამოქვეყნება, მასში მონაწილე მოქალაქის პოზიციის იგნორირება, მიმართვის შემდეგ მასალის არ ჩასწორება ნათელს ხდის, რომ ჟურნალისტის მიერ ქარტიის პრინციპების დარღვევა განზრახი ქმედება იყო და არა უნებლიე შეცდომა.
საბჭო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მედია ცდილობს, ამ ვიდეოს გავრცელებით მოახდინოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტების/მოქალაქეების დისკრედიტაცია და დემონიზაცია.
ქარტიის საბჭომ “იმედისა” და POSTV-ის ჟურნალისტების მიმართ ბოლო თვეების განმავლობაში მიღებულ არაერთ გადაწყვეტილებაში აღწერა, რომ აღნიშნული მედია საშუალებები “ქართული ოცნების” ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოებაში დაუზუსტებელ ინფორმაციას ავრცელებენ და ხელისუფლების პროპაგანდის ინსტრუმენტები არიან.
განსახილველ შემთხვევაშიც საბჭო მიიჩნევს, რომ “იმედის” ჟურნალისტის მხრიდან ასეთი სენსიტიური ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელება განზრახი ქმედებაა და მისი მოტივი არის ხელისუფლების დაკვეთის შესრულება და კრიტიკულად განწყობილი აქტივისტების დისკრედიტაცია.
“იმედის” ჟურნალისტი ასეთი ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელებით ცდილობს, ბოლო თვეების განმავლობაში ქუჩაში გამოსული საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას, რაც ცალსახად განზრახი ქმედებაა და თანხვედრაშია ხელისუფლების მიზნებთან.
საბჭო მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედების მოტივი არსებული ხელისუფლების მიმართ “იმედის” მიკერძოებული საინფორმაციო პოლიტიკაა და სადავო მასალაში ქარტიის მე-11 პრინციპი დარღვეულია.
სარეზოლუციო ნაწილი:
თამარ ჩიკვატიამ დაარღვია ქარტიის პირველი, მეხუთე და მე-11 პრინციპები. არ დაურღვევია ქარტიის მეშვიდე პრინციპი.
დამატებით წარმოდგენილი მასალები
16 ნოემბერი, 2024 წელი
საქმე N- 755
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს “ევოლუშენ ჯორჯიამ”.
მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებლის წარმომადგენლები ლევან ნანობაშვილი და თეონა გაჩეჩილაძე.
სხდომაში მოპასუხე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია. “მაუწყებლის” წარმომადგენლის განმარტებით, მათ არ სურდათ განხილვის პროცესში ჩართვა და ქარტიასთან თანამშრომლობა.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
სადავო მასალა “მაუწყებლის” ფეისბუკ გვერდზე 2 ივლისს გამოქვეყნდა. განმცხადებლის მხრიდან სადავოდ იყო გამხდარი ქარტიის პირველი, მე-10 და მე-11 პრინციპები.
სადავო მასალა არის 10-მდე ე.წ. სქრინი, რომელიც “მაუწყებელმა”
გამოაქვეყნა მინაწერით “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯერების შიდა ჩათის
მიმოწერები”, სადაც ასახულია ევოლუშენის მენეჯერების მიერ კონკრეტული
თანამშრომლების შესახებ კომპანიის “ჩათში” გამოთქმული შეურაცხმყოფელი
კომენტარები. ამ სქრინებში მენეჯერები დასცინიან თანამშრომლებს
სხვადასხვა მიზეზით, ზოგიერთ შემთხვევაში მათი ვიზუალის ან ქმედების
გამო.
განმცხადებლის პოზიციით, ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა გამოიხატება მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვასა და ბალანსის უგულებელყოფაში. მე-10 პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელი უთითებს, რომ ე.წ. “სქრინების” სახელებისა და გვარების დაფარვის გარეშე გამოქვეყნებით და იმით, რომ ე.წ. “სქრინებზე” სრულად ჩანს ადამიანების სახე და შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება, აღნიშნული პრინციპი დაირღვა. მე-11 პრინციპის ნაწილში განცხადებაში აღნიშნულია, რომ “მაუწყებელი” კამპანიურად ავრცელებდა გადაუმოწმებელ, დაუბალანსებელ და ხშირად ცილისმწამებლურ ინფორმაციას კომპანია “ევოლუშენის” შესახებ.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში გადაუმოწმებელი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებით დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
ქარტიის საბჭო პირველი პრინციპის ფარგლებში აფასებს ჟურნალისტის მხრიდან ინფორმაციის გადამოწმების მცდელობას. ჟურნალისტმა უნდა იხმაროს ყველა ღონე, რათა მაყურებლამდე ზუსტი და დაბალანსებული მედიაპროდუქტი მიიტანოს.
“მაუწყებლის” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული “სქრინები” ვერ პასუხობს ქარტიის პრაქტიკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
“მაუწყებელმა”
სქრინები ისე გამოაქვეყნა, რომ მათ შესახებ ინფორმაცია არ
გადაუმოწმებია. მას აუდიტორიისთვის არ შეუთავაზებია სქრინებში ასახული
ამბისა და პირების შესახებ დამატებითი ინფორმაცია.
“მაუწყებელს” არ გამოუკვლევია, რა პერიოდს მიეკუთვნებოდა ეს სქრინები; არ დაუდგენია, მასში ასახული მენეჯერები, რომლებიც აშკარად არღვევდნენ მათი თანამშრომლების უფლებებს და ინტერესს, კვლავ მუშაობდნენ თუ არა კომპანიაში.
“მაუწყებელი” არ დაინტერესებულა, ევოლუშენში სისტემური ხასიათი ხომ არ ჰქონდა დასაქმებულთა მიმართ ასეთ მოპყრობას.
არ გამოიკვლია, რამდენ ხანს გრძელდებოდა მსგავსი ქმედებები მენეჯერების მხრიდან და ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ თუ არა “ევოლუშენ ჯორჯიას” ხელმძღვანელები.
“მაუწყებელს” არ მიუმართავს კომპანიის იმ პასუხისმგებელი პირებისთვის,
რომელთა პასუხისმგებლობაც შეიძლება ყოფილიყო მსგავსი კომენტარების
შიდა ჩათში არსებობა და შემდეგ ამის საჯაროდ გავრცელება.
“მაუწყებელმა” არ იმოქმედა, როგორც პასუხისმგებლიანმა, აუდიტორიის ჯანსაღ ინტერესსზე მორგებულმა მედიამ. სქრინების ასე, უკონტექსტოდ გამოქვეყნებით პატივი არ სცა აუდიტორიას, არ მიაწოდა მას ამომწურავი ინფორმაცია ასეთ მწვავე საკითხზე, რაც, ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, არის სიზუსტის პრინციპის უპატივცემულობა.
ქარტიის
პრაქტიკის შესაბამისად, ინფორმაცია მინიმუმ ორ ურთიერთდამოუკიდებელ
წყაროზე დაყრდნობით უნდა იყოს მომზადებული. სადავო მასალაში არც
მოპასუხე მხარის, შპს „ევოლუშენ ჯორჯიას” პოზიცია ჩანს და არც ამ
პოზიციის მოპოვების მცდელობა.
მაუწყებელმა არც იმ პირებთან სცადა ინფორმაციის გადამოწმება, ვისაც სქრინების მიხედვით მენეჯერები შეურაცხყოფას აყენებდნენ, არადა მათგან დამატებითი ინფორმაციის მოძიებით, შესაძლოა მედიას უფრო მეტი მტკიცებულებები მოეპოვებინა ევოლუშენ ჯორჯიაში დასაქმებულების შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ.
“მაუწყებლის” მხრიდან აუდიტორიისთვის გადაუმოწმებელი, არასრული ინფორმაციის მიწოდების ვარაუდს კიდევ უფრო ამძაფრებს ზოგიერთ “სქრინზე” მითითებული თარიღი. ერთ-ერთი “სქრინი” 2022 წლის 24 დეკემბრით თარიღდება.
“მაუწყებელი” სქრინების გამოქვეყნებისას არ უთითებს მიმოწერების თარიღს. კომენტარების მიხედვით სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილმა მიიჩნია, რომ სქრინები მიმდინარე პერიოდის იყო. საბჭოს სხდომაზე “ევოლუშენის” წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სქრინების ნაწილი რამდენიმე წლის წინანდელი იყო. ამას ადასტურებს ერთ-ერთ სქრინზე დატანილი თარიღიც - ის 2022 წლით თარიღდება.
საბჭო აღნიშნავს, რომ, განცხადების განხილვის ფარგლებში, მისი კომპეტენცია არ არის შპს “ევოლუშენ ჯორჯიაში” შრომითი პირობების შეფასება. ის ადგენს, თუ რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი მაყურებელს ინფორმაციის გავრცელებისას და რამდენად გადაამოწმა მან ინფორმაცია ყველა შესაძლო წყაროსთან.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, გადაუმოწმებელი, არაზუსტი და დაუბალანსებელი ინფორმაციის მაყურებლისათვის მიწოდებით, “მაუწყებელმა” დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
მეათე პრინციპი.
“ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო “სქრინებში” პერსონალური მონაცემების (ფოტო; სახელი; გვარი) დეპერსონალიზაციის გარეშე გავრცელებით მოხდა კერძო პირების პირად ცხოვრებაში არაეთიკური შეჭრა, რითაც ქარტიის მე-10 პრინციპი დაირღვა.
ამ პრინციპის ფარგლებში ქარტიის საბჭო განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის არსებობაზე მსჯელობს, ამგვარი ინტერესის გარეშე კი პერსონალური ინფორმაციის გავრცელება პირად ცხოვრებაში შეჭრაა.
ქარტიის საბჭომ იმსჯელა, თუ რამდენად შეიძლებოდა მაყურებლისთვის/მკითხველისთვის სადავო “სქრინებში” ასახული ინფორმაციის მიწოდება პირადი ინფორმაციის გავრცელების გარეშე და დაადგინა, რომ ფოტოების, სახელებისა და გვარების გავრცელება საჯარო ინტერესს არ ემსახურებოდა.
საბჭო სქრინების კომენტარების შესწავლისას დარწმუნდა, რომ ნაწილობრივ დაფარულ თანამშრომელთა ნაწილის იდენტიფიცირება შესაძლებელია. ახლობლებმა შეიძლება ამოიცნონ კონკრეტული პირები.
რამდენიმე
სქრინის კომენტარებშიც წერდნენ, რომ ოჯახის წევრი ამოიცნეს. იყო ღია
მუქარები მენეჯერების მისამართით.
სქრინების ამ სახით გავრცელებამ მოახდინა როგორც დაზარალებული
თანამშრომლების ნაწილის იდენტიფიცირება, ასევე მენეჯერების, რომლებიც
შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდნენ. მაუწყებელს იმ
თანამშრომლებისთვის, რომელთა მიმართ შეურაცხყოფის ამსახველი სქრინები
გაავრცელეს არ უკითხავს სურდათ თუ არა მათ, რომ ეს სქრინები
გამოქვეყნებულიყო იმ სახით, რითაც შესაძლოა მომხდარიყო მათი
იდენტიფიცირება
ეთიკური მედიის მთავარი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის ისე გამოაშკარავება, რომ არ მოხდეს მოქალაქისთვის ზიანის მიყენება, მის პირად ცხოვრებაში შეჭრა, მოქალაქისთვის სენსიტიური ინფორმაციის დაუსაბუთებლად გასაჯაროება.
ეს ყველაფერი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჟურნალისტი ამ უფლებების “დარღვევის” გარეშე ვერ ააშკარავებს მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ამბავს, ვერ ამხელს პოტენციურ დამნაშავეებს.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, კონკრეტული პერსონების პირდაპირი და ირიბი იდენტიფიცირების გარეშე იყო შესაძლებელი ამ საკითხის შესახებ მასალის მომზადება, ისე, რომ დაკმაყოფილდებოდა აუდიტორიის ინტერესი, გამოაშკარავდებოდა სისტემური პრობლემა და არ შეილახებოდა კონკრეტული პერსონების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
სქრინების ამ ფორმით გამოქვეყნებამ, შესაძლოა, დამატებითი პრობლემები
შეუქმნას როგორც “დამნაშავე მენეჯერებს”, ასევე სხვა თანამშრომლებს.
ამ ფორმით გავრცელებული ინფორმაცია იწვევს ფოტოებზე ასახული იმ
ადამიანების რეტრავმირებას, რომლებიც ხელმძღვანელების მხრიდან
შეურაცხყოფის ადრესატები გახდნენ ვინაიდან ეს “სქრინები” დაუფარავი
ფორმით ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო “სქრინებში” დარღვეულია ქარტიის მე-10 პრინციპი.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,
როცა დგინდება, რომ:
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო მასალაში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.
ვინაიდან, “მაუწყებელს” მრავალგზის აქვს გაცხადებული თავისი პოზიცია, შპს “ევოლუშენ ჯორჯიასთვის” პლატფორმის დათმობის შესახებ, რაც აღნიშნულია გადაწყვეტილებაში საქმეზე შპს “ევოლუშენ ჯორჯია” “მაუწყებლის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაშიც საბჭო “მაუწყებლის” განზრახულ მოქმედებაზე მიუთითებს.
“მაუწყებელი” სრულიად გამიზნულად არ აძლევს შპს “ევოლუშენ ჯორჯიას” საპასუხო კომენტარის გაკეთების შესაძლებლობას.
საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ, ვინაიდან “მაუწყებელი” პოზიციონირებს როგორც მედია, მნიშვნელოვანია, ის ითვალისწინებდეს საბაზისო ჟურნალისტურ პრინციპებს, როგორებიცაა განსხვავებული მხარეების წარმოჩენა, ინფორმაციის მრავალ წყაროზე დაფუძნება და სხვა. აღნიშნული პრინციპები არ არის დამკვიდრებული ფორმალობისთვის. ამ პრინციპების დაცვა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ აუდიტორიის უკეთ ინფორმირებას, მისთვის მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას.
ქარტიაში “მაუწყებლის” წინააღმდეგ შპს “ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ შემოტანილი და განხილული განცხადებებიდან კი ცხადია, რომ მოპასუხე მედიის მხრიდან შპს “ევოლუშენ ჯორჯიას” მიმართ დარღვევებს სისტემატური და კამპანიური ხასიათი აქვს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, სადავო “სქრინებში” საბჭომ მე-11 პრინციპიც დარღვეულად მიიჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი
“მაუწყებლის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-10ე და მე-11 პრინციპები.
დამატებით წარმოდგენილი მასალები
16 ნოემბერი, 2024 წელი
საქმე N- 756
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს “ევოლუშენ ჯორჯიამ”.
მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებლის წარმომადგენლები ლევან ნანობაშვილი და თეონა გაჩეჩილაძე.
სხდომაში მოპასუხე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია. “მაუწყებლის” წარმომადგენლის განმარტებით, მათ განხილვის პროცესში ჩართვა და ქარტიასთან თანამშრომლობა არ სურდათ.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
სადავო მასალა “მაუწყებლის” ფეისბუკ გვერდზე 1 ივლისს გავრცელდა. განმცხადებელი მიუთითებდა ქარტიის პირველი, მეხუთე და მე-11 პრინციპების დარღვევაზე.
პირველ პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვას და ბალანსის უგულებელყოფას. მეხუთე პრინციპის დარღვევად მას მიაჩნია შემდეგი გარემოება - სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ არაერთმა მომხმარებელმა მიუთითა “მაუწყებელს”, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია იყო არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი, თუმცა, ამის მიუხედავად, მოპასუხე მედიას ის არ შეუსწორებია. მე-11 პრინციპის ნაწილში განცხადებაში აღნიშნულია, რომ “მაუწყებელი” კამპანიურად ავრცელებდა გადაუმოწმებელ, დაუბალანსებელ და ხშირად ცილისმწამებლურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ. მას ადრეც აქვს მომზადებული მასალები კომპანიის შესახებ, მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
განსახილველი მასალა არის ვიდეო, რომელიც მაუწყებლის ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 1 ივლისს გამოქვეყნდა. 40-წამიან ვიდეოში ისმის ქალის ხმა და მას აქვს ინგლისური სუბტიტრები. მასალაში არაიდენტიფიცირებული პირი აუდიტორიას აჩვენებს კონკრეტული ოთახის ინტერიერის კადრებს და ჰყვება, რომ ეს არის ევოლუშენში (D კორპუსში) დასაქმებული დიასახლისების მოსასვენებელი ოთახი, სადაც მათ უნიტაზზე უწევთ ჭამა.
აღნიშნულ ვიდეოში არ არის ინფორმაციის სხვა წყარო, ვიდეოს არ ახლავს
ტექსტი, რომელიც აუდიტორიას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიდა. არაფრით
ირკვევა, რომ მაუწყებელმა ამ ვიდეოში ასახული ინფორმაციის გადამოწმება
სცადა.
ინფორმაცია, რომელიც სენსიტიური აღმოჩნდა მაუწყებლის მკითხველის გარკვეული ნაწილისთვის, მხოლოდ ერთ არაიდენტიფიცირებულ წყაროს ეყრდნობა, რაც ეთიკური ჟურნალისტიკის ელემენტარულ სტანდარტს არღვევს.
მინიმალური სტანდარტით, ინფორმაცია მის გამოქვეყნებამდე სულ მცირე ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ წყაროსთან უნდა იყოს გადამოწმებული. ნებისმიერ მასალაში უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან სცადა ინფორმაციის გადამოწმება.
შესაძლოა, მედიამ ყველა ჯერზე ვერ შეძლოს ინფორმაციის დაზუსტება, თუმცა ამის მცდელობა აუდიტორიას მუდმივად უნდა აჩვენოს, რათა დაიმსახუროს და შეინარჩუნოს აუდიტორიის ნდობა.
განსახილველ შემთხვევაში გავრცელებულია სენსიტიური, მწვავე ინფორმაცია, რასაც ადასტურებს სოციალური ქსელის მომხმარებლის მრავალი კომენტარი. ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის პასუხისმგებლიანი მედიის ვალდებულებას, დაინტერესებულ აუდიტორიას მეტად გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდოს.
ქარტიის საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს ამ მასალის გამოქვეყნებისას ბალანსის დარღვევაზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხეს, კომპანია “ევოლუშენის” წარმომადგენლებს, არ მიეცათ საშუალება, აღნიშნულ ვიდეოზე საკუთარი პოზიცია წარმოეჩინათ.
ბალანსი არ არის ცარიელი ცნება და ფორმალური ვალდებულება. მხარეთა დაბალანსებულად წარმოჩენა აუდიტორიისთვის სხვადასხვა პოზიციის ჩვენებას და ინფორმაციის განსხვავებულ წყაროებს უზრუნველყოფს და აძლევს მას საშუალებას, მედიის მიერ მოთხრობილი ამბავი მეტად ინფორმირებულმა განსაჯოს.
ბალანსის არ დაცვა არ აზარალებს მხოლოდ ევოლუშენს, ხშირად აზარალებს აუდიტორიას, მკითხველს, თუ მაყურებელს უკარგავს შანს, მოისმინოს საპასუხო, განსხვავებული პოზიცია.
თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, როცა კონკრეტული კომპანიის მიმართ ბრალდებაა გაჟღერებული, აუცილებელია, მედიამ კითხვები დაუსვას მოპასუხე მხარეს. ამ შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა.
სადავო ვიდეოს კომენტარებში გამოჩნდა არაერთი ადამიანი, რომელიც
ამბობდა, რომ ის შპს “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელია და ვიდეო
სიმართლეს არ შეესაბამება. “მაუწყებელს” ჰქონდა შესაძლებლობა,
დაკავშირებოდა ამ
ადამიანებს, მოეძიებინა “ევოლუშენში” დასაქმებული დიასახლისები და
გადაემოწმებინა ვიდეოში აღწერილი ამბავი, მის გავრცელებამდე, თუმცა
ასეთი მცდელობა არ დასტურდება.
მაუწყებელმა არ გადაამოწმა ინფორმაცია, ამ ყველა გარემოებას საბჭო მიიჩნევს აუდიტორიის უპატივცემულობად და პირველი პრინციპის დარღვევად.
მეხუთე პრინციპი
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში დარღვეულია ქარტიის მეხუთე პრინციპი.
ქარტიის სამდივნომ, შპს “ევოლუშენ ჯორჯიას” განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა “მაუწყებელს”. განცხადებასთან დაკავშირებით ქარტიის სამდივნო ესაუბრა “მაუწყებლის” წარმომადგენელს.
ამასთან, თავად შპს “ევოლუშენ ჯორჯიამაც” არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია და პრეტენზია მათივე სოციალური ქსელის გვერდზე.
აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც იძლეოდა საფუძველს, “მაუწყებლის” ჟურნალისტებს არაზუსტი ინფორმაცია შეესწორებინათ, რაც არ მომხდარა.
სადავო მასალა დღემდე პირვანდელი სახით არის ხელმისაწვდომი “მაუწყებლის” ფეისბუქ გვერდზე და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.
შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ “მაუწყებლის” ჟურნალისტებმა ქარტიის მეხუთე პრინციპი დაარღვიეს.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,
როცა დგინდება, რომ:
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა, რაც მოხდა კიდეც მოცემულ შემთხვევაში. საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.
ბრალდების შემცველი ვიდეოს საპასუხო პოზიციის გარეშე გაშუქებაში საბჭო “მაუწყებლის” განზრახულ მოქმედებაზე მიუთითებს, რადგანაც მოპასუხე მედიას არაერთხელ დაუფიქსირებია რომ “ევოლუშენ ჯორჯიას” თავის პლატფორმას არ დაუთმობდა. ერთ-ერთ ფეისბუქ პოსტში ისინი ამბობენ: “... დამსაქმებლისათვის რამდენიმე წუთის დათმობა ნიშნავს დამატებითი სივრცის მიცემას მანიპულაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისათვის.”
“ცხადია, მომავალშიც დავარღვევთ ყველა პრინციპს, რომელიც მოქალაქეების ჩაგვრისა და ექსპლუატაციის პირდაპირ თუ ირიბ ხელშეწყობას ემსახურება.”
კიდევ ერთ პოსტში ისინი წერენ: “„მაუწყებლის“ გუნდი აგრძელებს ბრძოლას ღირსეული შრომითი გარემოსთვის. ჩვენ პლატფორმას ვაძლევთ მათ, ვინც იჩაგრება და ვისი ხმაც არ ისმის - მშრომელებს, რომლებიც მუშაობენ სუპერმარკეტებში, კაზინოებში, მაღაროებში, ბანკებში, აფთიაქებში, სკოლებში და ა.შ. ჩვენ განვაგრძობთ ყველას მხილებას, ვინც ჩვენი თანამოქალაქეების ექსპლუატაციის ხარჯზე მდიდრდება.”
იდენტური პოზიცია მაუწყებლის ჟურნალისტებმა ქარტიის ერთ-ერთ სხდომაზეც დააფიქსირეს, რაც ასახულია ქარტიის საბჭოს კონკრეტულ გადაწყვეტილებაში.
გადაწყვეტილებაში საქმეზე - შპს „ევოლუშენ ჯორჯია” ნათია ქარჩილაძის და გიორგი არობელიძის წინააღმდეგ, ვკითხულობთ: მოპასუხეებმა [“მაუწყებლის” წარმომადგენლებმა] სხდომაზე აღნიშნეს - „ძალიან სწორად მოვიქეცით, რომ ამ ადამიანებთან არ მივედით კომენტარისთვის… რატომ უნდა მივცე ადამიანებს, რომლებიც ჩაგრავენ, ექსპლუატაციას უწევენ ადამიანებს, პლატფორმა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია”.
აღნიშნულიდან ცალსახაა “მაუწყებლის” პოზიცია, სრულიად განზრახულად არ დაუთმონ პლატფორმა თუნდაც საპასუხო კომენტარისთვის შპს “ევოლუშენ ჯორჯიას”, მაშინ, როდესაც პასუხის უფლება ჟურნალისტურ ეთიკაში დამკვიდრებული ძირეული უფლება და პრინციპია.
ვინაიდან “მაუწყებელი” პოზიციონირებს როგორც მედია, მნიშვნელოვანია,
ის ითვალისწინებდეს საბაზისო ჟურნალისტურ პრინციპებს, როგორებიცაა
განსხვავებული მხარეების წარმოჩენა, ინფორმაციის მრავალ წყაროზე
დაფუძნება და სხვა. აღნიშნული პრინციპები არ არის დამკვიდრებული
ფორმალობისთვის. ამ პრინციპების დაცვა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ
აუდიტორიის უკეთ ინფორმირებას, მისთვის მაქსიმალურად ზუსტი
ინფორმაციის მიწოდებას.
მაუწყებლის მხრიდან ამ პრინციპების განგრძობითად უგულვებელყოფა მათ
განზრახულობაზე მიუთითებს.
ამასთანავე, ქარტიაში “მაუწყებლის” წინააღმდეგ შპს “ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ შემოტანილი და საბჭოს მიერ განხილული საქმეები ცხადყოფს, რომ მოპასუხე მედია ინფორმაციას სხვა შემთხვევებშიც გადაუმოწმებლად და დაუბალანსებლად ავრცელებდა, რაც ქმედების კამპანიურ ხასიათზე მიუთითებს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭომ მე-11 პრინციპიც დარღვეულად მიიჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი
“მაუწყებლის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მეხუთე და მე-11 პრინციპები.
განმცხადებლის მიერ დამატებით წარმოდგენილი მასალები
16 ნოემბერი, 2024 წელი
საქმე N-770
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა პოლიტიკურმა მოძრაობამ “თავისუფლების მოედანი” “იმედის” ჟურნალისტების მეგი ნარსავიძისა და გივი კუჭავას წინააღმდეგ.
მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი მაშკა გიორგობიანი.
სხდომაში მოპასუხე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
სადავო მასალა “იმედის” ეთერით გადაიცა და მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა 2024 წლის 31 ოქტომბერს.
სადავო ფრაზები:
განმცხადებელი მიუთითებს შემდეგზე: “წამყვანმა წარადგინა ჟურნალისტი მეგი ნარსავიძე. ამ უკანასკნელმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმაზე, რომ ოპოზიციას ჯერაც არ წარმოუდგენია მათ მიერ ხელისუფლებისადმი გაჟღერებული ბრალდებების მტკიცებულებები. ამას მოყვა ანა დოლიძის სინქრონი, რომელიც საუბრობდა რომ ოპოზიციის მხრიდან ყველა პრობლემურ საკითხზე მოხდა რეაგირება და იყო დაყენებული “ან საჩივარი, ან მოთხოვნა, ან პროტესტი თავის დროზე”. ამას მოსდევს კონტექსტიდან ამოღებული და მანიპულაციურად “მოჭრილი” (დამონტაჟებული) ლევან ცუცქირიძის ინტერვიუ, რომელიც თითქოს ეწინააღმდეგება ანა დოლიძეს (და მთლიანად ოპოზიციას) და ამტკიცებს თითქოს “საქართველომ ჩაატარა სანიმუშო არჩევნები”.
პირველი პრინციპი
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭოს წევრების პოზიციით, სიუჟეტი მანიპულაციურია. ლევან ცუცქირიძის ინტერვიუდან იმგვარადაა ამოჭრილი ფრაგმენტი, რომ “იმედის” მაყურებელს შთაბეჭდილება ექმნება, რომ თითქოს ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის “თავისუფლების მოედანი” წევრი საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს იწონებს.
სინამდვილეში ლევან ცუცქირიძემ “იმედის” ჟურნალისტთან კომენტარში
სრულიად საწინააღმდეგო შინაარსის განცხადება გააკეთა, რასაც
ადასტურებს მისი ინტერვიუს სრული ვიდეო ჩანაწერი, რომელიც
განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს მოაწოდა და რომელიც მოძრაობის ერთ-ერთი
თანამშრომლის მიერ არის ჩაწერილი.
ამ ვიდეო ჩანაწერიდან (თან ერთვის გადაწყვეტილებას), ირკვევა, რომ, “იმედის” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ლევან ცუცქირიძემ გააკრიტიკა ჩატარებული არჩევნები: “არ მინახავს შალვა პაპუაშვილის განცხადება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს საარჩევნო სტანდარტი უნდა იყოს მაღალი. ჩვენ უნდა ვესწრაფოდეთ იმას, რომ ჩვენი არჩევნები იყოს აღიარებული, როგორც სანიმუშო მთელ მსოფლიოში და არა დავდევდეთ რაღაც სიტყვებს, რომ იცით, რა აი ასე არ უნდა იყოს და რა კარგია, რომ ასე არ წერია, ეს არის სირცხვილი. ჩვენ, რომ არჩევნებს ვატარებთ და მომავალი არჩევნები ამ ქვეყანაში ასე თუ უნდა იყოს ყველა, აქ უნდა ითქვას, რომ საქართველომ ჩაატარა სანიმუშო არჩევნები და აი, ეს არის არჩევნები, რომელიც უნდა იყოს ყველასთვის სამაგალითო და არა ვიჩხრიკებოდეთ რაღაც ტექსტებში და ვცდილობდეთ თავის გამართლებას, როგორც ამას აკეთებს შალვა პაპუაშვილი, სირცხვილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სტანდარტი უნდა იყოს მაღალი და სანიმუშო და არა ის, რომ რაღაც აბზაცებში ეძებდეს საკუთარი თავის გამართლების საშუალებას.”
საბჭოს შეფასებით ლევან ცუცქირიძის ინტერვიუს მოკლე შინაარსი ასეთია: ყველა ჩატარებული თუ მომავალი არჩევნების შესახებ დამკვირვებლებმა უნდა თქვან ცალსახად, რომ “ეს იყო სანიმუშო არჩევნები და აი ეს არის არჩევნები”. რაკი ასეთი შეფასება ბოლო არჩევნებს არ აქვს, პარლამენტის თავმჯდომარე ეუთო ოდირის შეფასებაში ეძებს ცალკეულ აბზაცებს, რომლითაც ხელისუფლება თავს გაიმართლებდა.
ამ შინაარსის ნაცვლად “იმედმა” ისე ამოჭრა ინტერვიუს ფრაგმენტი, რომ თითქოს ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო სანიმუშო.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ჟურნალისტებმა ინტერვიუს არასრული, არაზუსტი და მანიპულაციური გაშუქებით, მაყურებელს მიაწოდეს არაზუსტი ინფორმაცია პოლიტიკოსის პოზიციასთან დაკავშირებით, რითაც დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
მეხუთე პრინციპი
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში დარღვეულია ქარტიის მეხუთე პრინციპი.
ქარტიის სამდივნომ, პოლიტიკური მოძრაობის “თავისუფლების მოედანი” განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა “იმედს”.
ამასთან, პოლიტიკურ მოძრაობასაც და პოლიტიკოს ლევან ცუცქირიძესაც საკუთარ სოციალურ ქსელში გაზიარებული აქვთ სადავო მასალისა და რეალური ინტერვიუს ამსახველი ვიდეო და გამოთქმული აქვთ “იმედის” მიერ გავრცელებულ ვიდეოზე პრეტენზია.
აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც იძლეოდა საფუძველს, “იმედის” ჟურნალისტებს არაზუსტი ინფორმაცია შეესწორებინათ, რაც არ მომხდარა.
სადავო მასალა დღემდე პირვანდელი სახით არის ხელმისაწვდომი “იმედის” ფეისბუქ გვერდზე და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.
შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-5 პრინციპი.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,
როცა დგინდება, რომ:
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა, რაც მოხდა კიდეც მოცემულ შემთხვევაში. საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მე-11 პრინციპის
დარღვევაც ცალსახაა და ეს არ არის უნებლიე ჟურნალისტური შეცდომა, რაც
მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევად შეიძლებოდა რომ
მიჩნეულიყო.
საქმის განხილვის ეტაპზე საბჭო დარწმუნდა, რომ მოპასუხე ჟურნალისტებისთვის ცნობილი იყო ლევან ცუცქირიძის პოზიცია. მათ ხელთ ჰქონდათ მისი ინტერვიუს სრული ჩანაწერი, ეთერში კი იმგვარად დამონტაჟებული ფრაგმენტი გაუშვეს, რომ რესპოდენტის აზრი სრულად დაამახინჯეს. საბჭო მიიჩნევს, რომ ეს არის ფაქტის განზრახ დამახინჯება და მე-11 პრინციპის დარღვევა.
საბჭო, მე-11 პრინციპის დადგენისას, ყოველთვის იკვლევს მოტივს. ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების მიმართ ბოლო თვეების განმავლობაში ქარტიის საბჭომ არაერთხელ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა და ყველა ჯერზე მიუთითა “იმედის” მიკერძოებულობა მოქმედი ხელისუფლების სასარგებლოდ.
ქარტიის საბჭოს შეფასებით, ტელეკომპანია “იმედი” სახელისუფლებო
პროპაგანდის ძირითადი იარაღია და ხელს უწყობს ხელისუფლებას
ოპონენტების დისკრედიტაციაში. განსახილველი სიუჟეტიც ამის კიდევ ერთი
ნათელი მაგალითია.
საბჭო მიიჩნევს, რომ იმედის ჟურნალისტები განზრახ, მიზანმიმართულად არღვევენ ჟურნალისტურ პრინციპებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საზიანოდ და ხელისუფლების სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს თხოვნის პასუხად, განმცხადებელმა ქარტიას წარმოუდგინა “იმედის” ეთერში გასული არაერთი ნეგატიური მასალა “თავისუფლების მოედნის” და ლევან ცუცქირიძის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “იმედის” ჟურნალისტები განზრახ, კამპანიურად ცდილობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის უარყოფითად წარმოჩენას.
მაგალითად, 31 ოქტომბერს “იმედის” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ქარდი, რომელიც ეხებოდა ლევან ცუცქირიძის მიერ დაანონსებულ საპროტესო გამოსვლებს. 1 ნოემბერს 20:00 საათიან “ქრონიკაში” (ტაიმკოდი: 42:35) ჟურნალისტმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ ლევან ცუცქირიძე მის მიერ მზიურის პარკში დაანონსებულ აქციაზე არ მივიდა. განმცხადებელმა წარმოადგინა ვიდეო (დართულია გადაწყვეტილებაზე), რომელიც საპირისპიროს ადასტურებს. 2 ნოემბრის “ქრონიკაში” კი ჟურნალისტი აცხადებს, რომ ლევან ცუცქირიძე არა თუ არ მივიდა, არამედ “საკუთარ დაანონსებულ შეხვედრაზე დაგვიანებით და მხოლოდ 10 წუთით მივიდა”.
აღნიშნული მიუთითებს, რომ ლევან ცუცქირიძის მიმართ დაუზუსტებელი, მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებას “იმედის” მხრიდან კამპანიური ხასიათი აქვს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭომ მე-11 პრინციპიც დარღვეულად მიიჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი
მეგი ნარსავიძემ და გივი კუჭავამ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მეხუთე და მე-11 პრინციპები.
განმცხადებლის მიერ დამატებით წარმოდგენილი ვიდეო1
განმცხადებლის მიერ დამატებით წარმოდგენილი ვიდეო2
16 ნოემბერი, 2024 წელი
საქმე N-764
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნინო შველიძემ.
მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს ნაწილობრივ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებელი ნინო შველიძე და მისი წარმომადგენელი ნიკა მაღედანი.
სხდომაში მოპასუხე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
ტელეკომპანია “იმედის” სადავო მასალა მათ საიტზე 2024 წლის 6 სექტემბერს გამოქვეყნდა.
სადავო ფრაზები:
სტატიის სათაური: “დონორი ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს“ ხელმძღვანელი, ტიმოთი ბლაუველთი, რომელმაც დავით მათიკაშვილსა და მის ოჯახზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო გადაიღო და გაავრცელა, მედიას ემალება და კითხვებს არ პასუხობს”;
“ “ქართული ოცნების” დეპუტატზე, დავით მათიკაშვილსა და მის ოჯახზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის, ნინო შველიძის თავდასხმისა და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო ამერიკული დონორი ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს” დირექტორმა, ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა”.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭო მიიჩნევს, რომ სტატიაში განმცხადებლის ნინო შველიძის და მისი
მეუღლის ტიმოთი ბლაუველთის მიმართ გამოთქმული ბრალდებები არ არის
სათანადოდ გადამოწმებული:
1. სტატიაში მტკიცებით ფორმაშია, რომ ნინო შველიძე თავს დაესხა ქართული ოცნების დეპუტატს და მის ოჯახს, თუმცა სტატიაში ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის.
2. სტატიაში მტკიცებით ფორმაში წერია, რომ თავდასხმის ვიდეო ნინო შველიძის მეუღლემ ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა. ეს ინფორმაციაც არ ეყრდნობა სათანადო მტკიცებულებებს. აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით თავად ტიმოთი ბლაუველთმა გავრცელებულ განცხადებაში უარყო.
3. სტატიაში ნინო შველიძე მოხსენიებულია “რადიკალური ოპოზიციის
აქტივისტად” ამ შემთხვევაშიც არ არის მითითებული შესაბამისი
მტკიცებულებები.
ქარტიის საბჭომ ამავე თემაზე განიხილა იგივე განმცხადებლის განცხადება POSTV-ს ჟურნალისტის წინააღმდეგ, მიღებულ გადაწყვეტილებაში საბჭო დეტალურად აღწერს, თუ რა ქმედებები უნდა განეხორციელებინა ჟურნალისტს ამ თემის გაშუქებისას, რათა არ დაერღვია სიზუსტის პრინციპი და პატივი ეცა აუდიტორიის უფლებისთვის, მიიღოს ზუსტი, მაქიმალურად გადამოწმებული ინფორმაცია.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ იმედის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა, არაზუსტი და დაუბალანსებელი ინფორმაციის გავრცელებით, დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,
როცა დგინდება, რომ:
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. მოცემულ შემთხვევაში პირველი პრინციპის ფარგლებში დადგინდა, რომ ჟურნალისტმა გაავრცელა არაზუსტი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
მე -11 პრინციპის დადგენის ერთ-ერთ გარემოებად საბჭოს პრაქტიკით მიიჩნევა გაშუქების კამპანიურობა, როცა მედია საშუალება მცდარ ინფორმაციას განმეორებით, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პლატფორმებზე აშუქებს. ასე მოხდა განსახილველ საქმესთან მიმართებაშიც. ამ თემაზე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში რამდენიმე სიუჟეტი გავიდა და “იმედის” ფეისბუკ გვერდზე არაერთი ქარდი გამოქვეყნდა.
5 სექტემბერს ტელეკომპანია “იმედის” “ქრონიკის” ეთერში აღნიშნულ თემაზე 3 სიუჟეტი გავიდა (14:11 საათზე; 17:56 საათზე; 20:29 საათზე), რომლებშიც ნინო შველიძის მიერ დეპუტატის მიმართ გამოხატული უკმაყოფილება “ლიბერალურ ფაშიზმად” არის მოხსენიებული და მას “რადიკალებად შენიღბული ე.წ რიგითი მოქალაქეების” რიგში მოიხსენიებს.
6 სექტემბერს “ქრონიკის” ეთერში ამავე თემაზე კიდევ ორი სიუჟეტი გავიდა (11:12 საათზე; 15:06 საათზე), რომლებშიც “დავით მათიკაშვილსა და მის ოჯახზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოს” გადაღებასა და გავრცელებაში ამერიკული დონორი ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს“ ხელმძღვანელსა და ილიაუნის პროფესორს ტიმოთი ბლაუველთს ადანაშაულებენ. აღნიშნული ინფორმაცია imedinews-მაც გაავრცელა.
ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუქ გვერდზე 5 სექტემბერს გამოქვეყნებულ ქარდზე ასახულია დავით მათიკაშვილის კომენტარი: “მიუნხენის აეროპორტში თავს დამესხა ქალბატონი, რომელმაც თავი „რიგით მოქალაქედ“ გაასაღა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, „რიგითი აღშფოთებული“ მოქალაქე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ნინო შველიძე აღმოჩნდა”.
“იმედმა” გაავრცელა ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების მოსაზრებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ნინო შველიძის სახით (გაავრცელეს მისი ფოტო საპროტესტო აქციიდან) “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციების და მათთან დაკავშირებული პირების დისკრედიტირებას.
აღნიშნული მასალების შეფასების შედეგად საბჭო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიმართ განზრახ მოხდა დაუზუსტებელი ინფორმაციის არაერთგზის გავრცელება და ამის მოტივი იყო “იმედის”, როგორც სამთავრობო პროპაგანდის გამავრცელებელი მედიის სარედაქციო პოლიტიკა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
“იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.
16 ნოემბერი, 2024 წელი
საქმე N-765
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნინო შველიძემ POSTV-ის ჟურნალისტის ქეთი მამრიკიშვილის წინააღმდეგ.
მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებელი ნინო შველიძე და მისი წარმომადგენელი ნიკა მაღედანი.
სხდომაში მოპასუხე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
POSTV-ის სადავო მასალა მის ეთერში 6 სექტემბერს 13:00 საათზე გავიდა.
სადავო ფრაზები:
სიუჟეტის სათაური: “ბულინგის წამხალისებელი”;
“ქართული ოცნების” დეპუტატზე, დავით მათიკაშვილსა და მის ოჯახზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის, ნინო შველიძის თავდასხმისა და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო ამერიკული დონორი ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს” დირექტორმა, [ტიმოთი ბლაუველთმა] გადაიღო და გაავრცელა”.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტებში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭოს წევრების პოზიციით, სიუჟეტი არ ეყრდნობა სათანადოდ გადამოწმებულ მტკიცებულებებს და არის დაუბალანსებელი.
წამყვანი სიუჟეტს იწყებს შემდეგი ტექსტით: “ქართული ოცნების” დეპუტატზე, დავით მათიკაშვილსა და მის ოჯახზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის, ნინო შველიძის თავდასხმისა და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო ამერიკული დონორი ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს” დირექტორმა, [ტიმოთი ბლაუველთმა] გადაიღო და გაავრცელა”.
განმცხადებლის პოზიციისა და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე, საბჭო დარწმუნდა, რომ სადავო მასალა არაერთ უზუსტობას შეიცავს და მას შეცდომაში შეჰყავს მაყურებელი.
მასალაში არ ჩანს თავდასხმა და არ ისმის შეურაცხყოფა. მიუხედავად ამისა, წამყვანი და ხელისუფლების წარმომადგენელი რესპონდენტი მტკიცებით ფორმაში საუბრობენ თავდასხმაზე, რაც არ არის სათანადოდ გადამოწმებული და დადასტურებული.
ასევე, წამყვანი ნინო შველიძეს, ფაქტობრივ მტკიცებულებაზე მითითების გარეშე მოიხსენიებს “რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად”, რაც ასევე არღვევს სიზუსტის პრინციპს, ვინაიდან სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი არც ერთი დადასტურება იმისა, რომ განმცხადებელი რომელიმე ოპოზიციური ძალის აქტივისტია და, მით უფრო, არ არის ფაქტობრივი მტკიცებულება მისი “რადიკალური ქმედებების” შესახებ.
გადაწყვეტილებაში - ““ფორმულას” პროდიუსერი ნესტან (ნენე) დალაქიშვილი “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ”, ქარტიის საბჭომ განმარტა, რომ პირის რომელიმე პარტიის აქტივისტად მოხსენიებისთვის ჟურნალისტს გარკვეული მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს, ან მისი პარტიული აქტივისტობა საჯარო წყაროებით უნდა მტკიცდებოდეს და მედია შესაბამის ბმულებს უნდა უთითებდეს. ხსენებულ გადაწყვეტილებაშივე საბჭომ განმარტა, რომ პარტიულ აქტივისტად გამოცხადების შემთხვევაში მედიამ, სულ მცირე, ამის შესახებ შეკითხვა მაინც უნდა დაუსვას ადრესატს, რაც მინიმალურ სტანდარტს მაინც დააკმაყოფილებდა.
მოცემულ შემთხვევაშიც იგივე პრობლემაა. მასალაში არ არის პარტიული აქტივისტობის რაიმე მტკიცებულება და არც ადრესატთან ამის დაზუსტების მცდელობაა ნაჩვენები.
სიუჟეტში აღნიშნულია, რომ “ვიდეო ამერიკული დონორი ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს” დირექტორმა, [ტიმოთი ბლაუველთმა] გადაიღო და გაავრცელა”.
როგორც განმცხადებელი მიუთითებს, “საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები” არ არის დონორი ორგანიზაცია და ის საგანმანათლებლო მიზნებით შემოიფარგლება, რაც მათ ოფიციალურ გვერდზეც არის გაცხადებული.
ამასთან, „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების” დირექტორის მიერ ვიდეოს გადაღებისა და გავრცელების შესახებ ინფორმაციას თავად ტიმოთი ბლაუველთიც გამოეხმაურა წერილით (ერთვის გადაწყვეტილებას) მის სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ ეს ვიდეო მას არც გადაუღია და არც გაუვრცელებია, მეტიც, მას არანაირი კავშირი არ ჰქონია ამ ვიდეოსთან. ამავე წერილში მოქცეულ ორგანიზაციის განცხადებაში კი მითითებულია, რომ ნინო შველიძე “არ არის დაკავშირებული საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებთან და არ წარმოადგენს ამ ორგანიზაციას”.
ქარტიის საბჭოს ძალებს აღემატება დაზუსტებით იმის გამორკვევა, თუ რა ტიპის ორგანიზაციაა “ამერიკული საბჭოები”, რა კავშირი აქვს განმცხადებელს ამ ორგანიზაციასთან, გადაიღო და გაავრცელა თუ არა ვიდეო ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
საბჭო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ჟურნალისტის ვალი იყო სიუჟეტში
გავრცელებული ფაქტების დაზუსტება და ამის მცდელობის აუდიტორიისთვის
ჩვენება, რაც ჟურნალისტმა არ გააკეთა.
მოპასუხე მედიას შეეძლო, სულ მცირე, ორგანიზაციის განცხადება მოგვიანებით მაინც აესახა როგორც დამატება სადავო მასალაში, რაც აუდიტორიას მეტად დაბალანსებული, მრავალ წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციით უზრუნველყოფდა.
სიუჟეტის დაუბალანსებლობის პრობლემას ამძაფრებს ისიც, რომ მასში ასახულია მხოლოდ ერთი მხარის - საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კვირცხალიას კომენტარი, და ჟურნალისტს არც განმცხადებლისგან და არც თუნდაც რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლისგან არ ჰქონია რაიმე ინფორმაციის მიღების მცდელობაც კი. მიუხედავად ამისა, ის მტკიცებით ფორმაში გადასცემს ამბავს, რომელიც სათანადოდ გადამოწმებული არ აქვს.
პრობლემურია თავად სიუჟეტის სათაურიც: “ბულინგის წამხალისებელი”. საბჭოს პრაქტიკით, ძირითად შემთხვევებში სათაური უნდა იქნეს განხილული როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი, ვინაიდან მაყურებელმა შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ მასალის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში. სათაური მკითხველს პირველ შთაბეჭდილებას უქმნის. მოცემულ შემთხვევაში, სათაური “ბულინგის წამხალისებელი” მტკიცებით ფორმაშია და მასალის საერთო შინაარსიდან არ გამომდინარეობს, რასაც ასევე შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ჟურნალისტმა არასრული, არაზუსტი და მანიპულაციური სიუჟეტით, რომელიც მაყურებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის, დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,
როცა დგინდება, რომ:
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა, რაც მოცემულ შემთხვევაში საბჭომ ზემოთ დაადგინა. ამასთან, აღნიშნული დარღვევა განზრახვას და მოტივსაც უნდა მოიცავდეს.
მოცემულ შემთხვევაში პირველი პრინციპის ფარგლებში დადგინდა, რომ ჟურნალისტმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა. ამასთან, სიუჟეტი ცალსახად ემსახურება მაყურებლისათვის მცდარი წარმოდგენის შექმნას, რათა მათ თვალში არასამთავრობო ორგანიზაციები და მათთან დაკავშირებული პირები ნეგატიურად წარმოჩინდნენ.
განზრახვაზე მიუთითებს ისიც, რომ ვითარების უფრო მეტად
დრამატიზებისთვის წამყვანი ინციდენტს მოიხსენიებს თავდასხმად, როცა
სიუჟეტში ამის არანაირი მტკიცებულება არ არის.
საბჭო განზრახვის მამტკიცებლად მიიჩნევს მედიის მხრიდან მოპასუხე მხარის პოზიციის არ ასახვასაც.
საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი განზრახ ავრცელებს არაზუსტ და დამახინჯებულ ინფორმაციას, რისი მოტივიც არის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული პირების დისკრედიტაცია, ვინაიდან ისინი აქტიურად ეწინააღმდეგებიან “რუსულ კანონს” და მონაწილეობენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში. ამ პროტესტში არაერთგზის მონაწილეობდა განმცხადებელიც.
მედიის განზრახვაზე მიუთითებს ისიც, რომ სიუჟეტში ასახულია მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კვირცხალიას, კომენტარი: “ღირსეული კოლეგის ჩანაწერი გამოაქვეყნა თავიდან ვითომ მოქალაქემ და გაგრძელდა ეს ამ აღშფოთებული მოქალაქეების ვითომ სერიიდან ამ დროს ვნახეთ, რომ რეალურად ესეც ერთ-ერთი რომელიღაცა არასამთავრობოს დამფუძნებელი თუ რაღაც წევრი, რომელიც აქ ესე ვთქვათ, აქტიურად აქტივისტად იყო ჩართული ამ დესტრუქციაში, რაც პარლამენტის შენობასთან ხდებოდა და ვნახეთ ის მარაზმი შვილებთან ერთად რა იკადრა, როგორც იკადრა თვითონ თავის შვილებთან ერთად და ბატონი დავითის ოჯახთან ერთად მიიღო საკადრისი პასუხი, მარა კიდევ ერთხელ ვამბობ, რო საკადრის პასუხს საზოგადოება გასცემს მათ 26 ოქტომბერს."
განმცხადებლის მიერ მოწოდებული მასალებიდან დგინდება, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც განმცხადებლის შესახებ მოპასუხე მედიამ გადაუმოწმებელი და ცალხმრივი ინფორმაცია გაავრცელა.
6 სექტემბერს POSTV-ის საიტზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: “დავით მათიკაშვილსა და მის ოჯახზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო ამერიკული დონორი ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს“ ხელმძღვანელმა და ილიაუნის პროფესორმა ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა”, რომელიც იმეორებს ტელეკომპანია “იმედის” ნარატივს, რომელიც ამ ინფორმაციის პირველწყაროა.
საბჭოს მიერ განხილული საქმეების პრაქტიკამ აჩვენა, რომ პროპაგანდისტული მედიები საერთო ნარატივის მქონე სიუჟეტებით ცდილობენ დისკრედიტაციის კამპანია აწარმოონ “ქართული ოცნებისა” და მათი პოლიტიკის მოწინააღმდეგე ადამიანებისა თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
ქეთი მამრიკიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.
22 ოქტომბერი, 2024 წელი
საქმე N-767, 768
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ნინო რამიშვილი, მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საერთო-სამოქალაქო მოძრაობამ “მრავალეროვანი საქართველო”.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებლის წარმომადგენლები არნოლდ სტეფანიანი და გიორგი გულიაშვილი.
სხდომაში მოპასუხე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია, პოზიცია წერილობით წარმოადგინა.
განცხადების განხილვა გაიმართა 17 ოქტომბერს, თუმცა განმცხადებლის მხრიდან სადავო პრინციპების დამატების გამო, (დაემატა ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები) ქარტიის წესების შესაბამისად, განხილვა 22 ოქტომბრისთვის გადაიდო, რა დროსაც საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო საქმესთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
POSTV-მ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მამუკა ხაზარაძის წარმომავლობის შესახებ ჯამში ორი სადავო მასალა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა დღეს გაავრცელა.
11 ოქტომბერს გასული მასალის სადავო ფრაზები:
“რატომ მალავთ თქვენს წარმომავლობას?”;
“ვიცით, რომ სომხური წარმომავლობა გაქვთ და გრცხვენიათ ამისი აღიარება?”;
“ფაქტები მაქვს და გაჩვენებთ აუცილებლად. ეხა თქვენი დაბადების ადგილი და მოწმობა არ მაქვს”;
“ანუ სომხები ხო ჩვენი მოძმე ერი არიან, საუკეთესო ხალხი, რატომ გრცხვენიათ ამისი აღიარება?”;
“ა, გრცხვენიათ?”
13 ოქტომბერს გასული სიუჟეტის სადავო ფრაზები:
“მამუკა ხაზარაძე საკუთარი თავისგან იმ ადამიანის შექმნას ცდილობს, რაც სინამდვილეში არ არის. მევახშეა, მაგრამ ეს როლი არ მოსწონს და ცდილობს, თავი იმ ადამიანად გაასაღოს ვინც ხალხზე ზრუნავს.
თაღლითია, მაგრამ არც ეს სასამართლოს მიერ მისთვის დასაბუთებულად მინიჭებული სტატუსი არ მოსწონს. ამიტომაც, ცდილობს, პატიოსნებაზე გველაპარაკოს, თავი კეთილსინდისიერ ადამიანად სურს გაასაღოს.
ავანტიურისტია, ანაკლია ვერ ააშენა, მაგრამ არც ამის აღიარება უნდა. ქვეყანას, რომ წლები და მილიონობით შემოსავალი დააკარგვინა, ესეც პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟში მოახსენეს…”;
“ბავშვებზე ვზრუნავო, აცხადებს, და ელგებეტე პროპაგანდის აკრძალვას მხარს არათუ არ უჭერს, არამედ აფინანსებს კიდეც, არატრადიციული ცხოვრების პოპულარიზაციას”;
“პიარში ალბათ დიდი ფული დახარჯა, მაგრამ თანდათან მაინც გავიგეთ, რომ სინამდვილეში მევახშე, ავანტიურისტი, თაღლითი და მატყუარაა. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის. ახლა გაირკვა, რომ ის საკუთარ წარმომავლობასაც მალავს.”
“ეს ასლან მკრტიჩიანია, რომელიც ერევანში ცხოვრობს … ქართული საზოგადოება მას არ იცნობს, თუმცა იცნობს ხაზარაძე, ისინი სისხლით ნათესავები არიან.”;
“დიახ, მამუკა ხაზარაძეს სომხური წარმომავლობა და ფესვები აქვს, თუმცა ამ თემაზე საუბარი საკუთარ ნათესავებთანაც არ უყვარს. იმდენად არ უნდა, რომ მათთან კავშირიც გაწყვიტა, განსაცდელში ყოფნის დროსაც არ დაეხმარა, არადა მდიდარი ადამიანია, დიდ რესურსებს ფლობს, მაგრამ არ უნდა სომეხ ნათესავებთან მისი კავშირი სადმე მაინც დაფიქსირდეს”.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტებში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭომ დაუზუსტებლად, სათანადოდ გადაუმოწმებლად მიიჩნია სიუჟეტებში გამოყენებული შემდეგი ფრაზები: “ვიცით, რომ სომხური წარმომავლობა გაქვთ და გრცხვენიათ ამისი აღიარება?”; “ფაქტები მაქვს და გაჩვენებთ აუცილებლად. ეხა თქვენი დაბადების ადგილი და მოწმობა არ მაქვს”; “ეს ასლან მკრტიჩიანია, რომელიც ერევანში ცხოვრობს … ქართული საზოგადოება მას არ იცნობს, თუმცა იცნობს ხაზარაძე, ისინი სისხლით ნათესავები არიან.”
“დიახ, მამუკა ხაზარაძეს სომხური წარმომავლობა და ფესვები აქვს, თუმცა ამ თემაზე საუბარი საკუთარ ნათესავებთანაც არ უყვარს. იმდენად არ უნდა, რომ მათთან კავშირიც გაწყვიტა, განსაცდელში ყოფნის დროსაც არ დაეხმარა, არადა მდიდარი ადამიანია, დიდ რესურსებს ფლობს, მაგრამ არ უნდა სომეხ ნათესავებთან მისი კავშირი სადმე მაინც დაფიქსირდეს”.
საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ფრაზებით ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ავრცელებს ხაზარაძის შესახებ ინფორმაციას, რომლის სათანადო მტკიცებულებები სიუჟეტებში არ არის:
1. მამუკა ხაზარაძეს აქვს სომხური წარმომავლობა.
2. ის ამ წარმომავლობას მალავს.
ხაზარაძის “სომხური წარმომავლობის” მთავარ მტკიცებულებად მხოლოდ მეორე სიუჟეტშია მოყვანილი ერთი სომეხი რესპოდენტის მონათხრობი, რომელიც აუდიტორიას ჟურნალისტმა წარუდგინა, როგორც მამუკა ხაზარაძის სისხლით ნათესავი, დედის მხრიდან.
ეს რესპოდენტი საუბრობს ხაზარაძესთან ნათესაურ კავშირზე, თუმცა ჟურნალისტს არ აქვს ამ ინფორმაციის დაზუსტების, გადამოწმების მცდელობა.
ეთიკურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, როცა ჟურნალისტი ინფორმაციას,
რომელიც მხოლოდ ერთ წყაროს ეყრდნობა, წარმოაჩენს როგორც ფაქტს და
მტკიცებით ფორმაში აწვდის აუდიტორიას.
ერთი რესპოდენტის მონათხრობი ვერ ჩაითვლება დადასტურებულ ფაქტად და ჟურნალისტი ვალდებული იყო, სულ მცირე, მამუკა ხაზარაძისთვის კომენტარის ჩაწერისისას განემარტა, რომ მას ჰყავდა კონკრეტული რესპოდენტი, რომელიც თავს მის სომეხ ნათესავად წარმოაჩენდა. ჟურნალისტს ეს უნდა გაეკეთებინა მასალის გამოქვეყნებამდე რათა ხაზარაძეს ჰქონოდა შესაძლებლობა ეპასუხა კონკრეტულ ბრალდებაზე.
ჟურნალისტს მტკიცებულებები უნდა წარედგინა
რესპოდენტისთვის და
მისი განმარტება აესახა სიუჟეტში, რაც არ გააკეთა. ნაცვლად ამისა, მან
რესპოდენტთან ინტერვიუსას მტკიცებით ფორმაში გააჟღერა, რომ აქვს
მტკიცებულება მისი სომხური წარმომავლობის შესახებ. მიუხედავად
რესპოდენტის მოწოდებისა, წარმოედგინა ასეთი მტკიცებულება, ჟურნალისტმა
ინტერვიუს მსვლელობისას მას ამ მტკიცებულების შესახებ ინფორმაცია არ
მიაწოდა.
საბჭო ამას აფასებს ჟურნალისტის მხრიდან არაკეთილსინდისიერ მოპყრობად,
აუდიტორიის მიმართ, პირველ სადავო პროდუქტში ამბობს, რომ აქვს
მტკიცებულება და არაფერს აჩვენებს აუდიტორიას.
განსახილველ შემთხვევაში, წყარო იყო რესპოდენტი, რომელიც ზუსტად, დეტალურად არ აღწერდა, რა ნათესაური კავშირი აქვს ხაზარაძესთან.
თეორიულად შესაძლებელია, ხაზარაძეს დედის მხრიდან ჰყავდეს სომეხი ნათესავი, მაგრამ ის არ იყოს “სომხური წარმომავლობის”, “სომხური ფესვების”, როგორც ეს სიუჟეტში მტკიცებით ფორმაშია წარმოჩენილი.
სიუჟეტში სომეხი რესპონდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკოსს დედის მხრიდან ენათესავება. თავად ჟურნალისტიც ამბობს, რომ ასლან მკრტიჩიანი მამუკა ხაზარაძის სისხლით ნათესავია, თუმცა ბუნდოვანია, თუ რა სახის ნათესაურ კავშირზეა საუბარი. ჟურნალისტი ფაქტად აწვდის საზოგადოებას იმ ინფორმაციას, რომელიც არ არის გადამოწმებული და დადასტურებული ქარტიის სტანდარტის შესაბამისად, სულ მცირე ორ ურთიერთდამოუკიდებელ წყაროსთან.
ამასთან, არაზუსტია მამუკა ხაზარაძის მიერ ინფორმაციის დამალვაზე
საუბარი, რამდენადაც წარმომავლობა, თუ ეთნიკური კუთვნილება არ არის
ისეთი სახის ინფორმაცია, რომლის რაიმე ფორმით ოფიციალურად
გამჟღავნებას, დეკლარირებას, საჯაროდ გაცხადებას პოლიტიკოსს რაიმე
წესი ავალდებულებს.
ამიტომაც, არარელევანტური და არაზუსტია იმის დამალვაში ვინმეს
დადანაშაულება, რისი გაცხადების კანონისმიერი ვალდებულებაც მას არ
ჰქონდა.
POSTV-მ ქარტიისთვის
გამოგზავნილ შეპასუხებაში სადავო პრინციპების დარღვევა უარჰყო. მათი
განმარტებით, მამუკა ხაზარაძე, საჯარო პირი, პოლიტიკური ძალის ლიდერია
და მის მიმართ ჟურნალისტის ინტერესი და კითხვების დასმა პრობლემა არ
არის.
რა თქმა უნდა, ქარტიის საბჭო ეჭვქვეშ არ აყენებს ჟურნალისტის უფლებას,
დაუსვას შეკითხვები საჯარო პირს, ჟურნალისტის ვალდებულებაა პოლიტიკური
ლიდერის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს
აუდიტორიას.
ამ გადაწყვეტილებაში ქარტიის საბჭო ყურადღებას ამახვილებს
გავრცელებული ინფორმაციის სათანადო წესით გადამოწმების გარეშე,
მტკიცებით ფორმაში გავრცელებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ ინფორმაციის არაზუსტი და გადაუმოწმებელი გაშუქებით ჟურნალისტმა პატივი არ სცა აუდიტორიას და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
მეშვიდე პრინციპი.
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის შეკითხვები და ფრაზები როგორებიცაა: „რატომ მალავთ თქვენს წარმომავლობას?“, „ვიცით, რომ სომხური წარმომავლობა გაქვთ და გრცხვენიათ ამის აღიარება?“, „ფაქტები მაქვს და გაჩვენებთ აუცილებლად“ და ა.შ., ხელს უწყობს სომეხი ერის დისკრიმინაციას.
POSTV-ს შეპასუხებაში მითითებულია, არ ეთანხმებიან მე-7 პრინციპის დარღვევას, მიაჩნიათ რომ განცხადების ავტორის პოზიცია მიმართულია ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და თემატიკის განსაზღვრის თავისუფლების შეზღუდვისაკენ. მათ მიაჩნიათ, რომ განმცხადებლის პოზიცია დაუსაბუთებელია, ვინაიდან, მამუკა ხაზარაძისთვის შეკითხვების დასმა წარმოჩენილია დისკრიმინაციულ მიდგომად ან რაიმე ფაქტის დამახინჯებად.
POSTV-ს პოზიციით, განმცხადებელი ცდილობს, ჟურნალისტის შეკითხვები და მამუკა ხაზარაძის პიროვნებასთან დაკავშირებული საკითხი იმგვარად წარმოაჩინოს, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა რაიმე სახის დარღვევას, მაშინ როდესაც სიუჟეტი ეხება საჯარო პირის ქმედებების საჯაროდ დაფიქსირებასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო, სადავო მასალების საერთო შინაარსის, აქცენტების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სიუჟეტები დისკრიმინაციულია და მასში დაირღვა ქარტიის მეშვიდე პრინციპი.
ეთიკური პრინციპების მიხედვით დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, მათ შორის, ეთნიკური კუთვნილების ნიშნით. დაუშვებელია პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციაც.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტებში გამოყენებული ფრაზები:“ვიცით, რომ სომხური წარმომავლობა გაქვთ და გრცხვენიათ ამისი აღიარება?”; “ანუ, სომხები ხო ჩვენი მოძმე ერი არიან, საუკეთესო ხალხი, რატომ გრცხვენიათ ამისი აღიარება?”; “დიახ, მამუკა ხაზარაძეს სომხური წარმომავლობა და ფესვები აქვს, თუმცა ამ თემაზე საუბარი საკუთარ ნათესავებთანაც არ უყვარს. იმდენად არ უნდა, რომ მათთან კავშირიც გაწყვიტა, განსაცდელში ყოფნის დროსაც არ დაეხმარა, არადა მდიდარი ადამიანია, დიდ რესურსებს ფლობს, მაგრამ არ უნდა სომეხ ნათესავებთან მისი კავშირი სადმე მაინც დაფიქსირდეს”, სწორედ ეთნიკური დისკრიმინაციის ირიბი ფორმაა და არღვევს ქარტიის მე-7 პრინციპს.
თითქოს ჟურნალისტი ცდილობს, სომეხი ერის მიმართ კეთილგანწყობის დაფიქსირებას მათი “მოძმე და საუკეთესო ხალხად” მოხსენიებით, თუმცა ცალსახაა, რომ რეალურად მისი მიზანი ამ ამბით სპეკულირებაა.
ამ ჟურნალისტური პროდუქტების საერთო ხაზი არის, რომ ოპოზიციონერი
პოლიტიკოსი არის სომხური წამომავლობის, მაგრამ ეს ესირცხვილება და
მალავს.
ამ მთავარი გზავნილის ფონზე ჟურნალისტის მიერ ტრაფარეტული ფრაზით ხაზგასმა, რომ სომხები მოძმე და კარგი ხალხია, არის ერთგვარი პროპაგანდისტული ხრიკი, იმისთვის რომ თან გააგზავნოს მისთვის სასურველი არაეთიკური გზავნილი და თან ეს ისე გააკეთოს, რომ თითქოსდა თავიდან აირიდოს ვინმეს დისკრიმინაცია.
13 ოქტომბერს გასული სიუჟეტის კონტექსტი შემდეგნაირია: ის მამუკა
ხაზარაძის მიმართ დისკრედიტაციული ეპითეტებით იწყება, პოლიტიკოსი
მოხსენიებულია, როგორც მევახშე, ავანტიურისტი, თაღლითი, მატყუარა,
“ლგბტ პროპაგანდის” ხელშემწყობი, რაც შემდეგი ფრაზით მთავრდება:
”მაგრამ, ეს ყველაფერი არ
არის”.
სწორედ ამას მოსდევს ამბავი, რომ მამუკა ხაზარაძეს სომხური
წარმომავლობა აქვს, თუმცა ამის რცხვენია და მალავს.
გაშუქების ამ სტილით, სომხობა ჟურნალისტის მიერ წარმოჩენილია საზოგადოებაში სასირცხვილო, დასამალ ამბად და გაიგივებულია ზემოთ ჩამოთვლილ ისეთ ქმედებებთან, როგორიც არის თაღლითობა, მევახშეობა, ავანტიურისტობა და ა.შ.
საკითხის მსგავსი სახით გაშუქება იწვევს არმენოფობიის წახალისებას და იმ ადამიანებს, რომლებსაც სომხური წარმომავლობა აქვთ, ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს.
სადავო მასალებში ჟურნალისტი ხელს უწყობს სომხური წარმომავლობის მიმართ სტერეოტიპებისა და სტიგმის გაღრმავებას, რამდენადაც წარმოაჩენს, რომ სომხური დიასპორის წარმომადგენლობა, შესაძლოა, სამარცხვინო და დასამალი იყოს.
ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის, სტიგმის წახალისება. მედიას არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
საბჭო დადგენილ პრაქტიკაში აღნიშნავს, რომ მედია, შესაძლოა, მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე არ იფიქრებს.
ამას ადასტურებს POSTV-ს სოციალური მედიის გვერდზე გამოქვეყნებული სადავო მასალის ქვეშ არმენოფობიური კომენტარები.
საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების როლი დისკრიმინაციის აღმოფხვრაში კიდევ უფრო დიდია, იმ ფონზე, რომ საქართველოში ქსენოფობიური და განსაკუთრებით არმენოფობიული დამოკიდებულება შესამჩნევია, რასაც ცხადყოფს მედიის განვითარების ფონდის 2020 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქე ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ გამოვლენილი სიძულვილის ენის შემთხვევებს შორის არმენოფობია ლიდერობს (13.2%).
მოცემულ სიუჟეტებში ჟურნალისტი არათუ არ გაემიჯნა დისკრიმინაციულ გამონათქვამებს, არამედ ნაწილობრივ თავად იყო წყარო და ხელი შეუწყო კიდეც მათ გავრცელებას, რისი მიზანიც სომხური ეთნოსის დისკრიმინაციის გზით პოლიტიკოსი მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაცია იყო.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,
როცა დგინდება, რომ:
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა, რაც მოცემულ შემთხვევაში საბჭომ ზემოთ დაადგინა. ამასთან, ვინაიდან აღნიშნული დარღვევა განზრახვასაც მოიცავს, საბჭო ყოველთვის ცდილობს, დაადგინოს მისი მოტივი.
საბჭო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ჟურნალისტის ქმედების მოტივი პოლიტიკურია. ვინაიდან, სიუჟეტი წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნდა, ის მიზნად მამუკა ხაზარაძის, როგორც პოლიტიკოსის, ასევე მისი პოლიტიკური პარტიის მიმართ ნეგატიური განწყობების გამოწვევას ისახავდა.
გასათვალისწინებელია, რომ POSTV-ს საკონტროლო პაკეტს, 52%-ს 2022 წლის
ოქტომბრიდან ფლობს პარლამენტარი, უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე,
ეს მედია კი აქტიურადაა ჩართული მმართველი ძალის ნარატივების
გავრცელებაში. POSTV-ს მედია პროდუქტების აბსოლიტური უმრავლესობა
ხელისუფლებას დადებითად, ოპოზიციას კი უარყოფითად
წარმოაჩენს.
POSTV-ს სარედაქციო პოლიტიკა აშკარად პროსახელისუფლებოა და მეტ წილად
ემსახურება ოპოზიციის განზრახ “გაშავებას”. საბჭო მიიჩნევს რომ
განსახილველი სიუჟეტები წინასწარ განზრახვით იყო ამ ფორმით
მომზადებული და ადგილი არ აქვს ჟურნალისტის უნებლიე
შეცდომას.
საბჭოს ვარაუდით, მედიასაშუალების ქმედებას ორი ძირითადი მიზანი
ჰქონდა:
1. იმაზე აპელირებით, რომ მამუკა ხაზარაძეს აქვს სომხური წარმომავლობა და ის ამას მალავს, სურდათ საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა მის მიმართ ნეგატიურად განეწყოთ, რაც ამ ეთნიკურ ჯგუფში მის ამომრჩეველთა რიცხვს შეამცირებდა, მაშინ, როდესაც 2014 წლის მონაცემებით (გვ.62), ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის (სულ 168 102 პირი) დიდი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე, პოტენციური ამომრჩეველია.
2. მამუკა ხაზარაძის წარმომავლობაზე აქცენტირებით ეთნიკურად ქართველ მოსახლეობაში, რომელთა ნაწილშიც სხვადასხვა კვლევით ნეგატიური დამოკიდებულებაა სომხური ეთნოსის მიმართ, მისი პარტიის რეიტინგის შემცირება სურდათ.
ამ პოლიტიკურად მიკერძოებულ მოტივებს ამძაფრებს სიუჟეტში მონაწილე რესპონდენტების შერჩევა და მათი კომენტარები:
ანალიტიკოსი ზურა ქადაგიძე: “მე ვერ წარმომიდგენია, ადამიანი საკუთარ წარმომავლობას მალავდეს. ეს მეტყველებს პიროვნულ, არ ვიცი, ცალკე კომპლექსზე, ცალკე პრობლემაზე, თვითონ ამ პიროვნების. ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც თავის წარსულზე, თავის ფესვებზე, თავის ისტორიაზე, თავის გენეტიკაზე უარს იტყვის, რა თქმა უნდა, ეს იმ ერის შეურაცხყოფაა. საქართველოს, თბილისის ისტორიაში რამხელა მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ეთნიკური წარმომავლობის სომხები და შენ ამ დროს ხარ მათი წარმომადგენელი და არ ვიცი, ნუ, აი რა საბაბი, რა მიზეზი უნდა იყოს, რომ ადამიანმა ეს უარყვე.”
ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე: “როგორ შეიძლება კაცმა დამალო საკუთარი წარმოშობა. ალბათ, დაკომპლექსებული კაცია, კომპლექსი აქვს, კომპლექსი აქვს, ამისა, რომ მას რაღაცები ცუდად მიაჩნია და საკუთარი თავისათვის დამამცირებლად მიაჩნია და თავად რომ არის დამამცირებელი, გნებავთ ქართველი ხალხისა, გნებავთ, სომეხი ერისათვის, ეს მას ვერ გაუცნობიერებია. თავის სამარცხვინო საქციელებს, რომელიც ჩამოვთვალე კიდევ ერთი დაამატა და მისგან ეს გასაკვირი არ არის.”
ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭომ მე-11 პრინციპიც დარღვეულად მიიჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი
გურანდა ბილიხოძემ დაარღვია ქარტიის პირველი, მეშვიდე და მე-11 პრინციპები.
22 სექტემბერი, 2024 წელი
საქმე N-758, 759, 760
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, მანანა ქველიაშვილი, ნინო კაპანაძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა იზა მათითაიშვილმა. მისი განმარტებით, “მთავარი არხის” ჟურნალისტებმა მის შესახებ დაუზუსტებელი ინფორმაცია განზრახ გაავრცელეს.
მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი იზა მათითაიშვილი და მისი წარმომადგენელი მაია უსტარაშვილი.
სხდომაში მოპასუხე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
“მთავარმა
არხმა” იზა მათითაიშვილის შესახებ ჯამში სამი მასალა მოამზადა. სამივე
მასალა ეხებოდა იზა მათითაიშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსის
პირადი მიზნებისთვის გამოყენებას. მასალების მიხედვით, მერის
წარმომადგენელი მის სოფელში, სოფელ აცანაში, სახელმწიფო პროგრამით
დასაქმებულ ადამიანებს საკუთარ სახლში ამუშავებდა, შანტაჟით აიძულებდა
საცხოვრებელი სახლის დასუფთავებას. ასევე, სიუჟეტების მიხედვით, მერის
წარმომადგენელმა ადგილობრივი მცხოვრები, თბილისში გამართულ “ქართული
ოცნების” ორგანიზებულ აქციაზე იძულებით წაიყვანა.
განმცხადებელმა მასალებში სხვადასხვა ფრაზები გახადა საადავო:
სადავო ფრაზები:
“რაც შეეხება თავად მომხდარ ფაქტს, ადგილობრივები, რომლებსაც სოციალური სტატუსი აქვთ და სახელმწიფომ ისინი სხვადასხვა საჯარო სამსახურში დაასაქმა, ერთ-ერთი მოქალაქე ჩვენთან საუბარში ყვება, რომ ის არის დასაქმებული სოფლის სასაფლაოს დამლაგებლად და სწორედ ამ მოქალაქეს სოფლის რწმუნებული იზა მათითაიშვილი აიძულებს საცხოვრებელი სახლის დალაგებას, საკარმიდამო ტერიტორიების დალაგებას და საცხოვრებელი სახლის დასუფთავებას”;
“ეს არის ის ფაქტი, რაზეც ერთ-ერთი ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ყვება.”
სადავო ფრაზები:
“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, აცანას რწმუნებულის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე უფრო მეტი ადამიანი ალაპარაკდა”;
“იზა მათითაიშვილის გადაყენების მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის მერს მიმართეს”;
“საუბარია შანტაჟსა და იძულებაზე, რომელსაც ადგილობრივების მიმართ სოფლის რწმუნებული ახორციელებდა. კერძოდ, იზა მათითაიშვილი საკუთარი ოჯახის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებსა და სახლის დალაგებას შანტაჟის გზით აიძულებდა, უარის შემთხვევაში კი, სოციალური დახმარების მოხსნით და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა”;
“დღეს უკვე ამავე სოფლის სხვა ადგილობრივებმაც ღიად დაიწყეს საუბარი და ჩვენ ჩავწერეთ რამდენიმე ადგილობრივი, რომელიც პირდაპირ სოფლის სახელმწიფო რწმუნებულს ადანაშაულებს სამსახურებრივ გულგრილობაში”;
“ჩვენი ინფორმაციით, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამის შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერსაც აქვს ინფორმაცია. 54 ადამიანის განცხადება არის მერიაში შესული იმის თაობაზე, რომ იზა მათითაიშვილმა დატოვოს აღნიშნული თანამდებობა.”
სადავო ფრაზები:
“როგორც ადგილობრივები ყვებიან, სავარაუდო იძულებითი შრომა არ არის ერთადერთი დანაშაული, რასაც იზა მათითაიშვილი სჩადის.”
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით სამივე სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
სამივე სადავო სიუჟეტის მთავარი რესპონდენტი ადგილობრივი მცხოვრები ნათია ბერიძეა, რომელიც, როგორც სოციალურად დაუცველი, სოციალური პროგრამის ფარგლებში სასაფლაოს დამლაგებლად არის დასაქმებული.
მხოლოდ მის მონათხრობზე დაყრდნობით, ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში
ადანაშაულებს განმცხადებელს შანტაჟში, იძულებაში, სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტებაში.
ჟურნალისტი სადავო მასალაში ინფორმაციას, რომელსაც გადმოსცემს,
აფასებს, როგორც ფაქტს, კერძოდ: “რაც
შეეხება თავად მომხდარ ფაქტს”;
“ეს
არის ის ფაქტი,
რაზეც ერთ-ერთი ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ყვება”.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, იმისათვის, რომ ამბავი ფაქტად შეფასდეს,
აუცილებელია ის, სულ მცირე, ორ ურთიერთდამოუკიდებელ წყაროს
ეყრდნობოდეს, მით უფრო მაშინ, როცა განმცხადებლის მისამართით
გაჟღერებული ბრალდებების ნაწილი საქართველოს კანონმდებლობით სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. ქარტიის საბჭო
მიიჩნევს, რომ, ამგვარი ბრალდების შემთხვევაში, ჟურნალისტის მიერ
მოძიებული მტკიცებულებები მაქსიმალურად გადამოწმებული და დაზუსტებული
უნდა იყოს.
სადავო სიუჟეტში
მტკიცებით ფორმაში გადმოცემული ამბავი მეტ დაზუსტებას საჭიროებდა.
ჟურნალისტის ტექსტი და მთავარი რესპოდენტის მონათხრობი სიუჟეტშივე არ
არის თანხვედრაში.
ჟურნალისტი ტექსტში ამბობს, რომ იზა მათითაიშვილი დასაქმებულებს მისი სახლისა და კარ-მიდამოს დალაგებას აიძულებს.
რესპოდენტი კი ჰყვება, რომ მათითაიშვილის ძმის ეზო დაალაგა და ჩაი
მოკრიფა.
შესაძლოა, ეს უზუსტობა უმნიშვნელოა მერის წარმომადგენლის ქმედების
სამართლებრივი შეფასებისას, თუმცა ჟურნალისტური სტანდარტის
თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა რესპოდენტის მონათხრობა
აღწეროს ზუსტად და ამბავი არ შეცვალოს, დაამძიმოს ან
შეამსუბუქოს.
პირველივე მასალაში იზა მათითაიშვილი სატელეფონო კომენტარში კატეგორიულად უარყოფს ჟურნალისტის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს. ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტს ამბის დასაზუსტებლად მეტი ძალისხმევა უნდა გამოეჩინა.
მეორე სიუჟეტში, რომელიც ეთერში პირველი სიუჟეტის მომდევნო დღეს
გავიდა, ჟურნალისტები კვლავ მტკიცებით ფორმაში ჰყვებიან, რომ
მათითაიშვილი თანასოფლელს საოჯახო საქმეებს იძულებით და შანტაჟით
აკეთებინებდა.
მეორე მასალაში წამყვანი ამბობს, რომ მათითაიშვილის მხრიდან
“სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტებაზე უფრო მეტი ადამიანი ალაპარაკდა”.
წამყვანის ტექსტის მიხედვით, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში
“მათითაიშვილი მათ სოციალური შემწეობის მოხსნით და სამსახურიდან
გათავისუფლებით ემუქრებოდა”.
მეორე სიუჟეტშიც მათითაიშვილის
მხრიდან შანტაჟსა და მუქარაზე კვლავ მტკიცებით ფორმაში იყო
საუბარი.
მეორე სიუჟეტში, ისევ მხოლოდ რესპოდენტების მონათხრობით, მათითაიშვილი
დადანაშაულებულია იძულებაში, კორუფციაში, თანასოფლელების
შეურაცხყოფაში.
მეორე სიუჟეტში მონაწილე ორი რესპოდენტი, რომელებიც, ჟურნალისტის თქმით, პირველი სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ ალაპარაკდნენ, სინამდვილეში პირველი სიუჟეტის მთავარი გმირის, მამხილებლის, ოჯახის წევრები - ქმარი და შვილი - არიან. მათი, როგორც ამბის გახმაურების შემდეგ გამოჩენილ დაზარალებულებად წარმოჩენა, არაზუსტია. სიუჟეტებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ რესპოდენტების შესახებ ჟურნალისტმა წინა დღით, პირველი სიუჟეტის მომზადების დროსაც იცოდა.
სიუჟეტის დანარჩენი რესპოდენტები არიან ოპოზიციური პარტიების -
“ნაციონალური მოძრაობის” და “კოალიცია ცვლილებისთვის” - ადგილობრივი
წარმომადგენლები, რომლებიც ბრალდებებს გამოთქვამენ მათითაიშვილის
მისამართით, თუმცა მათი ბრალდებები არ არის რაიმე მტკიცებულებით
გამყარებული.
მეორე სიუჟეტში
ჟურნალისტი ამბობს, რომ იზა მათითაიშვილის სამსახურიდან გადაყენების
მოთხოვნით “54 ადამიანის
განცხადება არის მერიაში შესული”. განმცხადებელმა საბჭოს
წარმოუდგინა მტკიცებულება, ლანჩხუთის მერიის მიერ გაცემული ოფიციალური
წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მერიაში მათითაიშვილის წინააღმდეგ
ერთადერთი განცხადებაა შესული, რომლის ავტორი სიუჟეტის მთავარი
რესპონდენტი ნათია ბერიძეა.
აღნიშნული ადასტურებს, რომ ჟურნალისტმა 54 განმცხადებლის
დასახელებისას ინფორმაცია არ გადაამოწმა, სიუჟეტში არ ჩანს
ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა, თუნდაც მიმართვა ლანჩხუთის
მუნიციპალიტეტის მერიისთვის.
მესამე სიუჟეტში იდენტური ბრალდებებია გაჟღერებული, ჟურნალისტი
რესპოდენტების მონათხრობს კვლავ ფაქტებად წარმოაჩენს.
სიუჟეტში კვლავ ისმის ოპოზიციონერი პარტიების წარმომადგენლების დაუსაბუთებელი ბრალდებები იზა მათითაიშვილის მისამართით.
საბჭო აღნიშნავს, რომ სიუჟეტებში ინფორმაცია არ არის ამომწურავად გადმოცემული, რაც ამბის და პრობლემის მთლიანი სურათის აღქმას აძნელებს. ჟურნალისტმა არ გასწია სათანადო ძალისხმევა თემის ამომწურავად გაშუქებისთვის, არ გამოჰკითხა და აჩვენა სოფელში მცხოვრები სხვა სოციალურად დაუცველები, რათა აუდიტორიას გაეგო, მათაც ხომ არ ჰქონდათ ანალოგიური პრობლემა. მხოლოდ ერთი ოჯახის წევრების მონათხრობზე დაყრდნობით გააჟღერა მძიმე ბრალდებები, რომლებიც სათანადოდ გადამოწმებული არ იყო.
აუდიტორიას მასალები ბევრ უპასუხო კითხვას უჩენდა და დაუზუსტებელ ბრალდებებს სთავაზობდა, რაც, საბჭოს მოსაზრებით, სიზუსტის უპატივცემულობა და ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევაა.
მესამე პრინციპი.
“ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.”
ქარტიის საბჭოს პოზიციით, სადავო მასალებში ქარტიის მესამე პრინციპი არ დარღვეულა.
საბჭოს განმარტებით, აღნიშნული პრინციპი დარღვეულია მაშინ, როდესაც ბუნებაში არ არსებობს წყარო, რომელზე დაყრდნობითაც ხდება ინფორმაციის გავრცელება. წყარო დადასტურებულია იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა იცის, ვინ არის ამა თუ იმ ფაქტის წყარო, თუმცა, შეუძლია, მისი ვინაობა არ გაამხილოს. ამ მუხლის ქვემდებარე არ არის წყაროს სანდოობის საკითხი.
ვინაიდან სადავო მასალებს ჰყავს წყარო, თანაც იდენტიფიცირებული, რომლებიც სიუჟეტებშიც არიან წარმოდგენილნი, აღნიშნულ პრინციპს საბჭო დარღვეულად ვერ მიიჩნევს.
ამდენად, საბჭოს პოზიციით, ქარტიის მე-3 პრინციპი არ დარღვეულა.
მეხუთე პრინციპი.
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში დარღვეულია ქარტიის მეხუთე პრინციპი.
ქარტიის სამდივნომ, იზა მათითაიშვილის განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა “მთავარ არხს”. აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც წარმოშობდა მათ ვალდებულებას, არაზუსტი ინფორმაცია შეესწორებინათ, რაც არ მომხდარა.
ამასთან, 6 აგვისტოს გასულ მესამე სადავო სიუჟეტში განმცხადებელი ჟურნალისტს ეუბნება, რომ მას სარჩელი სასამართლოში აქვს შეტანილი. ჟურნალისტიც აღნიშნავს, რომ იზა მათითაიშვილმა მათ უთხრა “მთავარი არხის” წინააღმდეგ დავის სასამართლოში დაწყების თაობაზე. ეს სარწმუნოდ ხდის იმას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო იზა მათითაიშვილის პრეტენზიები სიუჟეტებთან დაკავშირებით.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სადავო მასალები დღემდე პირვანდელი სახით ხელმისაწვდომია “მთავარი არხის” ფეისბუქ გვერდზე და მათ არ აქვთ არანაირი მინიშნება, რომ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.
შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-5 პრინციპი.
მეთერთმეტე პრინციპი.
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტებიდან პირველში არ დარღვეულა ქარტიის მე-11 პრინციპი, ხოლო მეორე და მესამე სიუჟეტებში დადგინდა აღნიშნული პრინციპის დარღვევა.
ქარტიის საბჭოს მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის მაღალი სტანდარტი
აქვს.
საბჭოს უნდა შეეფასებინა, პირველ პრინციპთან მიმართებაში დადგენილი
დარღვევები ჟურნალისტმა განზრახ ჩაიდინა თუ არა, რადგანაც მე-11
პრინციპის დარღვევა განზრახი “დანაშაულია” და საბჭო ყოველთვის ეძებს
მოტივს და ამ მოტივის დასაბუთებას.
ქარტიის
საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად
ჩაითვლება,
როცა დგინდება, რომ:
საბჭო შეთანმხდა, რომ იზა მათითაიშვილის მიმართ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ჰქონდა განგრძობითი, კამპანიური ხასიათი.
“მთავარი არხის” ჟურნალისტებმა, ამ ამბის გაშუქებისას პირველ სიუჟეტში
მოთხრობილი დაუზუსტებელი ამბავი, მეორე და მესამე სიუჟეტში კვლავ
სათანადო გადამოწმების გარეშე გაავრცელეს, რასაც საბჭო მიიჩნევს
ჟურნალისტების მხრიდან არაზუსტი ინფორმაციის განგრძობითად
გავრცელებად.
მესამე
სიუჟეტის მომზადებისას ჟურნალისტებმა უკვე იცოდნენ, რომ იზა
მათითაიშვილი მათ სასამართლოში უჩიოდა, სადავოდ ხდიდა მათ მიერ
გაჟღერებულ ინფორმაციას. ამის მიუხედავად, გადამოწმების ნაცვლად,
ჟურნალისტები მესამე სიუჟეტში, დამატებითი მტკიცებულებების გარეშე,
კვლავ ავრცელებდნენ არაზუსტ ინფორმაციას.
ეთიკური პრინციპები ჟურნალისტს ავალდებულებს, აუდიტორიის პატივისცემის მიზნით, მაქსიმალურად გადაამოწმოს ფაქტები, მით უფრო მაშინ, როცა მისთვის ცნობილი ხდება, რომ მის მიერ მომზადებულ მასალებში გავრცელებული ინფორმაცია სადავოდ არის გამხდარი.
“მთავარი არხის” ჟურნალისტის მხრიდან მეორე და მესამე სიუჟეტებში ფაქტების დამატებით არ გადამოწმება, დამატებითი რესპოდენტების არ მოძიება, დამატებითი ინფორმაციის არ გამოთხოვა, ინფორმაციის მოპოვების მცდელობის სიუჟეტში არ ასახვა საბჭოს მიაჩნია ჟურნალისტის განზრახვად, კვლავ გაევრცელებინა ინფორმაცია სათანადო გადამოწმების გარეშე. საბჭო მიიჩნევს, რომ ამგვარი უმოქმედობაც ჟურნალისტის განზრახულობაზე მიანიშნებს და ესეც მე-11 პრინციპის დარღვევაა.
სიუჟეტებში ოპოზიციონერი პარტიების წარმომადგენლების კომენტარების
გამოყენება, ისეთი კომენტარების, რომლებიც იზა მათითაიშვილის მხრიდან
შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებზე ფაქტობრივ ინფორმაციას არ შეიცავდა
და მხოლოდ მის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებას
ემსახურებოდა, საბჭოს მიაჩნია ჟურნალისტის განზრახვად, ხელისუფლების
წარმომადგენელი სათანადოდ გადამოწმებული მტკიცებულებების გარეშე,
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მეშვეობით, ეკრიტიკებინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მეორე და მესამე სიუჟეტებში
ქარტიამ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა, ხოლო პირველში -
არა.
სარეზოლუციო ნაწილი
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სამივე სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპები, მე-11 პრინციპის დარღვევა დადგინდა მხოლოდ მეორე და მესამე სიუჟეტებში, ხოლო პირველში - არა, მე-3 პრინციპი კი სადავო მასალებში არ დარღვეულა.
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტები
22 სექტემბერი, 2024 წელი
საქმე N-761
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, მანანა ქველიაშვილი, ნინო კაპანაძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას არ დასწრებია განმცხადებელი. მასთან შეთანხმებით, საბჭომ განცხადება ნენე (ნესტან) დალაქიშვილის დაუსწრებლად განიხილა.
მოპასუხე ჟურნალისტებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც თავიანთი შეპასუხება წარმოუდგენიათ წერილობით.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
სადავო მედიაპროდუქტი 24 აგვისტოს “იმედის” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე “ქარდის” სახით გამოქვეყნდა. მასში განმცხადებელი მოხსენიებული იყო, როგორც “ნაცმოძრაობის აქტივისტი”.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
განმცხადებლის პოზიციით, მცდარია მისი “ნაცმოძრაობის აქტივისტად” წარმოჩენა, ვინაიდან ის არის ჟურნალისტი, ტელეკომპანია "ფორმულას” პოლიტიკური გადაცემების პროდიუსერი. სადავო მასალა ემსახურება მკითხველის შეცდომაში შეყვანას და ტელეკომპანია "იმედს" თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ზუსტად უნდა მიეთითებინა მისი საქმიანობის შესახებ.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, “იმედის” ფეისბუქ პოსტით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, რადგან მასში ნენე დალაქიშვილის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაციაა გამოტანილი, რაც აუდიტორიას არასწორ წარმოდგენას უქმნის.
წინამდებარე პრინციპი ავალდებულებს ჟურნალისტს, ინფორმაციის გამოქვეყნებამდე მაქსიმალურად გადაამოწმოს ის და ამით უზრუნველყოს აუდიტორიის უფლება, მიიღოს ზუსტი და სწორი ინფორმაცია.
საბჭომ გამოიკვლია, შესაძლებელია თუ არა საჯარო წყაროებში, განმცხადებლის საქმიანობის შესახებ, ინფორმაციის მოძიება.
ირკვევა, რომ განმცხადებლის, ნენე დალაქიშვილის ფეისბუქ გვერდზე მითითებულია მისი ამჟამინდელი სამუშაო ადგილი და ისიც, თუ რას საქმიანობდა წინა წლებში.
აქედან გამომდინარე, ჟურნალისტი ვალდებული იყო, მიეთითებინა ის სამსახურებრივი პოზიცია, რაც განმცხადებელს ღიად აქვს დაფიქსირებული.
თუ “იმედის” ჟურნალისტს ჰქონდა რამე მტკიცებულება რომ ნენე დალაქიშვილი “ნაციონალური მოძრაობის აქტივისტია” ასეთი მტკიცებულება, ბმულის სახით მაინც უნდა მიეთითებინა გამოქვეყნებულ მასალაში და ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ნესტან დალაქიშვილს დაკავშირებოდა, ვინაიდან ნესტან დალაქიშვილი საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში არ ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას როგორც “ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი”.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ “ქარდზე” გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოტანით, “იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა აუდიტორიისადმი უპატივცემულობა გამოიჩინა და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
მეხუთე პრინციპი.
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:
ქარტიის სამდივნომ ნენე დალაქიშვილის განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა “იმედს”. აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც წარმოშობდა მის ვალდებულებას, არაზუსტი ინფორმაცია შეესწორებინა.
ამასთან, განმცხადებელმა “ქარდთან” დაკავშირებით გამოაქვეყნა ფეისბუქ სტატუსი, რომელშიც გამოთქვამს უკმაყოფილებას მისი “ნაცმოძრაობის აქტივისტად” მოხსენიების გამო და პოსტზე მონიშნულია ტელეკომპანია “იმედიც”. ეს კიდევ უფრო ზრდის დაშვებას, რომ ტელეკომპანიამ იცოდა სადავო მასალაზე ნენე დალაქიშვილის პრეტენზიის შესახებ.
საბჭო განმარტავს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა შესაძლებლობა და საფუძველი, მასალაში არსებული უზუსტობები შეესწორებინა, რაც არ მომხდარა.
სადავო მასალა დღემდე ხელმისაწვდომია “იმედის” ფეისბუქ გვერდზე და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ “ქარდში” გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია. ამასთან, საბჭოს მიერ დადგენილია ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა, რაც წინამდებარე დანაწესის დარღვევის დადგენის წინაპირობაცაა.
შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა და გადაცემის წამყვანმა დაარღვიეს ქარტიის მე-5 პრინციპი.
მეშვიდე პრინციპი.
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”
განმცხადებლის პოზიციით, მისი ფეისბუქ სტატუსის კონტექსტის დამახინჯებულად წარმოჩენამ, მის მიმართ ნეგატიური კომენტარები გამოიწვია და მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელებით, “იმედმა” დისკრიმინაცია წაახალისა.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო “ქარდში” ქარტიის მე-7 პრინციპი არ დარღვეულა.
საბჭო განმარტავს, რომ დისკრიმინაციის მეტად პერსონალური ხასიათიდან გამომდინარე, საჭირო იყო ამ ნაწილში განმცხადებლის მხრიდან დამატებითი არგუმენტების, მტკიცებულებების წარმოდგენა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო იმის უკეთ აღქმა, თუ რა ასპექტში, რა ნიშნით მოხდა მისი დისკრიმინაცია. მოცემულ შემთხვევაში კი საბჭომ ეს ვერ დაინახა.
ამასთან, ქარტიის საბჭოს პოზიციით, “ნაცმოძრაობის აქტივისტად” შერაცხვა თავისთავად არ წარმოადგენს დისკრიმინაციის ფორმას და ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირება არ შეიძლება დისკრიმინაციის გამოხატულებად ჩაითვალოს.
ზემოაღნიშნულის გადაწყვეტილებით, საბჭო ვერ დარწმუნდა ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევაში და მიიჩნია, რომ დისკრიმინაცია არ დასტურდება.
მეთერთმეტე პრინციპი.
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სადავო მასალაში დამახინჯებულადაა წარმოჩენილი მისი ფეისბუქ სტატუსის კონტექსტი და “იმედმა” მიზანმიმართულად, განზრახ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ.
საბჭომ სადავო “ქარდში” ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევა დაადგინა.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,
თუ დადგინდა, რომ:
1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;
2. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;
3. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.
24 აგვისტოს გამოქვეყნებული სადავო “ქარდი” “იმედმა” მოამზადა ნენე
დალაქიშვილის მიერ 23 აგვისტოს გამოქვეყნებულ ფეისბუქ სტატუსზე
დაყრდნობით. იმედის ჟურნალისტს დალაქიშვილის სოციალური ქსელის
მთავარ გვერდზევე შეეძლო ენახა მითითება, რომ ის ტელეკომპანია
“ფორმულას” თანამშრომელია და არ ახდენს თავის იდენტიფიცირებას როგორც
“ნაცმოძრაობის აქტივისტი”.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, როცა საბჭო რწმუნდება, რომ, გარემოების გათვალისწინებით, ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაცია უნდა სცოდნოდა, მაგრამ მან მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა, საბჭო დარღვეულად მიიჩნევს მე-11 პრინციპს.
მე-11 პრინციპის დადგენისას საბჭო ყოველთვის ცდილობს, გამოიკვლიოს რა განზრახვა ამოძრავებდა ჟურნალისტს არაზუსტი ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებისას.
განსახილველ შემთხვევაში საბჭო მოტივად მიიჩნევს “იმედის”მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას - “იმედს” ღიად აქვს გაცხადებული, რომ ის მხარს უჭერს მმართველ პარტიას და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იბრძვის.
ნესტან დალაქიშვილი განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და მისი აქტივობების უმრავლესობა მიმართულია არსებული ხელისუფლების კრიტიკისკენ.
“იმედის” ჟურნალისტმა ამ “ქარდით” სცადა, ნენე დალაქიშვილის კრიტიკული პოსტები როგორც “ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის” პოზიცია, ისე წარმოეჩინა. ამით კი ხელი შეუწყო მის დისკრედიტაციას, რაზეც მიანიშნებს “იმედის” ამ “ქარდზე” მომხმარებლების შეურაცხყმოფელი კომენტარების სიმრავლე ნენე დალაქიშვილის, როგორც “ნაციონალების აქტივისტის” მისამართით.
აქედან გამომდინარე, საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო “ქარდში”
დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
“იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპები, ხოლო მე-7 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.
23 ივნისი, 2024 წელი
საქმე N745, N746, N747, N748
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე, ირმა ზოიძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მოსამართლე მადონა მაისურაძემ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 31 მარტს, 1-ელ და 4 აპრილს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ გადაცემებში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი და მე-11 პრინციპები.
მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ: მარიამ ქართველიშვილი, ხატია ქვათაძე, ლევან ჯავახიშვილი, ქეთი ქაშაკაშვილი, ლევან კვატაშიძე და ვარლამ წიკლაური.
საქმის განხილვის თავისებურებები:
საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდა და საბჭოს პოზიცია წარმოუდგინა განმცხადებელმა მადონა მაისურაძემ.
მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც თავიანთი შეპასუხება წარმოუდგენიათ წერილობით.
განმცხადებელი თავდაპირველად დავობდა 1-ელი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე..
განხილვისას, მას შემდეგ, რაც განემარტა ქარტიის პრინციპები, განმცხადებელმა მე-3 პრინციპი მოხსნა. საბოლოოდ, განმცხადებელმა დააზუსტა, რომ სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა ქარტიის 1-ელი და მე-11 პრინციპები დაარღვია.
სამოტივაციო ნაწილი:
TV “იმედის” ეთერში გასული სიუჟეტების ქრონოლოგია და სადავო ფრაზები:
ვარლამ წიკლაურის სადავო ფრაზები:
„ქრონიკის წყაროს ინფორმაციით, საქართველოში აკრედიტებულმა ერთ-ერთმა საელჩომ თავის თანამშრომლებთან ერთად ვეტინგის მომხრე რამდენიმე მოსამართლე ევროპული ქვეყნის დედაქალაქში წაიყვანა. წყაროს ცნობით, ისინი ხუმრობით ამბობენ, რომ ვეტინგის მომხრე მოსამართლეებთან ერთად „მოსამართლე ალიბიც“ თან ჰყავთ წაყვანილი. „ქრონიკა“ მოსამართლეთა ვინაობის, მათი ვიზიტის მიზნებისა და დამატებითი ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, ჩვენ დავუკავშირდით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს. საელჩოში ამბობენ, რომ დღეს დასვენების დღეა. ასევე, დავუკავშირდით იმ მოსამართლეებს, რომელთაც საჯაროდ აქვთ დაფიქსირებული, რომ ე.წ. ვეტინგს ეთანხმებიან. „ქრონიკის“ კითხვას ხუთმა მოსამართლემ უპასუხა. ისინი „ქრონიკის“ წყაროს ინფორმაციას უარყოფენ. ვეტინგის მომხრე სხვა მოსამართლეები ჩვენს კითხვას ჯერჯერობით უპასუხოდ ტოვებენ”.
ქეთი ქაშაკაშვილის სადავო ფრაზები:
“მმართველი გუნდის შეფასებით, ვეტინგის მომხრე მოსამართლეების რომში მოგზაურობა მათი საჯარო პოზიციის გამო ერთგვარ წახალისებას ჰგავს, რაც მათივე თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევას ნიშნავს”.
„ქრონიკის წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამერიკის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა დაბადების დღის აღნიშვნის მოტივით 3 მოსამართლე: ეკა არეშიძე, მადონა მაისურაძე და თამარ ხაჟომია იტალიაში წაიყვანა. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ისინი ხუმრობენ, რომ თან ჰყავდათ მოსამართლე - ალიბი, სავარაუდოდ, საუბარია მათთან ერთად მყოფ მოსამართლეზე - თამარ ჩიხლაძეზე”.
ლევან ჯავახიშვილის სადავო ფრაზები:
„სასამართლოსთან დაკავშირებული კამპანიის ნაწილად განიხილავს ხელისუფლება ვეტინგის თემას, რომელსაც ასევე ნაც. მოძრაობა განსაკუთრებულად ლობირებს. სასამართლოს დამორჩილების მცდელობად შეფასებული ინიციატივა მოსამართლეთა უმრავლესობისთვის, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მიუღებელია”.
ხატია ქვათაძის სადავო ფრაზები:
„სწორედ უმცირესობაში მყოფი ვეტინგის მომხრეები რომში ამერიკის საელჩოს თანამშრომელთან ერთად აღმოჩნდნენ”.
მარიამ ქართველიშვილის სადავო ფრაზები:
„ვეტინგის მომხრე რამდენიმე მოსამართლე დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა ევროპაში სამოგზაუროდ წაიყვანა, ინფორმაცია ქრონიკას წყარომ მიაწოდა. მისივე ცნობით, ევროპული ტურნეს მონაწილეებს შორის იყო მოსამართლე, რომელზეც სხვები ხუმრობით ამბობდნენ, რომ თან ჰყავდათ მოსამართლე - ალიბი”.
ლევან კვატაშიძის სადავო ფრაზები:
„რა მიზნით იმყოფებოდნენ მოსამართლეები ევროპაში - „ქრონიკამ“ სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს: მადონა მაისურაძეს, ეკა არეშიძეს და ლევან დარბაიძეს კონკრეტული კითხვებით მიმართა. ეკა არეშიძე აცხადებს, რომ ნატა წნორიაშვილთან ერთად სამ სასწავლო პროცესზე ევროპასა და ამერიკაში ნამდვილად იმყოფებოდა, ბოლო ვიზიტი კი მისივე ინფორმაციით, 2017 წელს შედგა. რაც შეეხება მადონა მაისურაძეს, მოსამართლემ „ქრონიკის“ ჟურნალისტის კითხვას სატელეფონო შეტყობინებით უპასუხა - ვციტირებ: „ნატა წნორიაშვილთან ერთად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განვითარების პროექტის ფარგლებში, შტატებში ნამყოფი ვარ მხოლოდ ერთხელ 2017 წელს“. მოსამართლე ლევან დარბაიძემ კი „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას წნორიაშვილთან ერთად მივლინებაში ყოფნა საერთოდ უარყო. ცნობისთვის, ნატა წნორიაშვილი ამერიკის საელჩოში იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორია. მოსამართლეების ევროპაში ვიზიტს მმართველი პარტია სასამართლო სისტემაში ჩარევად აფასებს, ოპოზიციაში კი აზრი ორად გაიყო. ნაწილი პრობლემას ვერ ხედავს, ნაწილს კი ვიზიტი რეალურ მიზნებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს”.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭომ იმსჯელა სიუჟეტებში აღწერილ გარემოებებზე, გადაცემების შინაარსსა და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და დაადგინა, რომ სიუჟეტები არის მანიპულაციური და საზოგადოებისთვის ისეთი გზავნილების მიწოდებას ემსახურება, რომელთა ნაწილიც არ არის სათანადოდ გადამოწმებული და დადასტურებული.
საბჭო მიიჩნევს, რომ სიუჟეტებში წარმოდგენილი ფაქტები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მოსამართლეები, მათ შორის, მადონა მაისურაძე, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა წაიყვანა იტალიაში, თუმცა აღნიშნული არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. მეტიც, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები საპირისპიროს ამტკიცებს.
სიუჟეტში ვხვდებით ფრაზებს: “საქართველოში აკრედიტებულმა ერთ-ერთმა
საელჩომ თავის თანამშრომლებთან ერთად ვეტინგის მომხრე რამდენიმე
მოსამართლე ევროპული ქვეყნის დედაქალაქში წაიყვანა”;
„ამერიკის საელჩოს იუსტიციის და მართლმსაჯულების მიმართულების
კურატორმა დაბადების დღის აღნიშვნის მოტივით 3 მოსამართლე: ეკა
არეშიძე, მადონა მაისურაძე და თამარ ხაჟომია იტალიაში
წაიყვანა“;
ვეტინგის მომხრე რამდენიმე მოსამართლე დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა ევროპაში სამოგზაუროდ წაიყვანა”.
სადავო მასალებში ამ ამბის ასეთი ფორმულირებით გაშუქებით „იმედის“ ჟურნალისტები ცხადად მიანიშნებენ, რომ საელჩომ თუ მისმა წარმომადგენელმა მოსამართლეები იტალიაში თავისი ხარჯებით დაასვენა, რაც იყო ჯილდო ე.წ. ვეტინგის მხარდაჭერისათვის.
განმცხადებელმა საბჭოს წარმოუდგინა ბილეთების შეძენის, სასტუმროს დაჯავშნის და მოგზაურობისთვის საჭირო სხვა ხარჯებისთვის თანხების პირადი ანგარიშიდან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც ადასტურებს, რომ იტალიაში მოგზაურობა არ იყო დაგეგმილი და დაფინანსებული აშშ-ის საელჩოს ან/და მათი თანამშრომლის მიერ.
საბჭოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებში ასახულია მოგზაურობამდე რამდენიმე თვით ადრე დაწყებული პირადი მიმოწერა მოსამართლე მადონა მაისურაძესა და მის კოლეგა მეგობრებს შორის, რაც ცხადად წარმოაჩენს, რომ ეს იყო მეგობრების მიერ წინასწარ დაგეგმილი პირადი მოგზაურობა და არა ვინმეს საჩუქარი.
ხანგრძლივი მიმოწერიდან ჩანს, რომ მოსამართლეებმა და ნატა
წნორიაშვილმა (საელჩოს წარმომადგენელი) პირადი, მეგობრული
ურთიერთობებიდან გამომდინარე, თავად დაგეგმეს და გაიღეს ხარჯები
იტალიაში მოგზაურობისთვის.
„იმედის“ ჟურნალისტებმა აღნიშნული თემა ფორსირებულად და შესაბამისი გადამოწმების გარეშე გააშუქეს, ისე რომ სათანადოდ არ სცადეს „ბრალდებული“ მოსამართლეებისგან კომენტარის მოპოვება. „წყაროსგან მიწოდებული ამბავი“ ისე გააშუქეს, რომ არ ჰქონდათ მოგზაურობაში მონაწილე არც ერთი ადამიანის კომენტარი.
მასალებში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ: „ქრონიკა“ მოსამართლეთა ვინაობის,
მათი ვიზიტის მიზნებისა და დამატებითი ინფორმაციის დაზუსტებას
ცდილობს“, რომ მათ დარეკეს ამერიკის საელჩოში, თუმცა პასუხი ვერ
მიიღეს საელჩოში დასვენების დღის გამო.
საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თემა ასეთ ფორსირებულ გაშუქებას არ საჭიროებდა. სიზუსტის უზრუნველსაყოფად “იმედის” ჟურნალისტებს მეტი ძალისხმევა უნდა გაეღოთ და ინფორმაციის გადამოწმებაზე მეტი დრო უნდა დაეხარჯათ.
საბჭო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა ინფორმაციის გადასამოწმებლად არ გაიღეს საკმარისი ძალისხმევა, არ დააზუსტეს მოსამართლეების მოგზაურობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სასამართლოს ადმინისტრაციაში ან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, არ მოიკითხეს, იყვნენ თუ არა მოსამართლეები ევროპაში სამსახურებრივი მიზნით, ანდა პირადი შვებულების ფარგლებში. გადამოწმების ასეთი მცდელობები “იმედის” მასალებში არ ჩანს.
მნიშვნელოვანია, რესპონდენტს მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს პასუხის უფლებით, რაც გულისხმობს მისთვის არა მხოლოდ კითხვების დასმას, არამედ მათზე საპასუხოდ და მოსამზადებლად გონივრული დროის მიცემას. სწორედ ამის დარღვევის მაგალითია ის, რომ „იმედის“ ჟურნალისტმა მადონა მაისურაძეს მისწერა 31 მარტს 00:54 სთ.-ზე, მისი იტალიიდან გამოფრენის ღამეს (მოსამართლემ საბჭოს განუმარტა, რომ მინაწერი დაგვიანებით ნახა), ხოლო სიუჟეტი ეთერში გავიდა რამდენიმე საათში, 1 აპრილის დილის 11-საათიან ქრონიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბის დაჩქარებულად გაშუქების არანაირი ობიექტური საჭიროება არ არსებობდა.
ამასთან, გასათვალისწინებელია შეტყობინების შინაარსიც: „ქალბატონო მადონა, ძალიან დიდი ბოდიში, გვიან გწერთ. ტვ იმედიდან გაწუხებთ, თქვენ ევროპაში ბრძანდებით? გარკვეული ინფორმაცია მოგვაწოდეს და დაზუსტება მინდა თუ შეიძლება”.
საბჭო განმარტავს, რომ ეთიკური ჟურნალისტის მიზანია, ერთ წყაროზე დაფუძნებული ამბავი გადაუმოწმებლად არ გავრცელდეს. ამიტომაც, ასეთ დროს მნიშვნელოვანია რესპოდენტისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ჩანდეს, რა თემაზე სურს ჟურნალისტს მისი კომენტარი. ეს, ერთი მხრივ, აზღვევს ჟურნალისტს, რომ მან მიიტანა რესპოდენტამდე თემის შინაარსი, და მეორე მხრივ, თუ მისი ინფორმაცია მცდარია, ზრდის შანსს, რომ მცდარი ინფორმაციის გაშუქების აღკვეთის მიზნით რესპოდენტი გამოეხმაურება და შესაბამის კომენტარს მისცემს.
ჟურნალისტის შეკითხვიდან უნდა ჩანდეს თემა, რომელსაც ეხება მოსამზადებელი სიუჟეტი და ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული შეკითხვის შინაარსი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის დაცული.
მოგვიანებით, მოსამართლე მადონა მაისურაძემ “იმედის” ჟურნალისტს შეატყობინა, რომ მას შეეძლო მისთვის ეტაპობრივად მიეწოდებინა მოგზაურობისთვის საჭირო პირადი გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა ჟურნალისტი ამ შეთავაზებით აღარ დაინტერესდა. შედეგად, “იმედის” სიუჟეტებში მაისურაძის პირადი გადარიცხვების მტკიცებულებები ვერ მოხვდა.
გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ “იმედის” ჟურნალისტებმა სათანადოდ არ გადაამოწმეს ინფორმაცია, სათანადოდ არ სცადეს იმ მოსამართლეების კომენტარების და პოზიციების ასახვა, რომლებიც მათი მასალებით უარყოფითად წარმოჩინდნენ და ამით პატივი არ სცეს სიზუსტეს, საკუთარ მაყურებელს და ქარტიის პირველი პრინციპი დააღვიეს.
Მე-11 პრინციპი.
„ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება.“
საბჭომ საქმის განხილვის შედეგად დაადგინა, რომ დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპიც. პირველი პრინციპის დარღვევა ავტომატურად მე-11 პრინციპის დარღვევას არ იწვევს. სადავო მასალებს მთლიანობაში აქვს პოლიტიკური შინაარსი და “ვეტინგის” მხარდაჭერის გამო, მოსამართლეთა დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს.
საბჭოს მიერ ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება, თუ დადგინდა, რომ:
„იმედის“ ყველა სადავო მასალის მთავარი მიზანი იყო „გაეშავებინა“ მოსამართლეები, რომლებიც ქართულ სასამართლო სისტემაში არსებულ უმცირესობას წარმოადგენენ, ეთანხმებიან ვეტინგს (მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას) და ხშირად ღიად გამოხატავენ ისეთ პოზიციას, რომელიც ე.წ. გავლენიანი მოსამართლეების უმრავლესობის პოზიციას ეწინააღმდეგება.
ამ თემის კამპანიური გაშუქებით, „იმედმა“ ვეტინგის მოწინააღმდეგე
მოსამართლეების დისკრედიტირება სცადა და ამისათვის გადაუმოწმებელი,
არაზუსტი ფაქტები გამოიყენა.
„იმედის“ განზრახვას ადასტურებს ამ თემის პროპაგანდისტული გაშუქება, მაყურებლამდე ამბის “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული გზავნილების ტირაჟირებით მიტანა, რაც „იმედის“ მხრიდან სიზუსტის განზრახ უპატივცემულობას წარმოადგენს და საბჭოს არწმუნებს, რომ „იმედმა“ ეს განზრახ გააკეთა და ამით ქარტიის მე-11 პრინციპი დაარღვია.
ამბის პირველად გაშუქების შემდგომ, სიუჟეტებში „იმედის“ ჟურნალისტები ჯიუტად მიანიშნებდნენ, რომ მოსამართლეები ევროპულ მოგზაურობაში აშშ-ის საელჩომ და მისმა თანამშრომელმა წაიყვანეს.
იმ მომენტისთვის ამ ფაქტს არც ამერიკის საელჩო და არც თავად
მოსამართლეები არ ადასტურებდნენ და მოსამართლე მადონა მაისურაძე
“იმედის” ჟურნალისტებს სთავაზობდა მტკიცებულებებს იმის საჩვენებლად,
რომ მოგზაურობა თავად დააფინანსეს.
ერთ-ერთმა მონაწილე მოსამართლემ, ეკა არეშიძემ, საჯაროდ გაავრცელა განცხადება, რათა განემარტა, რომ ეს მოგზაურობა იყო პირადი სახსრებით დაფინანსებული, მეგობრებთან ერთად მისი დაბადების დღის აღნიშვნის მიზნით.
მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები ამბავს მაინც ისე აშუქებდნენ, თითქოს მოსამართლეების იტალიაში დასვენება საელჩოს მიერ დაფინანსებული ჯილდო ყოფილიყო.
„იმედის“ ჟურნალისტების განზრახვას, დაემახინჯებინათ ფაქტები, ადასტურებს მოსამართლე ეკა არეშიძის ფეისბუქ პოსტის არასრულყოფილად, მანიპულაციურად გაშუქებაც. პოსტში მოსამართლე მოგზაურობის დაგეგმვის და დაფინანსების ნიუანსებს დეტალურად აღწერს.
ამ დაუზუსტებელი გზავნილით „იმედის“ ჟურნალისტებმა მაყურებელს ხელისუფლების წევრი და მხარდამჭერი პოლიტიკოსების კომენტარები შესთავაზეს. გიორგი ვოლსკი ამბობს: „შეიძლება თვლიდეს მოსამართლე გარკვეული, რომ საქართველოს სასამართლო და ზოგადად საქართველო იმსახურებს ასეთ დამცირებას, როგორიც არი უცხოური ჩარევა მისი ამა თუ იმ სფეროს ორგანიზებაში. მაგრამ, როდესაც ეს ვინმეები არიან გაერთიანებული გარკვეულ ჯგუფში და სარგებლობენ უცხო ქვეყნის რაღაც გარკვეული უცხო ქვეყნის მხრიდან გარკვეული პრივილეგიით, მგზავრობით, რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებით, რა საკვირველია, ეს უნდა განვიხილოთ, როგორც გარკვეული პოლიტიკური დემარში”.
გურამ მაჭარაშვილის პოზიცია: „ეს ჰგავს ზუსტად იმას, რომ როდესაც ბავშვი დაგიჯერებს და წაიყვან მერე, უყიდი შოკოლადებს და ეტყვი, რო კიდე წაგიყვან, თუკი დამიჯერებ და იმას იტყვი, რასაც დაგავალებ, აი, ამას ჰგავს სამწუხაროდ, ამ რამდენიმე მოსამართლის ვოიაჟი უცხოეთში, როდესაც მათ პრაქტიკულად კეთილსინდისიერებაზე თქვეს უარი, რომ ჩვენ არ ვიცით, ვართ თუ არა კეთილსინდისიერები.“
იაგო ხვიჩიას პოზიცია: „სავარაუდოდ, რომაული არდადაგები მოუწყვეს ჩვენს მოსამართლეებს. იმსახურებდნენ, იმსახურებდნენ.“
„სადღაც სიარულის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვიღაცა თუ მეტყვის, რომ ამერიკელები სადღაც ევროპაში აკატავებენ ჩვენს მოსამართლეებს, მე არ მჯერა ამისი, რომ ეს მხოლოდ გასეირნება არი ამ მოსამართლეების”.
კახა კალაძის პოზიცია: „საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის გუბერნია ან რომელიმე ქვეყნის შტატი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ამ ყველაფერს, პატივი სცეს, პატივი სცეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და პატივი სცეს ქართველ ხალხს”.
ანრი ოხანაშვილი: „ნებისმიერი ასეთი ვოიაჟები, არ ვიცი რომაული არდადეგები უნდა დავარქვათ, თუ რა უნდა დავარქვათ, სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. სულ მცირე, რა თქმა უნდა უხერხულობას აჩენს სხვა კოლეგა-მოსამართლეებთან მიმართებაში, მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ ეს აყალიბებს განცდებს და ახალისებს, რომ კონკრეტულმა მოსამართლეებმა არა კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად, არამედ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით იმოქმედონ”.
ირაკლი ზარქუა: „თუ რამეს უნდა დაერქვას თავისი სახელი, ეს არის აი, ეს კლანი ეტყობა, რაღაც ვიწრო ჯგუფი მოსამართლეების, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ღირებულება, ავტორიტეტი და ასე შეუძლია რაღაც თანამშრომელს ამა თუ იმ საელჩოსი დააფინანსონ და შემდეგ მართონ, რა განცხადებაც უნდა ის აკეთებინონ. პაესტკებში გაცვლილი მოსამართლის მანტია - ნუ, ასე შეიძლება რო შევაფასოთ ეს და ყოჩაღ თქვენ აფერუმ თქვენს ღირსებას”.
ირაკლი ქადაგიშვილი: „აი ესეთი მიკერძოებული ურთიერთობა, მიკერძოებული წასვლა-წამოსვლა და შემდგომ, აი ამ, ასე ვთქვათ, ერთგვარი, თუ გინდათ, ესე დავარქვათ, აი ამ ერთგვარი კლანის ჩამოყალიბება სწორედ არის ის, რაც კლანურობას და სწორედ რაც სასამართლოს ერთიანობას და დამოუკიდებლობას ურეცხავს ძირს. ამიტომ ეს ყოვლად მიუღებელია”.
„შოკოლადების სანაცვლოდ დავალებების შესრულება“, „პოლიტიკური დემარში“, „პაესტკებში გაცვლილი მოსამართლის მანტია“, „კლანი“ - ამ და სხვა მსგავსი ფრაზების გაჟღერებით და გადაცემების მთლიანი კონტექსტით „იმედის“ ჟურნალისტები, როგორც მმართველი პოლიტიკური გუნდის პროპაგანდის გამავრცელებლები, მანიპულაციურად ცდილობენ, მოსამართლეების მოგზაურობა სასამართლოს დისკრედიტაციასა და მოსამართლეთა სანქცირებას დაუკავშირონ.
ამ ამბის ამგვარი გაშუქება რეპუტაციულ ზიანს აყენებს განმცხადებელს და
მის კოლეგა მოსამართლეებს, იწვევს მათ ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას
და მათი, როგორც
ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციის ღიად გამომხატველი
მოსამართლეები, კომპრომეტირებას ემსახურება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ „იმედის“ ჟურნალისტებმა განზრახ არაზუსტად, მანიპულაციურად გააშუქეს ფაქტები, განზრახ არ გადაამოწმეს მათთვის მიწოდებული ინფორმაცია, რითაც ქარტიის მე-11 პრინციპი დაარღვიეს.
Სარეზოლუციო ნაწილი
ჟურნალისტებმა: მარიამ ქართველიშვილმა, ხატია ქვათაძემ, ლევან ჯავახიშვილმა, ქეთი ქაშაკაშვილმა, ლევან კვატაშიძემ და ვარლამ წიკლაურმა დაარღვიეს ქარტიის 1-ლი და მე-11 პრინციპები.
23 ივნისი, 2024 წელი
საქმე N749, N750
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე, ირმა ზოიძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მოსამართლე მადონა მაისურაძემ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 1 აპრილს ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში გასულ გადაცემებში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.
მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ: ქეთი მამრიკიშვილი, ანა შანიძე და ანა აშორდია.
საქმის განხილვის თავისებურებები:
საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდა და საბჭოს პოზიცია წარმოუდგინა განმცხადებელმა, მადონა მაისურაძემ.
მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ წერილობით.
განმცხადებელი თავდაპირველად დავობდა პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების ფარგლებში.
განხილვის ეტაპზე, მას შემდეგ, რაც განემარტა ქარტიის პრინციპები, განმცხადებელმა მე-3 პრინციპი მოხსნა. საბოლოოდ, განმცხადებელმა დააზუსტა, რომ სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.
სამოტივაციო ნაწილი:
POSTV-ის ეთერში გასული სიუჟეტების ქრონოლოგია და სადავო ფრაზები:
ანა შანიძის სადავო ფრაზები (წამყვანი ქეთი მამრიკიშვილი):
„სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა დაბადების დღის აღნიშვნის მოტივით, ვეტინგის მომხრე 3 მოსამართლე იტალიაში წაიყვანა. რომაული არდადეგებით ეკა არეშიძე, თამარ ხაჟომია და მადონა მაისურაძე წაახალისეს.”
ანა აშორდიას სადავო ფრაზები:
“სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. ვეტინგის მომხრე მოსამართლეები რომაული არდადეგებით დააჯილდოვეს. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა ეკა არეშიძე, თამარ ხაჟომია და მადონა მაისურაძე იტალიაში წაიყვანა.“
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭომ იმსჯელა სიუჟეტებში აღწერილ გარემოებებზე, მათ მთლიან კონტექსტზე და დაადგინა, რომ სიუჟეტები არის მანიპულაციური და საზოგადოებისთვის ისეთი გზავნილების მიწოდებას ემსახურება, რომელთა ნაწილიც არ არის სათანადოდ გადამოწმებული და დადასტურებული.
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მოსამართლეები, მათ შორის მადონა მაისურაძე, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა წაიყვანა იტალიაში დაბადების დღის აღნიშვნის მოტივით და ეს იყო “ჯილდო” მათ მიერ “ვეტინგის” ღიად მხარდაჭერის სანაცვლოდ. სიუჟეტებში ეს ინფორმაცია არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
სიუჟეტში არის ჟურნალისტების მიერ მტკიცებით ფორმაში წარმოთქმული ფრაზები: “საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა დაბადების დღის აღნიშვნის მოტივით, ვეტინგის მომხრე 3 მოსამართლე იტალიაში წაიყვანა”; “რომაული არდადეგებით ეკა არეშიძე, თამარ ხაჟომია და მადონა მაისურაძე წაახალისეს”; “ე.წ. ვეტინგის მომხრე მოსამართლეები რომაული არდადეგებით დააჯილდოეს. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა ეკა არეშიძე, თამარ ხაჟომია და მადონა მაისურაძე იტალიაში წაიყვანა”.
სიუჟეტებში არ არის ამ ფრაზების შინაარსის დამამტკიცებელი ფაქტები და არ არის წარმოჩენილი ბრალდების ადრესატების პოზიციები.
სიუჟეტების მიხედვით, ჟურნალისტები ამ ბრალდებების გახმაურებისას არ
ეყრდნობოდნენ სათანადოდ, ქარტიის სტანდარტების შესაბამისად,
გადამოწმებულ ფაქტებს. ინფორმაცია არ იყო გადმოცემული სულ მცირე ორ
ურთიერთდამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და ეფუძნებოდა მაყურებლისთვის
გაურკვეველ წყაროს, რომლის მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება
POSTV-ის ჟურნალისტებს სათანადოდ არ მოუხდენიათ.
განმცხადებელმა, მოსამართლე მადონა მაისურაძემ, საბჭოს წარმოუდგინა გადარიცხვებისა და პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტები, რაც ადასტურებს, რომ ეს მოგზაურობა საელჩოს თუ მისი წარმომადგენლის მიერ არ ყოფილა დაორგანიზებული.
განმცხადებლის განმარტებით, მან და მისმა მოსამართლე მეგობრებმა, ასევე ნატა წნორიაშვილმა (აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი) პირადი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, თავად გაიღეს ხარჯები - იტალიაში მოგზაურობა დიდი ხნით ადრე დაგეგმეს. მოსამართლემ საბჭოს ამის დამადასტურებელი მიმოწერის ასლებიც წარმოუდგინა.
სიუჟეტებში არ ჩანს, რომ ინფორმაციის ეთერში გაშვებამდე ჟურნალისტებს
ჰქონდათ მცდელობა, გადაემოწმებინათ ინფორმაცია ამერიკის საელჩოსთან,
სასამართლოს ადმინისტრაციაში ან თავად მოსამართლეებთან, მაშინ,
როდესაც ამის რეალური შესაძლებლობაც და საჭიროებაც არსებობდა
დაბალანსებული სიუჟეტის მოსამზადებლად და მაყურებლისათვის
გადამოწმებული ინფორმაციის მისაწოდებლად.
განმცხადებელმა საბჭოს უთხრა, რომ POSTV-დან მას არავინ
დაკავშირებია.
სადავო სიუჟეტიდან ერთ-ერთში არის ნაჩვენები მოსამართლე ეკა არეშიძის სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების ფრაგმენტი, თუმცა ისიც შეუსაბამოდ, მანიპულაციურად. POSTV-ის ჟურნალისტებმა ყურადღება გაამახვილეს ეკა არეშიძის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ის “ვეტინგზე” საუბრობდა და არ გამოკვეთეს ფრაგმენტი, სადაც მოსამართლე დეტალურად ხსნიდა იტალიაში მოგზაურობის მიზნებსა და დეტალებს. მოსამართლის განცხადების ამ ფორმით გაშუქება არის ერთგვარი ფაქტების და გარემოებების მიჩქმალვა და არღვევს გონივრული ბალანსის, სიზუსტის პრინციპს.
საბჭო მიიჩნევს, რომ მიკერძოებული ტექსტებისა და სიუჟეტის მანიპულაციური წყობით, სათანადოდ გადაუმოწმებელი ფაქტების ერთობლიობით, მასალის ავტორებმა პატივი არ სცეს აუდიტორიას, გამოიჩინეს არაკეთილსინდისიერება და დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
Მე-11 პრინციპი.
„ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება.“
საბჭოს მიერ ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება, თუ დადგინდა, რომ:
ქარტიის საბჭომ სადავო მასალებში მე-11 პრინციპის დარღვევა მიიჩნია სიუჟეტების კამპანიურობის და მათი შინაარსის მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” პროპაგანდისტულ გზავნილებთან თანხვედრის გამო. გარემოებების შესწავლით საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სიუჟეტების ამ ფორმით მომზადება ემსახურებოდა ე.წ. ვეტინგის მომხრე მოსამართლეების დისკრედიტირებას.
ქარტიის საბჭომ POSTV-ის სადავო სიუჟეტების განხილვის პარალელურად
განიხილა ამ თემაზე ტელეკომპანია “იმედის” მიერ მომზადებული მასალები.
“იმედი” იყო იმ ინფორმაციის პირველწყარო, რომ თითქოს
აღნიშნული მოსამართლეები სამოგზაუროდ აშშ-ის საელჩომ (თანამშრომელმა)
წაიყვანა. ტელეკომპანია “იმედმაც” აღნიშნული თემა სამთავრობო
პროპაგანდის ჭრილში გააშუქა და ამაზე ვრცლად არის მსჯელობა ქარტიის
შესაბამის გადაწყვეტილებაში.
POSTV-ის ჟურნალისტებმაც მოსამართლეების იტალიაში მოგზაურობა
აუდიტორიას მიაწოდეს არაზუსტად, მანიპულაციურად, როგორც სასამართლოს
“ძირგამომთხრელი” მოსამართლეების საელჩოსგან წახალისება და ეს ამბის
გაშუქების გარემოებებში ცხადად ჩანს.
კერძოდ: პირველ სადავო სიუჟეტს წინ უძღვის თემა, რომ „მმართველი გუნდის ინფორმაციით, სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის პროპაგანდისთვის, ქვეყანაში უცხოეთიდან დიდი ოდენობით თანხებია შემოსული. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში ქალაქში მოსამართლეების შეურაცხმყოფელი წარწერები გამოჩნდა.“ ამ ფრაზას ებმის სადავო პირველი სიუჟეტი, რომელსაც ჟურნალისტი იწყებს ფრაზით: “სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა დაბადების დღის აღნიშვნის მოტივით, ვეტინგის მომხრე 3 მოსამართლე იტალიაში წაიყვანა”. შემდეგ კი გადაცემა გრძელდება თემით, რომ “სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზეა.”
მეორე სადავო მასალის შემთხვევაში, მას წინ უძღვის სიუჟეტი შემდეგი სახელწოდებით: “ორგანიზებული შეტევა ქართულ მართლმსაჯულებაზე და დაფინანსებული კამპანია სასამართლო სისტემის წინააღმდეგ”. ეს სიუჟეტიც იწყება ფრაზით: “სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. ვეტინგის მომხრე მოსამართლეები რომაული არდადეგებით დააჯილდოვეს”. და გრძელდება სასამართლო ხელისუფლების “დისკრედიტაციის კამპანიისა” და მოსამართლეთა დასანქცირების თემით.
ამასთანავე, პირველ სადავო სიუჟეტს, სათაურთან ერთად, გასდევს ტიტრი: “უცხოური ფული სასამართლოს დისკრედიტაციისთვის”, ხოლო მეორე სადავო სიუჟეტს: “სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის კამპანია”.
ეთიკური მედიის ვალია, გაემიჯნოს პროპაგანდას, არ გაავრცელოს ინფორმაცია არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესების გათვალისწინებით და მხოლოდ მიუკერძოებლობის პრინციპით იხელმძღვანელოს .
ამ შემთხვევაში პირიქით, POSTV-ის ჟურნალისტებმა საკუთარ
ეთერში მმართველი პოლიტიკური ძალის წევრებს მისცეს საშუალება,
გამოეთქვათ დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ბრალდებები განმცხადებლის
და მისი კოლეგა მოსამართლეების წინააღმდეგ.
კერძოდ:
დავით მათიკაშვილი: “ეს არის წახალისება იმ მოსამართლეების, რომლებსაც საკუთარ კეთილსინდისიერებაში ეპარებათ ეჭვი”.
ეკა სეფაშვილი: „ეს არის მათ მიერ [ამერიკის საელჩო] გაღებული ჯილდო იმისათვის, რომ ამ მოსამართლეებმა აღიარეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე უკეთესად შეაფასებს ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, რაც არი, რა თქმა უნდა, მონური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი გამოხატულება და დაუშვებელია”.
სიუჟეტში გაჟღერებული ფრაზები: “საკუთარ კეთილსინდისიერებაში ეპარებათ ეჭვი”; “გაღებული ჯილდო მოსამართლეთა აღიარებისთვის”, “მონური ფსიქოლოგია”, ცალსახად ემსახურება მოსამართლეებისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამის მოტივი პოლიტიკურია და მიზნად ისახავს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობის შესახებ პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების გამო მათ დასჯას.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო სიუჟეტების მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, საბჭომ დაადგინა, რომ ჟურნალისტები მანიპულაციურად ცდილობენ “ვეტინგის” მომხრე მოსამართლეები დაადანაშაულონ, რომ ისინი სასამართლოს დისკრედიტაციაში მონაწილეობენ.
ეს გზავნილები არ გამომდინარეობს ფაქტობრივი მტკიცებულებებიდან და აშკარაა, რომ ჟურნალისტები არაზუსტი ფაქტებით განზრახ ცდილობენ მაყურებლის შეცდომაში შეყვანას, რაც საბჭომ ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევად მიიჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპი, ფაქტის განზრახ დამახინჯების ნაწილში.
სარეზოლუციო ნაწილი
ჟურნალისტებმა: ქეთი მამრიკიშვილმა, ანა შანიძემ და ანა აშორდიამ დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.
განმცხადებლები: ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი “ (WISG) და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია - “თემიდა”; და ანონიმური განმცხადებლები.
მოპასუხეები: ირაკლი ჩიხლაძე; საბა ხვიჩია; ლევან ტაბატაძე; შოთა კვინიკაძე; ნუცა ქავთარაძე; ნინია ზვიადაძე.
დარღვეული პრინციპები: 1-ელი პრინციპი; მე-7 პრინციპი; მე-11 პრინციპი.
25 მაისი, 2024 წელი
საქმე N 737; 738; 739; 740
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, გელა მთივლიშვილი, მანანა ქველიაშვილი, ირმა ზოიძე, ხატია ღოღობერიძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ (WISG) და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია - “თემიდამ” (პირველი განმცხადებლები), ასევე ანონიმურმა განმცხადებლებმა (მეორე განმცხადებლები), რომლებიც მიიჩნევენ, რომ 2024 წლის 03 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემაში “იმედის კვირა” გასულ სიუჟეტში, სახელწოდებით “სახიფათო პროპაგანდა” (წამყვანი - ირაკლი ჩიხლაძე, ჟურნალისტი - საბა ხვიჩია), დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი, მე-7 და მე-11 პრინციპები.
პირველმა განმცხადებლებმა ასევე სადავო გახადეს კიდევ ორი მასალა:
მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრენ აღნიშნული გადაცემების წამყვანები: ირაკლი ჩიხლაძე, ნუცა ქავთარაძე და რეპორტაჟის ავტორები: საბა ხვიჩია, ლევან ტაბატაძე, შოთა კვინიკაძე და ნინია ზვიადაძე.
საქმის განხილვის თავისებურებები
განმცხადებლებმა ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ (WISG) და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია - “თემიდამ” (პირველი განმცხადებლები) და ანონიმურმა განმცხადებლებმა (მეორე განმცხადებლები) დამოუკიდებლად მომართეს ქარტიას განცხადებით, თუმცა, რამდენადაც თემიდასა და WISG-ის განცხადება მოიცავდა მეორე განმცხადებელთა სადავო სიუჟეტსაც, მხარეთა თანხმობით საქმეები გაერთიანდა და განხილულ იქნა ერთობლივად.
საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობა მიიღეს განმცხადებლების წარმომადგენლებმა, ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) წარმომადგენელმა მარიამ სპასოვმა და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია - “თემიდას” წარმომადგენელმა ფიქრია ეპიტაშვილმა.
მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და საბჭოსთვის თავიანთი შეპასუხება არც წერილობითი სახით წარმოუდგენიათ.
სამოტივაციო ნაწილი
პირველი პრინციპი. ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სახიფათო პროპაგანდა”, 2024 წლის 03 მარტი
1-ელი პრინციპის ფარგლებში პირველი განმცხადებლები მიუთითებენ, რომ აღნიშნული სიუჟეტი არის მანიპულაციური და სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა თუ გენდერული გამოხატვის შესახებ ცნობიერების ამაღლება მონათლულია “ლგბტ პროპაგანდად”.
ირაკლი ჩიხლაძის სადავო ფრაზა:
„სწორედ პროპაგანდის შედეგად იზრდება რიცხვი ახალგაზრდებში, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ლგბტ თემთან.“
მეორე განმცხადებლის მიერ მითითებული სადავო ეპიზოდები:
ჟურნალისტის სიტყვები: „კანონპროექტის მიზანი, რომლის ინიცირებასაც მმართველი გუნდი გეგმავს, ამ ფართომასშტაბიანი, ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდისაგან საქართველოს დაცვაა.“
განმცხადებლის პოზიციით, კადრში ჩანს, რომ ქვიარ წყვილი აღნიშნავს გამომწერების ზრდას იუთუბზე, თან ისე, რომ არც საუბრობენ, თუმცა ამ კადრებს ფონად გასდევს სიუჟეტის ავტორის, საბა ხვიჩიას მონოლოგი, რომ წყვილი, საკუთარი “არატრადიციული ორიენტაციის” შესახებ მოზარდებს ესაუბრება.
ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სკანდალური ფაილები”, 2024 წლის 17 მარტი
პირველი განმცხადებლის მიერ მითითებული სადავო ფრაზები, რომლებიც ირაკლი ჩიხლაძემ გამოიყენა:
„რა საფრთხეებს შეიცავს სქესის შეცვლის ოპერაციები ადრეულ ასაკში“.
„ექსპერიმენტი მიმართულია უსქესო სხეულების შესაქმნელად“.
„ამ ადამიანებს სქესის შეცვლის ოპერაცია ადრეულ ასაკში ჩაუტარეს.“
ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის დღე”, რეპორტაჟი “ექსკლუზიური ინტერვიუ დეტრანს რიჩი ჰერისონთან” ან/და “მეცნიერები ქირურგიული კასტრაციის წინააღმდეგ
პირველი განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტს შემოაქვს ახალი
ტერმინი, „დეტრანსი“ მისი მნიშვნელობის განმარტების გარეშე.
ასევე, სიუჟეტში შექმნილია წარმოდგენა, რომ თითქოს კლინიკის/ქირურგის თვითმიზანია სამედიცინო ჩარევის, ქირურგიული პროცედურის ჩატარება და არა ტრანზიციის მხარდაჭერა.
პირველი განმცხადებელი აღნიშნავს, რომ “მასალაში პოზიციები მხოლოდ ცალმხრივადაა გაშუქებული და შეუძლებელია მაყურებელმა შეიტყოს მეორე მხარის პოზიცია”.
“სადავო გადაცემაში ეს ფრაზები წარმოთქმული იყო მტკიცებით ფორმაში, ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულებების და გაანალიზების გარეშე. ჟურნალისტები არ უთითებენ, რომ ამ პოზიციას შესაძლოა მოწინააღმდეგებიც ჰყავდნენ და სიუჟეტში არ არის დაფიქსირებული მეორე მხარის პოზიცია”.
ყველა სადავო მასალასთან მიმართებაში განმცხადებლები უთითებდნენ, რომ მასალები მომზადებული იყო ცალმხრივად, მხოლოდ მიკერძოებულ წყაროებზე დაყრდნობით, არ იყო წარმოდგენილი განსხვავებული პოზიცია, არ იყო დაცული მხარეთა ბალანსი.
ქარტიის საბჭო ზემოთ აღწერილი მედია პროდუქტების შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების მხრიდან დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭოს მიერ არაზუსტ ინფორმაციაზე მსჯელობა რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დაიყოს, მათ შორის არის შემთხვევა, როდესაც საბჭოს არ შეუძლია, დაადგინოს, ინფორმაცია იყო თუ არა ზუსტი, მაგრამ ჩანს, რომ ჟურნალისტმა არ სცადა ინფორმაციის გადამოწმება. მოცემულ შემთხვევაში, სიუჟეტებში აღწერილი თემების მოცულობიდან გამომდინარე, საბჭოს ძალებს აღემატება სიუჟეტში გახმაურებული ყველა ინფორმაციის გადამოწმება და თემის სიღრმეებში შესვლა. შესაბამისად, ის მსჯელობს და აფასებს, მასალაში ჟურნალისტის მხრიდან რა ქმედებები ჩანს ინფორმაციის გადამოწმებისა და დაზუსტების მიზნით, ასევე, რამდენად გადამოწმებულ ინფორმაციას იღებს მასალიდან მაყურებელი.
საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ შეეცადა ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მინიმუმ, ორი დამოუკიდებელი წყარო უნდა ადასტურებდეს ინფორმაციას, რომ ის მტკიცებით ფორმაში გადაიცეს.
საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ სადავო მასალებში სიზუსტის პრინციპის დარღვევის პრობლემა არ არის მხოლოდ ცალკეულ ფრაზებსა და სიტყვებში.
მთავარი პრობლემა არც ისაა, რომ სადავოდ გამხდარი ფრაზები არის სუბიექტური, მიკერძოებული, ერთი მიმართულების მხარდამჭერ ექსპერტებზე დაფუძნებული; არც მხოლოდ ის, რომ აღნიშნული ფრაზების სიზუსტე არ არის მასალებში სათანადოდ, ქარტიის სტანდარტის შესაბამისად გადამოწმებული; არც მხოლოდ ის, რომ მასალებში არ ჩანს განსხვავებული პოზიციები, არც ქვიარ თემი ან/და მათ უფლებებზე საქართველოში (ან/და უცხოეთში) მომუშავე ორგანიზაციები; არც ის, რომ მასალებში წამოჭრილი საკითხების ნაწილზე (ქირურგიული ჩარევები, ჩარევებისას პირის ასაკი და ა.შ.) თანამედროვე მსოფლიოში ბევრი სხვადასხვა მოსაზრება და კვლევაა.
საბჭოს შეფასებით ჟურნალისტური სიზუსტის მთავარი უპატივცემულობაა ის, რომ, როგორც სადავო მასალებიდან ჩანს, ტელეკომპანია “იმედმა” ეს თემები მიზანმიმართულად მიკერძოებული, კამპანიური გაშუქებით, აქცია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პროპაგანდის საინფორმაციო მხარდაჭერად. ამის მისაღწევად “იმედი” ორ მიმართულებას ავითარებს:
პირველი - “იმედის” ეთერში გასული სადავო მასალები თანხვედრაშია ხელისუფლების გაცხადებულ მიზანთან, ებრძოლოს “LGBT-პროპაგანდას”. საბჭოს წევრთა შეფასებით, ტელეკომპანია “იმედი” აღნიშნული სიუჟეტებით ცდილობს ქართულ აუდიტორიას თავს მოახვიოს ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტული გზავნილი, რომ “გარყვნილ” ევროპასა და ამერიკაში ქვიარ ადამიანებისთვის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებამ დამღუპველი, გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში და ამ ფონზე “ქართული ოცნების” ხელისუფლება საკანონმდებლო ინიციატივებით ცდილობს ამ “დიდი უბედურებისგან” ქართველი ხალხის დაცვას.
მეორე - სადავო მასალებში “იმედის” ჟურნალისტები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ხელისუფლებას პირველი მიზნის განხორციელებაში ხელს უშლის “რადიკალური ოპოზიცია”. ამ მასალებში ოპოზიცია მოპასუხეების როლში და “LGBT-პროპაგანდის” მხარდამჭერადაა წარმოჩენილი.
სწორედ ამ ორი მიზნის მისაღწევად, “იმედი” განგრძობითად არღვევს მასალებში სიზუსტის პრინციპს, აშუქებს სენსიტიურ თემას გამოგონილი, ხელოვნურად შექმნილი მხარეების (ხელისუფლება-ოპოზიცია) მონაწილეობით. ამით ქმნის მხარეთა ხელოვნურ ბალანსს და ბუნებრივად არსებული ჯგუფების იგნორირებით, საუბრობს იმ მხარეების, ადამიანების მონაწილეობის გარეშე, რომლებზეც ამ საკითხებს პირდაპირი გავლენა აქვს.
ტელეკომპანია “იმედი” ამ პროპაგანდისტული ქმედებებით განგრძობითად
არღვევს ჟურნალისტურ ბალანსს, რაც სიზუსტის განუყოფელი ნაწილია.
საბჭოს წევრთა
შეფასებებით, სადავო მასალებში “იმედის” ჟურნალისტები ქვიარ თემის
“გაშავების”, დისკრედიტაციის მიზნით ახდენენ სხვადასხვა უცხოურ
წყაროში გამოქვეყნებული ისეთი ინფორმაციის საკუთარი აუდიტორიისთვის
ჩვენებას, რაც ცალსახად უარყოფითად წარმოაჩენს ქვიარ თემს და ხელს
შეუწყობს საზოგადოებაში მათ დემონიზებას. ესეც არის სიზუსტის
დარღვევა, ინფორმაციის ცალმხრივად, ერთი მიმართულების დომინანტურად
გაშუქებით.
პირველი პრინციპის ფარგლებში საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ მედიაპროდუქტი არ უნდა იყოს მანიპულაციური. საბჭომ მიიჩნია, რომ ე.წ. “ლგბტ პროპაგანდაზე” საუბარი არის ამ წესის დარღვევა, რადგან ეს ტერმინი საფუძველშივე მცდარია.
სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა თუ გენდერული გამოხატვის შესახებ ცნობიერების ამაღლება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც “პროპაგანდა” — ეს არ არის არჩევანი. შესაბამისად, მითითება, რომ „პროპაგანდას” შეუძლია იდენტობაზე გავლენა მოახდინოს და შეცვალოს, გარდა იმისა, რომ არასწორია, არის რუსული დეზინფორმაციული ნარატივის და პროპაგანდის ნაწილიც — არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება და სანდო წყარო, რომელიც დაადასტურებდა „ლგბტ პროპაგანდის" რაიმე ფორმით არსებობას და იმას, რომ ის გავლენას ახდენს ადამიანებზე.
ამდენად, ცხადია, რომ საქართველოში მმართველი პოლიტიკური ძალის და მისი ღიად მხარდამჭერი მედიების მიერ დამკვიდრებული, ტირაჟირებული ტერმინი “LGBT პროპაგანდა” გამოყენებულია მასებზე გავლენის მოხდენის მიზნით.
გარდა ამისა, სიუჟეტში არაზუსტია საუბარი იმაზეც, რომ „სწორედ პროპაგანდის შედეგად იზრდება რიცხვი ახალგაზრდებში, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ლგბტ თემთან“.
ამ ფრაზას მაყურებელი ასევე მანიპულაციურად შეჰყავს შეცდომაში. ცხადია, რომ ქვიარ თემის წარმომადგენელთა “რაოდენობის ზრდა” არ შეიძლება „პროპაგანდას“ მიეწეროს. გასულ წლებში, მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებში, ადამიანები უმეტესად მალავდნენ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციასა თუ გენდერულ იდენტობას, რაც მათი ჩაგვრის გამო ხდებოდა. წლებთან ერთად ვითარება გაუმჯობესდა და, მიუხედავად იმისა, რომ ჰომო და ტრანსფობია დღესაც საკმაოდ ძლიერია, ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში ქვიარებს მინიმუმ კანონი აძლევს თანაბარ უფლებებს. რაც უფრო უმჯობესდება უფლებრივი მდგომარეობა, მით უფრო მეტი ადამიანი საუბრობს საკუთარ იდენტობაზე და გამოხატავს საკუთარ თავს. ფაქტობრივად მცდარია ტელეკომპანია “იმედის” იმგვარი გაშუქება, თითქოს ეს “პროპაგანდის” შედეგია.
მეშვიდე პრინციპი. ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სახიფათო პროპაგანდა”, 2024 წლის 03 მარტი
პირველი და მეორე განმცხადებლის მიერ მითითებული სადავო ფრაზები, რომლებიც გამოიყენა ირაკლი ჩიხლაძემ:
„ქართული ოცნება” ფსევდო ლიბერალური პროპაგანდის და არა ადამიანის უფლებების წინააღმდეგ. გადაცემა დავიწყოთ კვირის მთავარი თემით, რომლითაც სპეკულირებს ყველა, ვინც რადიკალიზმის ერთგული, ეკლესიის დესტრუქციის მცდელობის თანამონაწილე და ეროვნული იდენტობის წინაააღმდეგია“.
„ყველა, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს და ვისთვისაც ადამიანი მთავარი ღირებულებაა.“
„ლგბტ პროპაგანდა ბოლო წლებია მასშტაბურ ფერად ისტერიად იქცა. ტრადიციების, ფასეულობების და ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ მთავარ იარაღად”.
საბა ხვიჩიას სადავო ფრაზები:
„ლგბტ პროპაგანდა სოციალურ ქსელებში, ეკლესიებში, ვიდეოებში, წიგნებში, ფილმებში, სკოლებსა და ბაღებში ეს მსოფლიო რეალობაა. კანონპროექტის მიზანი, რომლის ინიცირებასაც მმართველი გუნდი გეგმავს, ამ ფართომასშტაბიანი ფსევდო ლიბერალური პროპაგანდისგან საქართველოს დაცვაა“.
ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სკანდალური ფაილები”, 2024 წლის 17 მარტი
პირველი განმცხადებლის მიერ მითითებული სადავო ფრაზები, რომლებიც გამოიყენა ირაკლი ჩიხლაძემ:
„ქირურგები ამბობენ, რომ შედეგად ვიღებთ ადამიანის სხეულს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს.“
საბა ხვიჩიას სადავო ფრაზები:
„ოპერაცია მიმართულია უსქესო სხეულების შესაქმნელად.“
ქარტიის საბჭომ მსჯელობის შედეგად გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია, რომ ყველა ზემოთ აღწერილი ფრაზა დისკრიმინაციულია ქვიარ თემის მიმართ. “იმედის” ჟურნალისტები სადავო მასალებში ერთმნიშვნელოვნად ცდილობენ ლგბტქ ადამიანების დაკნინებას და მათი არსებობის, მათი საჯაროდ პოზიციონირების საზოგადოების პრობლემად, საერო თუ საეკლესიო საზოგადოებისთვის სირცხვილად წარმოჩენას.
გარდა ამისა, დისკრიმინაციულია ტერმინით “ლგბტ პროპაგანდა” აპელირება, რადგან ის თავისთავად შეიცავს ქვიარ ადამიანების მტრად წარმოჩენის ნარატივს - თითქოს ქვიარ თემი არის მტერი, რომლის “თავს მოხვევასაც” ცდილობენ და თითქოს აღიარებული ფაქტია, რომ ქვიარობა ცუდია და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული.
ქარტიის მიერ წლების განმავლობაში დადგენილი სტანდარტით ჟურნალისტი უნდა უპირისპირდებოდეს მსგავს მიდგომას და არათუ ახალისებდეს რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციას, არამედ უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას.
ლების პრაქტიკით, ქარტის მე-7 პრინციპმა დისკრიმინაციასთან ერთად მოიცვა სიძულვილის ენა და სტიგმის გაძლიერება. შესაბამისად, ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ თავიდან აიცილოს დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა და სტიგმის გაძლიერება.
გადაწყვეტილებაში ფონდი “ინკლუზივი“ ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ საბჭომ აღნიშნა, რომ „ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები, რათა საჭირო მომენტში გააცნობიეროს და სწორად შეაფასოს პრობლემა“.
ამ საქმეში საბჭომ მიუთითა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებულ რეკომენდაციაზე: სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, მათ შორის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით. საბჭომ აღნიშნულ განმარტებას დაამატა, რომ „სიძულვილის ენა უნდა იყოს კონკრეტული ჯგუფის მიმართ და ატარებდეს შეურაცხმყოფელ ხასიათს, თუმცა ყველა შეურაცხმყოფელი ტექსტი არ შეიძლება იყოს სიძულვილის ენა“.
ქარტიის საბჭო მე-7 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულია ისეთი ტერმინები, რომლებიც თანხვედრაშია ჰომოფობიური ჩაგვრის (როგორც ვერბალური, ისე ფიზიკური) პრაქტიკაში დამკვიდრებულ ტერმინებთან, ატარებს დამაკნინებელ და შეურაცხმყოფელ ხასიათს ლგბტქ ადამიანების მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში საბჭომ ეს პრინციპი დარღვეულად მიიჩნია ყველა სადავო სიუჟეტში, რამდენადაც, ქვიარ თემი ყველა მათგანში უარყოფით კონტექსტში, დამაკნინებლადაა წარმოჩენილი.
საქართველოს კანონმდებლობაც პირდაპირ დისკრიმინაციად მიიჩნევს ისეთ მოპყრობას ან პირობების შექმნას, რომლებიც პირს, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.
“იმედის” სადავო სიუჟეტებში წარმოჩენილია, რომ თითქოსდა ქვიარ თემი განსხვავებული უფლებებით უნდა სარგებლობდეს და თითქოს ქვიარები არ ექცევიან უფლებების დაცვის საერთო ჩარჩოში, რაც ცალსახად პირდაპირი დისკრიმინაციის მაგალითია.
ლგბტქ+ ადამიანები წარმოჩენილნი არიან ეროვნული იდენტობის წარმწყმედ და ეკლესიის შეურაცხმყოფელ თემად, ეს ყოველივე კი, ისედაც ნეგატიურად განწყობილ საზოგადოებაში, ხელს უწყობს სტიგმისა და სიძულვილის გაძლიერებას.
ამას ადასტურებს სადავო მასალების ქვეშ დაწერილი კომენტარების სქრინები, რომლებიც განმცხადებელმა წარმოადგინა.
Სადავო სადავო მასალებში “იმედის” ჟურნალისტებმა წაახალისეს ლგბტქ+ ადამიანების დისკრიმინაცია და სტიგმატიზაცია, თემთან რაიმე ფორმით ასოცირება/დაკავშირება წარმოაჩინეს როგორც მადისკრედიტებელი, საზოგადოებისათვის მიუღებელი ქმედება, რითაც ხელი შეუწყვეს ჰომოფობიური განწყობების გაღვივებასა და გავრცელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი.
მეთერთმეტე პრინციპი. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება
ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სახიფათო პროპაგანდა”, 2024 წლის 03 მარტი
ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სკანდალური ფაილები”, 2024 წლის 17 მარტი
ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის დღე”, რეპორტაჟი “ექსკლუზიური ინტერვიუ დეტრანს რიჩი ჰერისონთან” ან/და “მეცნიერების ქირურგიული კასტრაციის წინააღმდეგ.
სამივე სადავო სიუჟეტთან მიმართებით, განმცხადებლები მიუთითებენ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაზე და მათ განზრახულობაზე, რომ მსგავსი თემები გააშუქონ პოლიტიკური ჰომოფობიის კონტექსტში.
ქარტიის პრაქტიკით, საბჭო ფაქტებს განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევს, როცა დგინდება, რომ:
ტელეკომპანია “იმედის” სადავო მასალების განხილვისას განმცხადებელი სწორედ დარღვევის კამპანიურობაზე, განგრძობითობაზე მიუთითებდა. საბჭოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ამ თემებზე პროპაგანდისტული მასალები “იმედის” ეთერში გადიოდა ინტენსიურად. 2024 წლის 26 თებერვალს, გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „ფსევდო ლიბერალიზმი და ლგბტ პროპაგანდა“, 27 თებერვალს ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „ლგბტ პროპაგანდა - გამოხმაურებები“, პირველ მარტს ეთერში გავიდა ოთხი სიუჟეტი დღის სხვადასხვა მონაკვეთში, რომლის სათაურია „ლგბტ პროპაგანდა - საკანონმდებლო ინიციატივა“. ამასთან, “იმედის კვირის“ ეთერში რეგულარულად ხდება მსგავსი სიუჟეტების გაშუქება.
ჩამოთვლილ მასალებში “იმედის” ჟურნალისტები აღწერენ იდენტურ მოვლენებს, რომლებიც ქარტიის საბჭომ ამ განცხადებების განხილვისას არაზუსტად მიიჩნია და პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მე-11 პრინციპის დარღვევას - არაზუსტი ფაქტების მიზანმიმართულ განგრძობით გავრცელებას.
მე-11 პრინციპის დარღვევა პირველი პრინციპის დამამძიმებელი გარემოებაა და საბჭო მის დადგენამდე ყოველთვის ეძებს მოტივს.
განმცხადებელმა განხილვისას მოტივად დაასახელა ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო პოლიტიკის მიკერძოება მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ.
საბჭო იზიარებს განმცხდებლის პოზიციას, რადგანაც სახეზეა “იმედის” ჟურნალისტების გზავნილების თანხვედრა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გზავნილებთან. სადავო მასალების ეთერში გასვლა წინ უსწრებდა “ქართულმა ოცნების” მიერ საზოგადოებისთვის ახალი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენას.
ეს საკონსტიტუციო ცვლილებები “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა, როგორც “LGBT-პროპაგანდის” წინააღმდეგ მიმართული აუცილებელი ცვლილება და ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ ტელეკომპანიის მიერ ამ თემების აქტიური გაშუქება სწორედ ამ ცვლილებებისთვის საზოგადოებრივი აზრის მომზადებას უკავშირდება. ამ ცვლილებების წარდგენით, აქტიური კამპანიით, ქვიარ თემის დისკრედიტაციით, “ქართული ოცნება” ცდილობს ოპოზიციის “გაშავებას”, რაშიც აქტიური როლი აქვს “იმედის” ზემოაღნიშნულ მასალებს.
დღეს მიმდინარე სატელევიზიო პროპაგანდის მიზანია მმართველი პარტიის მხარდაჭერა. თემის ირგვლივ განსხვავებული პოზიციის მქონე ექსპერტებისა თუ უფლებადამცველების პოზიციების გაუშუქებლობით, მწირი გაშუქებით, არაზუსტი და დაუბალანსებელი ინფორმაციის კამპანიურად გაშუქებით, საბჭო რწმუნდება, რომ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტები შეგნებულად, განზრახ ამახინჯებენ ფაქტებს.
მათ იციან, რომ არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომლის გადამოწმებას და სიუჟეტში ასახვას არც კი ცდილობენ. ამის მოტივად საბჭო მიიჩნევს “იმედის” მიერ ცხადად სახელისუფლებო პროპაგანდისტის როლის მორგებას.
აქედან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპი, რამდენადაც ტელეკომპანია „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკის გათვალისწინებით, მსგავს მასალებს ის პერიოდულად, კამპანიურად ავრცელებს. საბჭოს პოზიციით, ამის მიზანი არის როგორც თავად ქვიარ თემის, ასევე მასთან დაკავშირებული შტოების დისკრედიტაცია.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
განმცხადებელი: პაატა ბურჭულაძე
მოპასუხე: შალვა რამიშვილი; ბაჩო ოდიშარია
დარღვეული პრინციპები: 1-ლი პრინციპი ; მე-5 პრინციპი; მე-11 პრინციპი.
11 მაისი, 2024 წელი
საქმე N 741
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, გელა მთივლიშვილი, მანანა ქველიაშვილი, ირმა ზოიძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა
პაატა ბურჭულაძემ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 19 მარტს,
ტელეკომპანია POSTV-ს ეთერში გასულ გადაცემაში „სამნი & CO”
დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-5 და
მე-11 პრინციპები.
მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ აღნიშნული გადაცემის წამყვანები, შალვა რამიშვილი და ბაჩო ოდიშარია.
საქმის განხილვის თავისებურებები
Საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს
წევრებს საკუთარი
პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ
გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური
ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი,
ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო
ზარები]“.
სხდომას ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებლის
წარმომადგენელი, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
მოპასუხე
ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან, მაგრამ მათ თავიანთი შეპასუხება
საბჭოს წერილობითი სახით წარმოუდგინეს.
სამოტივაციო ნაწილი
პირველი პრინციპი. ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
Პაატა ბურჭულაძე განცხადებაში სადავოდ ხდიდა გადაცემის წამყვანების [მოპასუხე ჟურნალისტები] მიერ მის მოხსენიებას თაღლითად, მიმთვისებლად, აცხადებდა, რომ ეს იყო არაზუსტი ინფორმაცია და არღვევდა ქარტიის პრინციპებს.
Საბჭოს მიერ საქმის განხილვის ფარგლებში გამოკვლეული ინფორმაციის მიხედვით, სადავო გადაცემის ეთერში გასვლამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე (2023 წლის 10 აპრილს), იმავე გადაცემაში, შალვა რამიშვილმა პაატა ბურჭულაძის მისამართით გააკეთა შემდეგი განცხადება: „ბანი, მსოფლიო ბანი და მხილებული საქველმოქმედო თანხების გაფლანგვაში და თაღლითობაში“.
აღნიშნული განცხადება ბურჭულაძემ მცდარად, არაზუსტად, პატივისა და
ღირსების შემლახავად მიიჩნია, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო
სასამართლოს და მოითხოვა, POSTV–სა და შალვა რამიშვილს დავალებოდათ
ზემოაღნიშნული ფრაზის საჯაროდ უარყოფა და ფინანსური კომპენსაციის
გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პაატა ბურჭულაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. Მოსამართლემ შალვა რამიშვილის მიერ ეთერში ნათქვამი ფრაზა: „ბანი, მსოფლიო ბანი და მხილებული საქველმოქმედო თანხების გაფლანგვაში და თაღლითობაში“ რამიშვილის შეფასებად, მოსაზრებად მიიჩნია და კანონის დარღვევა არ დაადგინა.
სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, 2024 წლის 19 მარტს, შალვა რამიშვილმა და ბაჩო ოდიშარიამ საკუთარ გადაცემაში ისაუბრეს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე და პაატა ბურჭულაძე კვლავ მოიხსენიეს თაღლითად, ქურდად და მიმთვისებლად. ბურჭულაძემ 19 მარტის გადაცემაში გამოთქმული ფრაზების სიზუსტე სადავოდ გახადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში.
POSTV-ს გადაცემა „სამნი & CO” 2024 წლის 19 მარტი, 22:00 სთ.
Შალვა რამიშვილის სადავო ფრაზები:
„მე პირადად და პოსტივიმ სასამართლოში მოუგო საქმე თაღლით
ბურჭულაძეს“
„მე ვთქვი, რომ ის თაღლითია და ობოლი ბავშვების ფული მიითვისა თავისი ფონდი
“იავნანათი“
„რატომღაც მიჩივლა პატივის და ღირსების შელახვისთვის, ან ერთი ან მეორე სადა
აქ ამ გარეწარს”
„სასამართლომ დაადასტურა, რომ თუ თაღლითს დაუძახებ არაფერი პრობლემა
კანონთან არ გექნება. ხსნილია მეგობრებო და დაუძახეთ თაღლითი თაღლითს.”
Ბაჩო ოდიშარიას სადავო ფრაზა:
„ბურჭულაძეზე ხსნილია, ბადრი ჯაფარიძეზე ხსნილია, მამუკა
ხაზარაძეზე ხსნილია. სამივეს დადასტურებული აქვს რომ თაღლითები არიან“.
ტელეკომპანია POSTV-დან ქარტიის სამდივნოსთვის გამოგზავნილი წერილობითი შეპასუხების მიხედვით, POSTV-ის ჟურნალისტები მათ ეთერში გაცხადებულ სადავო ფრაზებს მიიჩნევენ შეფასებად, კომენტარად და ფიქრობენ, რომ ქარტიის პრინციპები არ დარღვეულა.
ქარტიის საბჭო საქმის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ POSTV-ს ჟურნალისტების მხრიდან დარღვეულია ქარტიის 1-ელი პრინციპი.
ჟურნალისტების მიერ, ეთერში მტკიცებით ფორმაში გაცხადებულ ფრაზებს -
პაატა ბურჭულაძე
“თაღლითია”,
“მიითვისა”, “მოიპარა ობოლი ბავშვების ფული” ქარტიის საბჭო
ვერ მიიჩნევს მხოლოდ ავტორთა მოსაზრებად.
სადავო გადაცემაში ეს ფრაზები წარმოთქმული იყო მტკიცებით ფორმაში და გადაცემის წამყვანები არსად ამბობდნენ, რომ ეს იყო მხოლოდ მათი შეფასება და შეიძლებოდა ეს შეფასება არ ყოფილიყო ზუსტი, რომ შესაბამისი სამართლებრივი წესით არ არის დადგენილი, ნამდვილად მიითვისა თუ არა ბურჭულაძემ ფონდ “იავნანას” თანხები.
უფრო მეტიც, გადაცემის წამყვანები ამ ფრაზების გამოთქმისას ამბობდნენ, უკვე სასამართლომ დაადასტურა, რომ პაატა ბურჭულაძე თაღლითია და მისთვის თაღლითის დაძახება ამიერიდან “ხსნილია”.
გადაცემის წამყვანების განცხადებები მაყურებლისთვის ტოვებდა
შთაბეჭდილებას, რომ სასამართლომ იმსჯელა და დაადასტურა, რომ პაატა
ბურჭულაძე თაღლითია.
Სინამდვილეში, იყო თუ
არა ბურჭულაძე თაღლითი, არ ყოფილა სასამართლოს განხილვის
საგანი.სასამართლოს
გადაწყვეტილებაში, რომელსაც გადაცემის წამყვანები პაატა
ბურჭულაძისთვის თაღლითის წოდების დროს იშველიებდნენ, არსად წერია, რომ
ბურჭულაძეს თაღლითობა ანდა თანხების მითვისება
დაუდასტურდა.
ქარტიისთვის გამოგზავნილ შეპასუხებაში გადაცემის წამყვანები წერენ,
რომ ბურჭულაძის მიმართ გამოთქმული მათი მოსაზრებები ეყრდნობა POSTV-ს
მიერ 2017 წლიდან მომზადებული საგამოძიებო ფილმების სერიას და ამ
ფილმებში პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი “იავნანა” მხილებულია
შეგროვებული თანხების მითვისებაში.
ქარტიის საბჭო განმარტავს, რომ მხოლოდ ჟურნალისტური პროდუქტი, თუნდაც საგამოძიებო ფილმები, არ შეიძლება იყოს საკმარისი ვინმეს სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირებულ ქმედებებში დასადანაშაულებლად.
თაღლითობა, ქურდობა, მითვისება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულებია და ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ამაში ვინმეს ამ ეპითეტებით მოსახსენიებლად მაღალი სტანდარტით გადამოწმებული ფაქტებია საჭირო.
გადაცემის წამყვანები ამბობდნენ, რომ ეყრდნობოდნენ საკუთარ, მათ
მიერვე მომზადებულ “საგამოძიებო ფილმებს”, რომელთა მიხედვითაც, მრავალი წლის
წინ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რომელიც დღემდე არ
დასრულებულა.
ქარტიისთვის განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (გენერალური პროკურატურის 2019 და 2023 წლების წერილები) დასტურდება, რომ ფონდ “იავნანას” თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 5 წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა დღემდე არ დასრულებულა და საქმეზე არ არის დადგენილი დაზარალებული ან/და ბრალდებული პირი.
ასევე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ
პაატა ბურჭულაძე არ არის ნასამართლევი რაიმე
დანაშაულისთვის.
საბჭოს მიერ შესწავლილი მასალებით ცხადია, რომ ეს ინფორმაცია ცნობილი იყო სადავო გადაცემის წამყვანებისთვის. მათ იცოდნენ, რომ პაატა ბურჭულაძის ფონდთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება არ იყო დასრულებული და ბურჭულაძე ან მისი ფონდის რომელიმე ხელმძღვანელი პირი არ იყო ოფიციალურად ბრალდებული ანდა მსჯავრდებული სისხლის სამართლის დანაშაულებში -, თაღლითობაში, ქურდობაში, მითვისებასა ან/და გაფლანგვაში.
მიუხედავად ამისა, გადაცემის წამყვანებმა მტკიცებით ფორმაში
მოიხსენიეს ის თაღლითად, ქურდად და მიმთვისებლად.
ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მედია პროდუქტში ბალანსის დაუცველობაცაა. ჟურნალისტი ვალდებულია, აუდიტორიას შესთავაზოს ყველა შესაძლო მხარის პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. განსახილველ შემთვევაში მხარეთა ბალანსი ცალსახად დარღვეულია, გადაცემაში არ ყოფილა პაატა ბურჭულაძის მხარის პოზიცია. შესაძლოა, ეს ყოფილიყო მისი ადვოკატის კომენტარი, ფრაგმენტი პაატა ბურჭულაძის სარჩელიდან, ან/და ნებისმიერი რამ, სადაც ასახული იქნებოდა ბურჭულაძის პოზიცია ამ ბრალდებებთან დაკავშირებით.
მითუფრო, როცა გადაცემის წამყვანებისთვის ცნობილი იყო, რომ პაატა ბურჭულაძე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს არ ეთანხმებოდა და, უფრო მეტიც, ამ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივი პრეტენზიებიც ჰქონდა.
Აქედან გამომდინარე, ქარტიის საბჭოს დარღვეულად მიაჩნია პირველი პრინციპი. საბჭომ დაადგინა, რომ გადაცემის წამყვანებმა პატივი არ სცეს აუდიტორიას და მათ ეთერში გაავრცელეს ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების შესაბამისად გადამოწმებული, დაზუსტებული არ იყო.
მე-5 პრინციპი. ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად, “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
ქარტიის სხდომაზე დაზუსტდა, რომ პაატა ბურჭულაძეს ან მის წარმომადგენლებს არ მიუმართავთ POSTV-სთვის სადავო მასალაში დაშვებული შეცდომის შესწორების მოთხოვნით.
თუმცა ქარტიის მე-5 პრინციპი ავალდებულებს ეთიკურ ჟურნალისტებს, პატიოსნად, ადეკვატურ დროში შეასწორონ მათ მიერ დაშვებული შეცდომები, მას შემდეგ, რაც შესაძლო შეცდომის შესახებ შეიტყობენ.
ამ პრინციპის დაცვისა და განმარტების სტანდარტს ქარტიის საბჭო წლების განმავლობაში ხვეწდა და აფართოებდა. თუ 2013 წელს აუცილებლად მიიჩნეოდა პრეტენზიის მქონე პირს მედიისთვის შესწორება წერილობით მოეთხოვა, შემდგომ წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებში მეტი აქცენტი კეთდება ჟურნალისტების პროაქტიულ ვალდებულებაზე, გაასწორონ უზუსტობა და არ დაელოდონ კონკრეტული სუბიექტის მიმართვას ან/და ქარტიის გადაწყვეტილებას.
შესწორების ვალდებულება ჟურნალისტს წარმოექმნება მას შემდეგ, რაც შესაძლო უზუსტობის შესახებ შეიტყობს. არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით მიიღებს ინფორმაციას. ქარტიის საბჭომ 2019 წლიდან რამდენიმე საქმეში განმარტა, რომ ასეთ შეტყობინებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მედიისთვის გაგზავნილი წერილი, ინფორმაცია, რომ მათ წინააღმდეგ ქარტიაში შემოტანილია განცხადება და კონკრეტული ინფორმაციის შესაძლო უზუსტობას ეხება.
პასუხისმგებლიანი მედია ასეთ შემთხვევაში მყისიერად უნდა რეაგირებდეს, ასწორებდეს დაშვებულ უზუსტობას. განსახილველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ POSTV-მ ბურჭულაძის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, საბჭომ იმსჯელა ბურჭულაძის პრეტენზია რამდენად იყო ცნობილი ტელევიზიისთვის და დაირღვა თუ არა მე-5 პრინციპი.
საბჭო რამდენიმე გარემოებით დარწმუნდა, რომ განმცხადებლის კონკრეტული პრეტენზია გადაცემის წამყვანებმა იცოდნენ:
პირველი, POSTV-მ მიიღო და გაეცნო ქარტიის მიერ გადაგზავნილ პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რადგანაც წარმოადგინა შინაარსობრივი შეპასუხება განცხადებაში გამოთქმულ პრეტენზიებზე.
მეორე, იმავე საკითხზე (თაღლითად, მიმთვისებლად მოხსენიებაზე) პაატა
ბურჭულაძეს უკვე ჰქონდა გამოხატული სამართლებრივი პრეტენზიები,
სასამართლოში ჰქონდა სარჩელი შეტანილი, სადაც დავობდა, რომ მისი ამ
ეპითეტებით მოხსენიება იყო მცდარი და არაზუსტი. ამ სარჩელის ერთ-ერთი
მოპასუხე იყო შალვა რამიშვილი და მისთვის ცნობილი იყო ამ პრეტენზიების
შესახებ.
Აქედა გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მე-5 პრინციპიც.
Მე-11 პრინციპი. ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად, “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება;
ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
პლაგიატი.”
მეთერთმეტე პრინციპის ჭრილში პაატა ბურჭულაძეს პრეტენზია ჰქონდა, რომ POSTV-ს წამყვანები მის შესახებ ინფორმაციას განზრახ ამახინჯებდნენ და ეს არ იყო მხოლოდ უზუსტობა.
განმცხადებელი ამის მოტივად მის ოპოზიციურ პოლიტიკურ შეხედულებებს
ასახელებდა. ის განცხადებაში აღნიშნავდა, რომ POSTV-ს, როგორც
სამთავრობო ტელევიზიის, წამყვანები განზრახ ავრცელებდნენ მის შესახებ არაზუსტ
ინფორმაციას.
ფაქტის განზრახ დამახინჯება უმძიმესი პროფესიული დარღვევაა და ქარტიის საბჭო ამ პრინციპის დადგენისას ყოველთვის ზედმიწევნით ფრთხილია. საბჭოს მრავალწლიანმა პრაქტიკამ გამოკვეთა მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისთვის აუცილებელი თავისებურებები, მათ შორის, ორი პირობა სადავო მასალაში განხილვის დროსაც გამოვლინდა:
პირველი, ობიექტური გარემოებები იძლეოდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა - ამ გარემოებაზე მიუთითებს აღნიშნულ საკითხზე POSTV-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომლის განხილვის ფარგლებშიც გაირკვა, რომ პაატა ბურჭულაძის მიმართ არ იყო დადასტურებული თაღლითობის, მითვისება-გაფლანგვის ბრალდება. პროკურატურას მრავალწლიანი გამოძიების შემდეგაც არ ჰყავს გამოვლენილი ფონდ “იავნანას” საქმეში დაზარალებული და ბრალდებული, თუმცა POSTV მტკიცებით ფორმაში მოიხსენიებს მას “ობოლთა კუთნილი თანხების” მიმთვისებლად, თაღლითად.
მეორე, თუ მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს, ესეც შესაძლოა მიანიშნებდეს არაზუსტი ინფორმაციის განზრახ გავრცელებაზე. ქარტიის საბჭოს მოკვლევით, პაატა ბურჭულაძის შესახებ იდენტური შინაარსის არაზუსტი ინფორმაცია სულ მცირე სამჯერ გავრცელდა POSTV-ს სხვადასხვა დროს გასულ გადაცემაში. უფრო მეტიც, 2023 წლის 9 მაისს, იმავე გადაცემაში წამყვანმა დაანონსა, რომ “დღეიდან ჩვენ თითქმის ყოველდღე მოგახსენებთ პაატა ბურჭულაძის თაღლითობაზე”...
Აქედან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპი, ფაქტის განზრახ დამახინჯების ნაწილში.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
განმცხადებელი: ბექა ოდიშარია
მოპასუხე: ირაკლი ბახტაძე
დარღვეული პრინციპები: 1-ელი პრინციპი; მე-11 პრინციპი.
11 მაისი, 2024 წელი
საქმე N 751
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, გელა მთივლიშვილი, ირმა ზოიძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბექა ოდიშარიამ. განმცხადებელი
მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 6 აპრილს ტელეკომპანია “მთავარი არხის”
ეთერში გასულ სიუჟეტში, სახელწოდებით “ბექა ოდიშარიას ქონება”,
დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი და მე-11
პრინციპები.
მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი - ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში. სხდომას ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობა მიიღო განმცხადებლის მინდობილმა პირმა , მარიამ გამცემლიძემ, რომელმაც წარმოადგინა შესაბამისი მინდობილობა.
მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია. “მთავარი არხისგან” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მიიღო წერილი, რომლითაც ტელეკომპანია მას ატყობინებდა, რომ სხდომაში მონაწილეობას ვერ ახერხებდნენ, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ სადავო სიუჟეტში ეთიკის პრინციპები არ დაურღვევიათ.
სამოტივაციო ნაწილი
პირველი პრინციპი. ქარტიის 1-ელი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
Ბექა ოდიშიარია მიიჩნევს, რომ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ირაკლი
ბახტაძის, მიერ მის შესახებ მომზადებული სიუჟეტი - “ბექა ოდიშარიას
ქონება”, მრავალ უზუსტობას შეიცავს და ჟურნალისტმა არასწორად,
სათანადო გადამოწმების გარეშე გააშუქა მის მიერ შევსებულ ქონებრივ
დეკლარაციებში ასახული ინფორმაცია.
განმცხადებელი ასევე მიიჩნევს, რომ სიუჟეტის გზავნილი, რომ ბექა ოდიშარია მას შემდეგ კიდევ უფრო გამდიდრდა, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატი გახდა, არის მცდარი და არ ეფუძნება კონკრეტულ, სათანადოდ გადამოწმებულ მტკიცებულებებს.
განმცხადებელმა 1-ელი პრინციპის (სიზუსტის) ჭრილში სადავო გახადა სიუჟეტში მოყვანილი არაერთი ფრაგმენტი.
ვიდრე საბჭო კონკრეტულ ფრაგმენტებს შეაფასებს, უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტი სიუჟეტის დასაწყისში ამბობს, რომ “Შაბათის მთავარმა” დეპუტატის დეკლარაცია დეტალურად შეისწავლა და რჩება აღქმა, რომ სიუჟეტი მომზადებულია დეპუტატ ოდიშარიას ქონებრივ დეკლარაციებზე დაყრდნობით, რომლებიც საჯაროდაა გამოქვეყნებული.
Საბჭომ ქარტიის 1-ელი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია განმცხადებლის მიერ სადავოდ გამხდარ შემდეგ ეპიზოდებში:
ეპიზოდი
N1.
Სიუჟეტის დასაწყისში ჟურნალისტი ამბობს, რომ ოდიშარიას აქვს
ძვირადღირებული ავტომანქანები და აჩვენებს “ტოიოტას” ბრენდის
კონკრეტული მოდელის ავტომანქანის კადრებს. განმცხადებლის მითითებით,
ეს მოდელი არ ეკუთვნის დეპუტატს და უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე ბექა
ოდიშარიას საკუთრებაში
აქვს.
დეკლარაციის შესწავლით და საჯარო წყაროებში გადამოწმებით, ბექა ოდიშარიას აქვს 2022 წლის გამოშვება toyota land cruiser-ი, სიუჟეტში კი ნაჩვენებია ამ მოდელის ბოლო, 2024 წლის, გამოშვება. Სიუჟეტიდან არ მტკიცდება, რომ კადრებში ნაჩვენები კონკრეტული ავტომანქანა ეკუთვნის დეპუტატს, მას არ აქვს ქართული სარეგისტრაციო ნომრები და კადრები დიდი ალბათობით აღებულია ინტერნეტში გავრცელებული ამ მოდელის სარეკლამო ვიდეოდან. Საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში ჟურნალისტმა არ სცა პატივი აუდიტორიას, არ აჩვენა მეტი მცდელობა, რათა მაყურებელს მიეღო ინფორმაცია, მართლაც ავტომანქანის ეს მოდელი აქვს თუ არა საკუთრებაში დეპუტატს თუ უფრო ძველი. არის თუ არა ნაჩვენები ავტომობილი უფრო ძვირი ან იაფი, ეს ჟურნალისტს სიუჟეტში არ აუხსნია. აუდიტორიას შთაბეჭდილება დარჩა, რომ ოდიშარიას აქვს სიუჟეტში ნაჩვენები 2024 წლის მოდელი, რაც არ არის ქარტიის სტანდარტით გადამოწმებული ინფორმაცია. Სიუჟეტში არ ჩანს, რომ ჟურნალისტმა ბექა ოდიშარიას დაუსვა შეკითხვა ავტომანქანის შესახებ. Საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდში დაირღვა ქარტიის პირველი (სიზუსტის) პრინციპი.
ეპიზოდი N2. ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, რომ დეპუტატი ბექა ოდიშარია თბილისში თაბორის მთაზე მდებარე კორპუსში რამდენიმე ბინის მესაკუთრეა: “ეს საცხოვრებელი სახლი ოდიშარიას დეკლარაციაში არ წერია, 2023 წელს შევსებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ბექა ოდიშარიას ოჯახს თბილისში საცხოვრებელი არ აქვს”, - ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტში. საბჭოს მიერ ბექა ოდიშარიას ქონებრივი დეკლარაციების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ოდიშარიას დეკლარაციებში მითითებული აქვს, რომ თბილისში თაბორის მთაზე ფლობს 7 უძრავ ქონებას, მათ შორის, 3 ბინას და 4 არასაცხოვრებელ ფართს. აღნიშნული ინფორმაცია ჩანს სიუჟეტში გამოყენებულ გრაფიკულ კადრებშიც (2 წთ.-სა და 10 წმ.-ზე), სადაც ნაჩვენებია დეპუტატის დეკლარაციის ფრაგმენტი, რომელშიც იკითხება, რომ ამ დეკლარაციაში მითითებულია თბილისში, თაბორის მთაზე მდებარე რამდენიმე უძრავი ქონება. გამომდინარე აქედან, არაზუსტია სიუჟეტის მონაკვეთიც, სადაც ჟურნალისტი ამბობს, რომ “ეს საცხოვრებელი სახლი ოდიშარიას დეკლარაციაში არ წერია”.
ეპიზოდი N3. ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, რომ “დაბა ბაკურიანში ოდიშარიების ოჯახმა საცხოვრებელი სახლი 2016 წელს შეიძინა, თუმცა რა თანხა გადაიხადა 600 კვ.მ. მიწის ფართსა და 3 სართულიან სახლში, უცნობია”. განმცხადებლის თქმით, ფრაგმენტი არაზუსტია, ვინაიდან სიუჟეტში ნაჩვენები ეს უძრავი ქონება 2016 წელს არ შეუძენია, მას მეტი ხანია, 2010 წლიდან ფლობს. ბორჯომში აღნიშნული მახასიათებლების მქონე უძრავი ქონება ოდიშარიას მითითებული აქვს 2023 წელს წარდგენილ დეკლარაციაში, სადაც აღნიშნულია, რომ ის მის საკუთრებაშია 2010 წლიდან. საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, სიუჟეტში აღწერილი მონაცემების ნაკვეთი (ბაკურიანში, ცეკავშირის მიმდებარედ) ოდიშარიას სახელზე რეგისტრირებულია 2013 წელს, მანამდე, ვიდრე ის პარლამენტის წევრი გახდებოდა და არა 2016 წლიდან, როგორც ეს სიუჟეტშია ნათქვამი. საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდშიც დარღვეულია სიზუსტის პრინციპი.
ეპიზოდი N4. სიუჟეტის დასაწყისშივე, პირველივე წამებში, ჟურნალისტი ამბობს, რომ ბექა ოდიშარიას აქვს “მილიონებად შეფასებული ფერწერული ტილოები”. გაურკვეველია, რას ეყრდნობა ჟურნალისტი ოდიშარიას კუთვნილი ნახატების შეფასებისას, რადგანაც მოგვიანებით, იმავე სიუჟეტის 3 წთ.-სა, და 45 წმ.-ზე თავადვე ამბობს, რომ ოდიშარიას კუთვნილი ფერწერული ტილოების ჯამური ღირებულება 79 ათას ლარზე მეტია. განმცხადებლის წარმომადგენელმა საბჭოს განუცხადა, რომ დეკლარაციაში შეტანილი ტილოების ღირებულება მათი შეძენისას დაახლოებით 80 ათასი ლარი იყო, რაც დეკლარაციაში დააფიქსირეს. შეძენის შემდეგ აღარ შეუფასებიათ ნახატები და მათთვის არც ამჟამინდელი ფასია ცნობილი.
გაურკვეველია, რას ეყრდნობოდა ჟურნალისტი ამ ეპიზოდშიც. სიუჟეტში ამ ტილოების ზუსტი ფასის დადგენის რაიმე მცდელობა არ ჩანს. სიუჟეტიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტი ტილოებზე საუბრობს ოდიშარიას დეკლარაციაზე დაყრდნობით, თუმცა გაურკვეველია, საიდან მოიტანა ინფორმაცია ამ ტილოების მილიონებად შეფასების შესახებ. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდშიც დარღვეულია სიზუსტის პრინციპი.
ეპიზოდი N5. სიუჟეტის მიწურულს ჟურნალისტი აუდიტორიას ინფორმაციას აწვდის ბექა ოდიშარიას ბიზნესმენი ქვისლის კომპანიის სახელმწიფო ტენდერების შესახებ. “ერთ-ერთ ტენდერში ოდიშარიას ქვისლმა 22 მილიონი ლარი მიიღო”. განმცხადებლის თქმით, ეს ინფორმაცია მცდარია და ეს ჟურნალისტს უთხრა თავად ოდიშარიას ბიზნესმენმა ქვისლმა, როცა ის კომპანიაში ინტერვიუზე მივიდა, თუმცა ეს განმარტება სიუჟეტში არ არის. განმცხადებელმა საბჭოს წარმოუდგინა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახულია ჟურნალისტ ირაკლი ბახტაძის კომპანიაში მისვლის ფრაგმენტი. ამ ჩანაწერში ისმის, რომ ჟურნალისტი ეკითხება, დაასრულა თუ არა მისმა კომპანიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 22 მილიონიანი პროექტი და მიიღო თუ არა სახელმწიფოსგან 22 მილიონი. ოდიშარიას ქვისლი პასუხობს, რომ ჟურნალისტს აქვს არასწორი ინფორმაცია, რომ მის კომპანიას ჰქონდა საგარეჯოში 2 პროექტი, თუმცა მათი ჯამური ღირებულება იყო დაახლოებით 10 მილიონი და არა 22 მილიონი.
კომპანიის ხელმძღვანელის ეს პოზიცია სიუჟეტში არაა ასახული. ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ “ერთ-ერთ ტენდერში ოდიშარიას ქვისლმა 22 მილიონი ლარი მიიღო” და სიუჟეტში არ აქვს ნაჩვენები ამის მტკიცებულებები.
ჟურნალისტი ასევე საუბრობს ოდიშარიას ქვისლის კომპანიის მიერ, ბოლო წლებში, უკონკურენტოდ მოგებულ ტენდერებზე, თუმცა აუდიტორიას არ აჩვენებს ამის რაიმე მტკიცებულებას, წყაროს,მაშინ როდესაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემა (procurement.gov.ge) საჯაროდ ხელმისაწვდომია და ჟურნალისტს თავისუფლად შეეძლო ნებისმიერი ტენდერის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება. საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდშიც არ აქვს ჟურნალისტს სათანადოდ გადამოწმებული ინფორმაცია და დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებზე არ არის დეპუტატ ოდიშარიას პასუხები. ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, რომ “ოცნების დეპუატატი არ პასუხობს ჩვენს არცერთ შეკითხვას”. ამ ტექსტზე კადრებში ჩანს, რომ დეპუტატი ოდიშარია ჩადის პარლამენტის კიბეებზე და “მთავარი არხის” ჟურნალისტს ხმამაღალ ტონალობაში, უხეშად ესაუბრება.
ქარტიის საბჭოსთვის ცნობილია, რომ მედიის წაარმომადგენლების დიდ
ნაწილს ხშირად სერიოზული პრობლემები აქვს ინფორმაციის გადამოწმების
კუთხით, ვინაიდან მოხელეები, პოლიტიკოსები უარს ამბობენ მათთვის
ინტერვიუს მიცემაზე.
საბჭოსთვის ცნობილია, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის დეპუტატების გარკვეული ნაწილი არ თანამშრომლობს მედიის გარკვეულ ნაწილთან, უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, 2023 წლის მარტიდან შემოღებული წესები ზოგიერთ შემთხვევაში რეპრესიების საბაბი გახდა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც პარლამენტში ინფორმაციის გადასამოწმებლად მიდიან.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში პარლამენტი დარჩა თითქმის ერთადერთ ადგილად, სადაც საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან თავისუფლად მიახლოება და კითხვის დასმა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც სიღრმისეულ, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედია პროდუქტებს ქმნიან.
ყოველივე აღნიშნულის მიუხედავად, ეთიკური ჟურნალისტის მოვალეობაა
მიმართოს ყველა გზას ინფორმაციის გადასამოწმებლად, რადგანაც
ინფორმაციის სათანადოდ გადამოწმება პირველ რიგში საკუთარი აუდიტორიის
პატივისცემაა და არა მხოლოდ კრიტიკის ადრესატის პასუხის უფლება.
განსახილველ შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა, ჟურნალისტს მიემართა დამატებითი ხერხებისთვის, წერილობით ჩაებარებინა შეკითხვები დეპუტატის ბიუროსთვის, კითხვები გაეგზავნა პარლამენტარის ოფიციალურ ელფოსტაზე და ა.შ. ყველა ეს მცდელობა მას უნდა აესახა სიუჟეტში და ამით აჩვენებდა საკუთარ მაყურებელს, რომ ყველა გზით სცადა ინფორმაციის გადამოწმება.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სადავო სიუჟეტისა და შეკრებილი დოკუმენტური მასალების შესწავლის შედეგად, ქარტიის საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ სიუჟეტში “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ირაკლი ბახტაძის მხრიდან არაერთ ეპიზოდში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
პრინციპი 11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება;
ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
პლაგიატი.
მეთერთმეტე პრინციპის ჭრილში ბექა ოდიშარიას პრეტენზია ჰქონდა, რომ მის შესახებ ინფორმაცია განზრახ დაამახინჯეს და ეს არ იყო მხოლოდ უზუსტობა.
განმცხადებლის წარმომადგენელმა განხილვისას განაცხადა, რომ სიუჟეტიდან ჩანს, რომ ჟურნალისტს შესწავლილი აქვს ბექა ოდიშარიას ქონებრივი დეკლარაცია, აქვს სწორი ინფორმაცია, თუმცა წინასწარი განზრახვით ავრცელებს არაზუსტ ინფორმაციას.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ “მთავარი არხი” და ამ შემთხვევაში
ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე სუბიექტურად არის განწყობილი მის მიმართ და
ამ მოტივით ავრცელებს მის შესახებ არაზუსტ ინფორმაციას.
ამ მოსაზრების გასამყარებლად განმცხადებლის
წარმომადგენელმა
ქარტიის საბჭოს წარმოუდგინა “მთავარ არხზე” გასული 9 მასალა, სადაც
ბექა ოდიშარია, მისი თქმით, უარყოფითად იყო წარმოჩენილი და ამას
მიიჩნევდა ფაქტის წინასწარ განზრახვით დამახინჯების დამატებით
მტკიცებულებად, “მთავარი არხის” მიერ მის მიმართ ნეგატიური განწყობის
მტკიცებულებად.
ქარტიის საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის ამ პოზიციას. წარმოდგენილი მასალები ძირითად ეხება დეპუტატ ბექა ოდიშარიას პოლიტიკური გადაწყვეტილებების და განცხადებების კრიტიკას, მათ შორის, რამდენიმე მასალა აღწერს ოდიშარიას მიერ 2024 წლის 3 აპრილს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ქალი დეპუტატების მისამართით, დეპუტატის ეთიკისთვის შეუფერებელი ლექსიკით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას და ამ მიმართვაზე მწვავე გამოხმაურებებს. ამ თემის დეპუტატისთვის ნეგატიურ კონტექსტში გაშუქება ბუნებრივია და არ შეიძლება მივიჩნიოთ მე-11 პრინციპის, ფაქტის განზრახ დამახინჯების მოტივის მტკიცებულებად. ეს მასალები ვერ ადასტურებენ განსახილველ სიუჟეტში სიზუსტის პრინციპის განზრახ დარღვევას.
თუმცა ქარტიის პრაქტიკით, საბჭო ფაქტებს განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევს, როცა დგინდება ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე:
1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;
2. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;
3. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.
საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შედეგად, ქარტიის საბჭო
მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის
მე-11 პრინციპი ფაქტის განზრახ დამახინჯების ჭრილში.
საბჭო მიიჩნევს, რომ
საქმის ირგვლივ მოკვლეული ობიექტური გარემოებები იძლეოდა დასაბუთებულ
ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად
გაავრცელა; კერძოდ, საბჭო მოცემულობად
იღებს, რომ ჟურნალისტი საფუძვლიანად გაეცნო ბექა ოდიშარიას ქონებრივ
დეკლარაციას. “რა ქონებას ფლობს რუსული კანონის მხარდამჭერი ბექა
ოდიშარია, “შაბათის მთავარმა” მისი ქონებრივი დეკლარაცია დეტალურად
შეისწავლა,” - ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტში.
აქედან გამომდინარე, სიუჟეტში ზემოთ აღწერილი 5 ეპიზოდიდან, რომელშიც
საბჭომ სიზუსტის დარღვევა დაადგინა, პირველი 4 ეპიზოდის შესახებ ზუსტი
ინფორმაცია სწორედ ქონებრივ დეკლარაციაში იყო ასახული და ჟურნალისტს
ეს ინფორმაცია როგორც თავად ამბობს, შესწავლილი აქვს. ქარტიის
პრაქტიკით, ეს საკმარისი საფუძველია ფაქტი განზრახ დამახინჯებულად
მიიჩნიოს.
თუმცა, განზრახულობის ნაწილში ქარტიის საბჭო დამატებით ამახვილებს ყურადღებას სიუჟეტის საერთო შინაარსზე, მის აქცენტებზე.
სიუჟეტის დასაწყისში ჟურნალისტის ტექსტები მაყურებელს შთაბეჭდილებას უქმნის, რომ სიუჟეტი ეხება “ქართული ოცნების” დეპუტატის ბექა ოდიშარიას გამდიდრების ისტორიას. თავშივე კეთდება მინიშნებები დეპუტატის შესაძლო კორუმპირებულობაზე, იმაზე, რომ მისი ქონება დეპუტატობის პარალელურად იზრდება. ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს:
“ოცნების” დეპუტატი არ პასუხობს ჩვენს არცერთ შეკითხვას, თუ როგორ
მოახერხა “ქართული ოცნების” მართვის პერიოდში კიდევ უფრო მეტად
გამდიდრება”. მიუხედავად ასეთი აქცენტებისა, ჟურნალისტმა აუდიტორიას არ ან ვერ
წარუდგინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა,
რომ ბექა ოდიშარია მას შემდეგ კიდევ უფრო გამდიდრდა, რაც პარლამენტის
წევრი გახდა.
სიუჟეტშივე ნაჩვენები ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით ჩანს, რომ
ბექა ოდიშარიას ქონების აბსოლუტური უმეტესობა დეპუტატობამდე აქვს
შეძენილი, მათ შორის, სიუჟეტში ჩამოთვლილი უძრავი ქონება, სიუჟეტში
ნაჩვენები ფერწერული ტილოები, დეკლარაციების მიხედვით შეძენილია 2016
წლის ოქტომბრამდე, ოდიშარიას დეპუტატობამდე, და ყველა ამ ინფორმაციის
ამოკითხვა შესაძლებელია ოდიშარიას დეკლარაციებში.
ყოველივე ეს საბჭოს არწმუნებს, რომ ჟურნალისტმა ირაკლი ბახტაძემ
დეპუტატ ბექა ოდიშარიაზე არაზუსტი ფაქტები წინასწარგანზრახვით
გაავრცელა. ამის მოტივი იყო მისი, როგორც “ქართული ოცნების” დეპუტატის
მიმართ, წინასწარი, უარყოფითი განწყობა, რაც ჟურნალისტის კონკრეტულ
ფრაზებში და სიუჟეტის საერთო ხაზში, შეფუთვაში ნათლად ჩანს.
აქედან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპი, ფაქტის განზრახ დამახინჯების ნაწილში.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: